Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელთა მაღალი რანგის პირები ვაშიგტონში სახელმწიფო მდივან პაუელს შეხვდნენ


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ხუთშაბათს, 8 აგვისტოს, ვაშინგტონში პალესტინელთა ადმინისტრაციის ოფიციალური წარმომადგენლები შეხვდნენ სახელმწიფო მდივან კოლინ პაუელსა და კონდოლეზა რაისს,

პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მრჩეველს ეროვნული უშიშროების საკითხებში. ეს არის ყველაზე მაღალი დონის შეხვედრები მას შემდეგ, რაც ბუშმა პალესტინელთა სახელმწიფოს შექმნის პირობად პალესტინელთა ლიდერის იასირ არაფატის გადაყენება დაასახელა.

შაბათს მოსალოდნელია შეხვედრა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს უფროს ჯორჯ ტენეტთან პალესტინელთა უშიშროების ძალების რეორგანიზაციის თაობაზე. ამან წარმოშვა იმედები, რომ ადმინისტრაცია ისრაელისგან მოითხოვს პალესტინელთა ტერიტორიებიდან ჯარების ეტაპობრივ გაყვანას.

შეხვედრის მონაწილემ, პალესტინელთა ახლადდანიშნულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა აბედ რაზაკ იეჰიემ თქვა, რომ პალესტინელთა უშიშროების ძალების რეორგანიზაცია შეუძლებელია, სანამ გრძელდება ისრაელის ოკუპაცია. ისრაელი არ აძლევს პალესტინელთა პოლიციელებს გადაადგილებისა და იარაღის ტარების ნებას.

არაფატის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების წარმოება, მაშინ როცა პრეზიდენტი ბუში მის გადაყენებას მოითხოვს, დიპლომატიურ უხერხულობას ქმნის .

არაფატის მიმართ ახალი მკაცრი პოლიტიკა გამომდინარებს თეთრი სახლის ანტიტერორისტული დოქტრინიდან, რომ მსოფლიო უნდა გაიწმინდოს ისეთი ლიდერებისგან, როგორიცაა არაფატი და ერაყის დიქტატორი სადამ ჰუსეინი. ვაშინგტონი მათ ტერორისტების მხარადაჭერაში ადანაშაულებს.

ტენეტისა და პაუელის ვიზიტი რეგიონში განუსაზღვრელი დროით გადაიდო, ნაწილობრივ იმის გამო, რომ იქ მათ შეიძლება არაფატთან შეხვედრა შესთავაზონ. ამ კვირაში გამართული შეხვედრები ცხადჰყოფს, რამდენაც კომიკურია არაფატთან კონტაქტების თავიდან აცილების მცდელობები.

პალესტინელთა სამშვიდობო მოლაპარაკებების გუნდის მეთაურმა, არაფატის დიდი ხნის მეგობარმა და მესაიდუმლემ, საებ ერექათმა პრესკონფერენციაზე თქვა: “რას ფიქრობთ, მე რა, მარსიდან ჩამოვედი? მე ვარ პრეზიდენტ არაფატის მმართველობის ნაწილიო.”

პაუელთან შეხვედრის შემდეგ კი ერექათმა უფრო დიპლომატიურ ტონს მიმართ და თქვა, რომ სახელმწიფო მდივანმა დაარწმუნა ის, რომ პრეზიდენტი კვლავაც უჭერს მხარს პალესტინელთა სახელმწიფოებრიობას. “ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ვიხილავთ გეგმას, დროის გრაფიკითა და განხორციელების მექანიზმითო”, თქვა მან.

ამასთან მან აღნიშნა, რომ ისრაელის ოკუპაცია გზას უხშობს პროგრესს. “ეს არის ისტორიაში უდიდესი ციხეო”, თქვა ერექათმა.

ადმინისტრაციაში არ არსებობს ერთიანი აზრი, როგორი ზეწოლა უნდა განახორციელოს ვაშინგტონმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ არიელ შარონზე, რათა მან გაიყვანოს ძალები და დაიწყოს პალესტინელებთან მოლაპარაკებები. ხუთშაბათს, შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა მკაცრად გააკრიტიკა პალესტინელთა ხელმძღვანელობა. ამასთან, მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირი და ღაზის სექტორი მან მოიხსენია როგორც “ე.წ. ოკუპირებული ტერიტორიები”, პალესტინელთა სახელმწიფოს შესახებ კი თქვა, “შეიქმნება გარკვეული სახის ადმინისტრაციული ერთეულებიო”.
XS
SM
MD
LG