Accessibility links

ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობისა და განვითარებისა სააგენტოსა და საქართველოს საერთაშორისო ნავთობის კორპორაციას შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულებები


საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ მაილსმა და საქართველოს საერთაშორისო ნავთობის კორპორაციის პრეზედენტმა გიორგი ჭანტურიამ 9 აგვისტოს ხელი მოაწერეს

ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობისა და განვითარების სააგენტოს საგრანტო ხელშეკრულებას მიწისქვეშა გაზის საცავის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის შესახებ, - გრანტის ღირებულება 683 000 ამერიკულ დოლარს შეადგენს. ამას გარდა, რიჩარდ მაილსმა და გიორგი ჭანტურიამ გააფორმეს ძველი საგრანტო ხელშეკრულების შესწორება, რომლის მიხედვითაც 270 000 დოლარის ოდენობის გრანტი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთი კავკასიის გაზსადენის პროექტებში საქართველოს საერთაშორისო ნავთობის კორპორაციის კონსულტანტის მომსახურების გაგრძელებაზე, გარემოს დაცვის დარგში დაიხარჯება.

შარშან შემოდგომაზე, ვაშინგტონში, პრეზიდენტ შევარდნაძესთან შეხვედრისას, ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობისა და განვითარების სააგენტოს დირექტორმა ტელმა ჯეი ასკეიმ კიდევ ერთხელ საჯაროდ განაცხადა, რომ შეერთებული შტატების ვაჭრობისა და განვითარების სააგენტო კვლავაც აქტიურად განაგრძობს კასპიის რეგიონის ქვეყნების დახმარებას, რაც უმეტესად კომერციულად მდგრადი და ეკოლოგიურად გამართლებული ენერგოპროექტების ფინანსურ მხარდაჭერაში გამოიხატება. ტელმა ჯეი ასკეიმ იგივე პოზიცია დააფიქსირა ამჯერად უკვე თბილისში, სადაც ვაჭრობისა და განვითარების სააგენტოს ორ ზემოთ ხსენებულ ენერგეტიკულ გრანტს მოეწერა ხელი. აქვე დავაზუსტებთ, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობისა და განვითარების სააგენტომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთი კავკასიის გაზსადენის პროექტების დასახმარებლად 5 მილიონი ამერიკული დოლარი გამოყო, რაც ელჩ მაილსის თქმით, მჭიდროდ უკავშირდება როგორც საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის, ისე თუნდაც ძალზე ყოფითი, ენერგეტიკული უზრუნველყოფის საკითხებს. კერძოდ, მიწისქვეშა გაზსაცავი, რომლის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლისათვის საქართველო 683 000 ამერიკული დოლარის ღირებულების გრანტს მიიღებს, ზამთრის სეზონზე გაზის მიწოდების პრობლემის მოსაგვარებელი სერიოზული საშუალება იქნება. საქართველოს საერთაშორისო ნავთობის კორპორაციის პრეზიდენტის, გიორგი ჭანტურიას განმარტებით, მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა ბაქო-თბილისი- ჯეიჰანის ნავთობსადენისა და ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის პროექტებით ხორციელდება. საორიენტაციოდ, უნდა აშენდეს 2,5 მილიარდი კუბური მეტრი მოცულობის ორი გაზსაცავი, - ერთი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან, მეორე კი დასავლეთ საქართველოში. გაზსაცავში დაგროვილი აირი გათვალისწინებული იქნება როგორც მაგისტრალური გაზსადენისათვის, ისე საქართველოს მოსახლეობის მომსახურებისთვის, რისთვისაც წლიურად მილიარდ სამასი ათასი კუბური მეტრი ბუნებრივი აირია საჭირო.
მთლიანობაში კი შეიძლება ითქვას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობისა და განვითარების სააგენტოს გრანტების ხელმოწერის ფაქტი ოციოდე დღით უსწრებს ისეთ ღირშესანიშნავ მოვლენას, როგორიც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის დაწყებაა. 1 აგვისტოს ლონდონში ნავთობსადენის ინვესტორთა საბჭომ ნავთობსადენის მშენებლობის სანქცირება მოახდინა - მშენებლობა 1 სექტემბერს უნდა დაიწყოს.
XS
SM
MD
LG