Accessibility links

logo-print

ვაშინგტონის მზადება სადამ ჰუსეინის რეჟიმის დასამხობად და თურქეთის მძიმე არჩევანი


დღევანდელ გადაცემაში ვუბრუნდებით საერთაშორისო პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემას: შეერთებული შტატების მზადებას ერაყში სადამ ჰუსეინის რეჟიმის დასამხობად

და ამ კონტექსტში თურქეთის პოზიციაზე ვისაუბრებთ. ამ, ერაყის მოსაზღვრე ქვეყანაში დიდი ხანია, შეშფოთებას იწვევს რეგიონში ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციების განახლების პერსპექტივა. მაგრამ მეორე მხრივ, რაც უფრო ნათლად იკვეთება ვაშინგტონის გადაწყვეტილება, ხელისუფლებიდან სადამის ძალით ჩამოცილების საკითხში, ანკარაც სულ უფრო მზად ჩანს, მხარი დაუჭიროს ვაშინგტონის გეგმას.

ოფიციალურად თურქეთი კვლავინდებურად გადაჭრით ეწინააღდმეგება ერაყზე თავდასხმას. მაგრამ ზოგიერთი მინიშნების საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საბოლოოდ ანკარა მიემხრობა ოპერაციას სამხრეთელი მეზობლის წინააღმდეგ.

მაგალითად, სამიოდე დღის წინ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა შუქრუ სინა გურელმა იორდანიაში ვიზიტის დროს ასეთი წინადადება წარმოთქვა: ”თურქეთი არ მიემხრობა ერაყის წინააღმდეგ ოპერაციას, თუ ამ საკითხზე საერთაშორისო კონსენსუსი არ იარსებებსო”.

ამასობაში, ვაშინგტონში, როგორც ჩანს, გრძელდება სამხედრო ოპერაციისათვის მზადება. როგორც გაზეთი ”უოლ სტრიტ ჯორნალი” სამშაბათს იუწყებოდა, ახლო აღმოსავლეთსა და შუა აზიაში ამერიკული ჯარების სარდალმა, გენერალმა ტომი ფრენკსმა წინა დღით თეთრ სახლში წარადგინა ერაყში შეჭრის გეგმა: ეს გეგმა ოპერაციაში 80 000 სამხედრო მოსამსახურის ჩართვას ითვალისწინებს. გაზეთი ”ნიუ იორკ თაიმსი” კი ჯერ კიდევ გასულ თვეში იუწყებოდა, რომ პენტაგონი, რომელსაც რეგიონში უკვე 50 000 ჯარისკაცი ჰყავს, გეგმავს ერაყზე სახმელეთო იერიშს თურქეთიდან, იორდანიიდან და სპარსეთის ყურის ზოგიერთი ქვეყნიდან. ეს ცნობები დამოუკიდებელ წყაროებს არ დაუდასტურებიათ. მაგრამ ექსპერტების, მათ შორის ჩვენი თანამშრომლის, ჟან კრისტოფ პეკის ვარაუდით, რა გეგმაც უნდა აირჩიოს ვაშინგტონმა, ერთი რამ ცხადია: ამერიკელ სამხედროებს უთუოდ დასჭირდებათ თურქეთის ზოგიერთი სამხედრო ობიექტი, პირველ რიგში ინჯირლიკის საჰაერო ბაზა.

ამ ობიექტს ამერიკული და ბრიტანული სამხედრო თვითმფრინავები უკვე 10 წელზე მეტი ხანია იყენებენ ჩრდილოეთ ერაყში ფრენისათვის აკრძალულ ზონაში საგუშაგოდ და რეგიონში მცხოვრები დაახლოებით 3,5 მილიონი ქურთის დასაცავად. ქურთების საკითხს ქვემოთ დავუბრუნდებით. რაც შეეხება ისევ ვაშინგტონის გეგმებს, ის ცდილობს, მომავლისთვისაც გაინაღდოს თურქეთის სამხედრო თანადგომა (სხვათა შორის, თურქეთს ნატოში სიდიდით მეორე არმია ჰყავს). როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა, ფილიპ რიკერმა ორშაბათს განაცხადა:[ფილიპ რიკერის ხმა] ”თურქეთთან რეგულარულ მოლაპარაკებას ვაწარმოებთ. ჩვენი ნატოელი მოკავშირის, ჩვენი მეგობარი ქვეყნის ინტერესები ბუნებრივია, რომ უკავშირდება ერაყს, მეზობელ ქვეყანას. როგორც არაერთხელ გვითქვამს, ჩვენს შეშფოთებას იწვევს სადამ ჰუსეინის რეჟიმი და საფრთხე, რომელსაც ის უქმნის მთელს რეგიონს, განსაკუთრებით მეზობლებს”.

მაგრამ ვაშინგტონის არგუმენტი, რომ სადამის დამხობა თურქეთს სარგებელს მოუტანს, ანკარაში ეჭვს იწვევს და აი, რატომ: სპარსეთის ყურის ომმა და შემდგომ, ბაღდადის წინააღმდეგ გაეროს სანქციებმა თურქეთი თითქმის 45 მილიარდი დოლარით დააზარალა. და ახლა, როცა ერაყთან ეკონომიკური კავშირი ისევ გაუმჯობესდა, თურქეთი შიშობს, რომ სადამის წინააღმდეგ მორიგი სამხედრო ოპერაცია მორიგ ზარალს მოიტანს. და კიდევ ერთი ასპექტი: ანკარა შიშობს, რომ სადამის რეჟიმის დამხობის შემთხვევაში, მისი ნანგრევებიდან ქურთების დამოუკიდებელი სახელმწიფო აღმოცენდება. ეს კი წააქეზებს სეპარატისტულ მოძრაობას თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას, მოგეხსენებათ, ქურთები შეადგენენ.
XS
SM
MD
LG