Accessibility links

logo-print

უეთო ადასტურებს საქართველოს დაბომბვის ფაქტს


თამარ ჩიქოვანი, პრაღა რუსეთის მასმედიის ვარაუდით, პოლკოვნიკ იგორ ზაიცევის გატაცება პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებთან არის დაკავშირებული. არსებობს მოსაზრება,

რომ ჩეჩენი მებრძოლები აპირებდნენ რუსეთის არმიის გატაცებული პოლკოვნიკი დაპატიმრებულ ბოევიკებში გაეცვალათ. ასეთ შემთხვევაში გაუგებარია, რატომ მოკლეს მძევალი გატაცებისთანავე. საერთოდ კი, რუსეთ-საქართველოს ბოლო პერიოდის ურთიერთობაში ბევრი რამ არის გაუგებარი. მაგალითად, რატომ უარყოფს რუსეთი საქართველოს ტერიტორიის დაბომბვის ფაქტებს, რამაც ბოლო დღეებში ლამის რეგულარული ხასიათი მიიღო.

7 აგვისტოს ეუთოს დამკვირვებელთა მისიამ საქართველოში, რომელიც რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჩეჩნეთისა და ინგუშეთის მონაკვეთების მონიტორინგს აწარმოებს, დაადასტურა, რომ 2 აგვისტოს საქართველოს საზღვრისპირა ტერიტორია დაიბომბა. საქართველოში ეუთოს მისიის პრესმდივნის ფოლკერ იაკობის ინფორმაციით, 2 აგვისტოს ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ გააკეთა განცხადება, რომელშიც შეშფოთება გამოთქვა რუსეთ-საქართველოს გართულებულ ურთიერთობებთან და საქართველოს ტერიტორიის დაბომბვასთან დაკავშირებით. ფოლკერ იაკობის განმარტებით, საზღვრის მონიტორინგის განმახორციელებელი მეთვალყურეები სასაზღვრო რეჟიმის დარღვევის თაობაზე დაწვრილებით ინფორმაციას აწვდიან ვენის შტაბ-ბინას და ეუთოს ხელმძღვანელობა თავად წყვეტს, როგორ გამოეხმაუროს ამა თუ იმ ფაქტს.
შეგახსენებთ: აქამდე რუსეთის მხარე კატეგორიულად უარყოფს საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს სახელმწიფოს ტერიტორიის დაბომბვების შესახებ. ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიული ქმედებების თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ბრალდებებს რუსეთის მხარე სტანდარტული ხერხით პასუხობს, რომ რუსეთს საქართველოს საჰაერო სივრცე არ დაურღვევია.
სამაგიეროდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოპერატიულად გამოეხმაურა სოხუმის ხელისუფლების განცხადებას საქართველოს მიერ კოდორის ხეობაში ვითომდა დესანტის გადასხმის შესახებ. თვითმხილველებზე დაყრდნობით, აფხაზური მხარე აცხადებს, რომ ამერიკული "იროკეზები" ოფიციალურმა თბილისმა კოდორის ხეობის ზედა ნაწილში დესანტი გადასხა, რაც, უკვე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, არღვევს 1994 წლის ხელშეკრულებას, რომელიც აფხაზეთში ცეცხლის შეწყვეტის პირობებსა და მხარეთა დაშორიშორების პრობლემას ეხება.
8 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას ბრალი დასდო აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში ვითარების დაძაბვის მცდელობაში. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ბოლო დროს კვლავ გახშირდა მოწოდებები აფხაზეთის კონფლიქტის ძალისმიერი გზით მოგვარებისკენ, – ასე უნდა შეფასდეს აფხაზეთის დევნილობაში მყოფი უზენაესი საბჭოს განცხადებები აფხაზეთის ტერიტორიაზე პარტიზანული მოქმედებების განახლების შესახებ. ამის პარალელურად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გახშირდა პროვოკაციული გამოხტომები აფხაზეთის კონფლიქტის სამშვიდობო პროცესში საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის ასლან აბაშიძის მიმართ. " რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებულია, რომ ოფიციალური თბილისი არა მხოლოდ არ აპროტესტებს ასეთ მოწოდებებს, არამედ, პირიქით, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ძალადობის ესკალაციას მხარს უჭერს", – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. შესაბამისად, რუსეთის საგარეო უწყება თვლის, რომ საომარი რიტორიკა კიდევ უფრო გაართულებს აფხაზეთის კონფლიქტის სამშვიდობო მოლაპარაკებებს და, მთლიანობაში, შეაფერხებს რუსეთის მცდელობას, დაამყაროს პოლიტიკური დიალოგი სოხუმსა და თბილისს შორის.

აფხაზეთში ვითარება მართლაც რომ იძაბება, ამას არც საქართველოს მხარე უარყოფს. მეტიც, არაერთი პროგნოზით, გამორიცხული არ არის, კვლავ განმეორდეს 1998 წლის გალის მოვლენები, როცა გალის რაიონში დაბრუნებული მოსახლეობა ხელმეორედ გამოდევნეს საკუთარი სახლ-კარიდან.
XS
SM
MD
LG