Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავისუფლების ინსტიტუტის შეხვედრა სახელმწიფო მინისტრთან


სოზარ სუბელიანი, თბილისი განათლების სისტემაში სერიოზული რეფორმების დაწყება, სამართალდამცავი სისტემის გარდაქმნა მისი ეფექტურობის გაზრდის მიზნით და სიტყვისა და პრესის თავისუფლების შესახებ კანონის მიღებაში მხარდაჭერა,

– ასეთი იყო ის უმთავრესი წინადადებები, რომელთა გატარებაში მხარდაჭერაც თავისუფლების ინსტიტუტის წევრებმა სახელმწიფო მინისტრთან 8 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე მოითხოვეს. ავთანდილ ჯორბენაძემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ სამივე საკითხი პირადად მისთვის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ამ საკითხებზე მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

ლობისტური საქმიანობა არასამთავრობო ორგანიზაციების მოღვაწეობის ბუნებრივი სფეროა, თუმცა, როცა საქმე დემოკრატიულ გარდაქმნებს შეეხება, ამგვარი საქმიანობა, უფრო ხშირად, ხელისუფლების მხრიდან გულუხვი დაპირებებით ამოიწურება, რაც, უმრავლეს შემთხვევაში, ერთობლივი კომისიების შექმნით მთავრდება ხოლმე. სახელმწიფო კანცელარიაში გამართული შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ ხმამაღლა განაცხადა, რომ სამივე საკითხი, რომელთა ლობირებაც თავისუფლების ინსტიტუტმა მოახდინა, მისთვის პრიორიტეტულია, განსაკუთრებით – სიტყვის თავისუფლება: [ავთანდილ ჯორბენაძის და ჟურნალისტის ხმა]
-
“ძალიან დიდი იმედი და სურვილი მაქვს, რომ ერთად ვითანამშრომლოთ და ერთად გადაწყვეტთ ამ პრობლემებს.”
-
“სამივე საკითხი თქვენთვის აბსოლუტურად მისაღებია?”
-
“მისაღებია, ერთ-ერთი მხარდამჭერი ვარ, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იქნება მხარდამჭერი. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ძალიან სწრაფად დასრულებს ის პროცესი, რომელიც ყველაზე უმთავრესთან, სიტყვის თავისუფლებასთან არის დაკავშირებული, პრესის თავისუფლებასთან გახლავთ დაკავშირებული… რომ განათლება ყველაზე დიდი პრიორიტეტია და მას შესაბამისი მოწყობა, შესაბამისი ინფრასტრუქტურა სჭირდება… რომ ადამიანის უფლების დაცვა ხელშეუხებელი, ხელშეუვალი უნდა იყოს ამ ქვეყანაში და ამისთვის შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადაიდგას…” [სტილი დაცულია]

ჯორბენაძე აცხადებს, რომ თავისუფლების ინსტიტუტი, ისევე, როგორც სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, მალე დარწმუნდებიან, რომ მისი წინადადებების მიმართ სკეპტიზიცმის საფუძველი არ არსებობს: [ავთანდილ ჯორბენაძის და ჟურნალისტის ხმა]
-
“ანუ, სკეპტიზიცმის უფლება თავისუფლების ინსტიტუტს აღარ ექნება?”
-
“აღარ ექნება, ნამდვილად, არა მხოლოდ ამ საკითხში, ბევრ სხვა საკითხში კიდევ…”[სტილი დაცულია]

თავისუფლების ინსტიტუტის წევრები უფრო თავშეკავებული განცხადებების გაკეთებას არჩევენ. ინსტიტუტის დირექტორი ლევან რამიშვილი აცხადებს. რომ მსგავსი შეხვედრები წლების განმავლობაში მრავალჯერ ყოფილა, მაგრამ ამ შეხვედრებს შედეგი იშვიათად მოჰყოლია. ამიტომ, ბუნებრივა, რომ ყოველი მსგავსი შეხვედრის შემდეგ ერთგვარი სკეპტიზიცმი იბადება, რაც სხვა დროსაც არაერთხელ გამოთქმულა: [ლევან რამიშვილის ხმა] “კიდევ ერთხელ სკეპსისის გამოხატვას ამ შემთხვევაში არ შევუდგები, უბრალოდ, ვიტყვი, რომ ჩვენ კონკრეტული წინადადებები გავაკეთეთ იმ რეფორმებთან დაკავშირებით, რაც გასატარებელია პრესასთან მიმართებაში, ასევე სამართალდამცავ და განათლების სისტემაში. ახლა ველით შემხვედრ ნაბიჯებს ხელისუფლებისგან. ხელისუფლება იმით განსხვავდება არასამთავრობო ორგანიზაციისგან, რომ მას მხოლოდ მოსაზრებები კი არა აქვს, არამედ ხალხი ხელისუფლებისგან კონკრეტულ გადაწყვეტილებებს და კონკრეტულ რეზულტატებს ელის. ასე რომ, ჩვენ ველით რეზულტატებს.” [სტილი დაცულია]

მის მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ ჟურნალისტებმა შეახსენებს სახელმწიფო მინიტრს, რომ სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ყველაზე ხმამაღლა სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირები ილაშქრებენ. ამ მხრივ გამონაკლისის არც მთავრობის ბოლო სხდომა წარმოადგენდა: [ავთანდილ ჯორბენაძის და ჟურნალისტის ხმა]
-
“ნებისმიერი ადამიანი, ვინც სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ილაშქრებს, პრობლემებს უქმნის საზოგადოების განვითარებას.”
-
“და როდესაც ეს ადამიანი არის სახელმწიფო მოხელე, როდესაც არის თქვენი კაბინეტის წევრი, მაშინ რა უნდა ვქნათ?”
-
“გავაგებინოთ ამ ადამიანს, რომ მისი ამ წესით მუშაობა, მისი დამოკიდებულება და მისი დაკავებული თანამდებობა ერთმანეთთან შეუთავსებელია. იმიტომ, რომ ამის გარეშე საზოგადოების განვითარება არ იქნება.”[ სტილი დაცულია]

სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრაზე კიდევ ერთი შეთანხმება იქნა მიღწეული: კვირას, 11 აგვისტოს, არასამთავრობო ორგანიზაციები შინაგან საქმეთა მინისტრსა და გენერალურ პროკურორს შეხვდებიან, რათა არასამთავრობო ორგანიზაციების წინასწარი დაკავების საკნების მონიტორინგის უფლება მიეცეთ.
XS
SM
MD
LG