Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში შიდა პოლიტიკური დაპირიპირება მწვავდება, აფხაზეთიდან დევნილები მასიური საპროტესტო გამოსვლებით იმუქრებიან


აფხაზეთის დევნილ ხელისუფლებასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობას შორის შეხლა-შემოხლა მწვავდება და სერიოზული პოლიტიკური დაპირისპირების იერს იღებს.

თბილისში და ზუგდიდში თამაზ ნადარეიშვილის მხარდასაჭერი გამოსვლები იმართება. აფხაზეიდან დევნილები, რომლებიც ნადარეიშვილის კურსს უჭერენ მხარს, აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგების პროცესში ასლან აბაშიძის, როგორც პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის როლს პრორუსულს უწოდებენ. დევნილები ხელისუფლებას აფხაზეთის პრობლემასთან მიმართებით ქმედითი პოლიტიკის გატარებას სთხოევნ.


9 აგვისტოს საქართველოში აფხაზეთიდან დევნილთა რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა. თბილისში, ყოფილი “იმელის” შენობის წინ შეკრებილმა აფხაზეთიდან დევნილებმაც და ზუგდიდის ცენტრში თავმოყრილმა დევნილებმაც
აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში ასლან აბაშიძის როლი დაგმეს, აფხაზეთის დევნილ ხელისუფლებას მხარდაჭერა გამოუცხადეს, საქართველოს ცენტრალურ ხელსუფლებას კი ულტიმატუმი წაუყენეს. აფხაზეთიდან დევნილების უტიმატუმის ვადა 15 დღეა. ამ თხუთმეტი დღის განმავლობაში ხელისუფლებას აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით ქმედითუნარიანი პოლიტიკის გამოკვეთა მოეთხოვება, მათ შორის – მოლაპარკებების პროცესში დევნილი ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლების აქტიური ჩართვაც. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში დევნილები მასობრივი საპროტესტო გამოსვლებით იმუქრებიან. მათ სჯერათ, რომ აფხაზეთის დაბრუნება სწორედ იმ გზით შეიძლება, რომლისკენაც თამაზ ნადარეიშვილი იხრება, – ეს ძალისმიერი გზაა და არ სჯერათ პოლიტიკის, რომელსაც აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგების პროცესში პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ასლან აბაშიძე ახმოვანებს.

დევნილები, ყოველშემთხევავში, დევნილთა ის ნაწილი, რომელსაც ნადარეიშვილის მომხრეები წარმოადგენენ, აბაშიძეს პრორუსულ პოლიტიკაში ადანაშაულებენ. მიიჩნევენ, რომ აჭარის ლიდერი მის ხელთ არსებულ ბერკეტებს საქართველოზე რუსეთის გავლენის გაძლიერებისთვის გამოიყენებს და არა აფხაზეთის პრობლემის მოგვარებისთვის. მოკლედ, დევნილები აფხაზეთის პრობლემის რუსული სცენარით გადაწყვეტის მცდელობას აპროტესტებენ და ამაში არც გაემტყუნებათ. რამდენიც არ უნდა ამტკიცოს ასლან აბაშიძემ, რომ აფხაზეთში დისლოცირებული რუსეთის სამშვიდობო ძალები კონფლიქტის მოგვარების პროცესში პოზიტიურ როლს ასრულებს, ფაქტები სულ სხვაზე მეტყველებს. აფხაზეთის პრობლემასთან მიმართებით რუსეთის ცნობილ დამოკიდებულებაზე მეტყველებს აფხაზეთში რუსეთის სამთავრობო დელეგაციის ჩასვლაც, რაც საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ ყოფილა. ამ ფაქტის გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საგარეო უწყებას საპროტესტო ნოტით მიმართა. თბილისი ოფიციალურ მოსკოვს საქართველოს უპატივცემულობაში სდებს ბრალს, აჭარის ლიდერი კი ამ და სხვა პრობლემებზე მეტად აფხაზეთის დევნილი ხელისუფლებზე ღელავს. აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დაშლის, პარტიზანული მოძრაობის აღკვეთისა და აფხაზეთისთვის ეკონომიკური სანქციების მოხსნის მოთხოვნები, მისი, როგორც აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგების პროცესში პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის მთავარი მოთხოვნებია.
ასლან აბაშიძე მოსკოვში ამ ცოტა ხნის წინ აწარმოებდა მოლაპარაკებებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან იგორ ივანოვთან და სამშვიდობო მოლაპარაკებებში პუტინის პირად წარმომადგენელთან ვალერი ლოშინინთან.
როგორც თბილისში აჭარის წარმომადგენლობაში განმარტავენ, იგორ ივანოვმა აბაშიძის წინადადებები გულთბილად მიიღო. აჭარის ლიდერი ამჟამად ევროპაში იმყოფება და გავრცელებული ხმები მისი მოსკოვში ყოფნის შესახებ სინამდვილეს არ შეეფერება.
XS
SM
MD
LG