Accessibility links

ქართული სავალუტო ბაზარი ევროს ჯერჯერობით არ ”სწყალობს”


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ერთიანი ევროპული ვალუტის – ევროს ბოლოდროინდელ მომძლავრებას და თავისი არსებობის ისტორიაში აშშ დოლართან პარიტეტის თავის სასარგებლოდ შეცვლას ქართული სავალუტო

ბაზარი მეტისმეტი სიმშვიდით შეხვდა. მოგითხრობთ ”ევროაჟიოტაჟის” და ქართული ეკონომიკის შესახებ.

დოლარის მომძლავრებული კონკურენტის, ახალბედა ევროვალუტის – ევროს სწრაფ აღზევებას ქართულ სავალუტო ბაზარზე რამიემენაირი დისონანსი არ შეუტანია.
შეგახსენებთ, რომ წლის დასაწყისიდან, როდესაც ევრო ნაღდი ფულის სახით შემოვიდა, მისი კურსის ზრდას მოუთმენლად ელოდნენ ევროს ზონაში შემავალი სახელმწიფოები. 2 იანვარს ერთიანი ევროპული ვალუტის კურსი აშშ-ს დოლართან მიმართებაში 90 ცენტი იყო. ეს ნიშნული დღემდე ითვლება ათვლის წერტილად და შესადარებელ ნიშნულად. იანვრის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში ევრო 86 ცენტამდე გაიაფდა, სწორედ ამ კურსიდან იწყება ევროს თანდათანობითი ”დამძიმება”. მარტში ევრო 88 ცენტამდე მაღლდება, ხოლო აპრილისათვის უკვე აჭარბებს ფსიქოლოგიურად ძალიან მნიშვნელოვან 90 ცენტიან ბარიერს. ამის შემდეგ ევროვალუტა სპრინტერულ სპრუტს ახორციელებს აშშ-ს დოლართან მიმართებაში და სულ უფრო უახლოვდება დოლარის პარიტეტს, რომელსაც ივლისის შუა რიცხვებში აღწევს, ხოლო 19 ივლისისათვის კი ისტორიულ ნიშნულზე გადის, – ამ დღეს ერთი ევრო უკვე 1,0208 დოლარი ღირს.

ამ ფაქტს ევროზონის ქვეყნები დიდი აღფრთოვანებით შეხვდნენ, ევრობანკი კი შედარებით თავშეკავებული იყო. ივლისის ბოლოს ევროგაერთიანების ცენტრალურ ბანკში მიიჩნიეს, რომ ევროპის ერთიანმა ვალუტამ გადააჭარბა ეფექტიანი ნომინალური კურსის ზღვარს და ამის გამო კურსის ზრდის მხარდაჭერა შეწყვიტეს, რასაც მოვლენების ლოგიკური განვითარება მოჰყვა: ევრო დოლართან ისევ პარიტეტის ქვემოთაა, თუმცა ახლაც აჭარბებს ეფექტიანი ნომინალური კურსის დონეს.

მსოფლიო სავალუტო ბაზრებზე განვითარებულ მოვლენებს საქართველო მხოლოდ მშვიდად ადევნებს თვალს და ქართული ეკონომიკური სუბიექტები ევროაჟიოტაჟით მხოლოდ ინფორმაციული თვალსაზრისით ინტერესდებიან.

საქართველოს ეკონომიკაში დოლარიზაციის მაჩვენებელი იმდენად მაღალია, რომ ევრომ ჩვენს ბაზარზე ჯერჯერობით ფეხის მოკიდება ვერ შეძლო. ევროთი მხოლოდ მივლინებაში, ან სასწავლებლად ევროპაში მიმავალი მოქალაქეები არიან დაინტერესებულნი და ისიც მცირე რაოდენობით. თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზეც, კომერციული ბანკების მხრიდან ევროზე რამდენიმე გარიგების გარდა, მოთხოვნა არ დაფიქსირებულა, რაც ამ ვალუტის მიმართ შედარებით ფრთხილი დამოკიდებულებით და მეტისმეტი დოლარიზაციითაა განპირობებული. ექსპერტთა გათვლებით, ევროს წილი სავალუტო ბაზარზე დაახლოებით 3 პროცენტია, რაც, ბუნებრივია, ჯერჯერობით ვერანაირ ამინდს ვერ შექმნის.
დღეისათვის ყველა მსხვილი სავაჭრო ოპერაცია ამერიკულ დოლარშია დაფიქსირებული. ”მწვნეებით” ახდენენ ანგარიშსწორებას ”კონსერვატორი” ექსპორტიორები და იმპორტიორები. დოლარი გამოიყენება ფულის დაგროვების საშუალებადაც. შესაბამისად, დოლარის ჰეგემონიას ქართულ სავალუტო ბაზარზე ევრო ჯერჯერობით ნიადაგს ვერ ურყევს.
XS
SM
MD
LG