Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები: პუტინის დემოკრატიულობის ''ლაკმუსის ქაღალდი''


თამარ ჩიქოვანი, პრაღა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების კრიზისის ფონზე უაღრესად საინტერესოდ გამოიყურება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ფიგურა, რომლის მიმართ დასავლეთში ინტერესი ბოლო

წლების განმავლობაში არ შენელებულა. რამდენად შეეფერება რეალობას პრეზიდენტ პუტინის დეკლარირებული ერთგულება დასავლური ფასეულობებისადმი მის ქმედებებს – ამ თემას ეხება 9 აგვისტოს "Wall Street Journal"- ი პუბლიკაციაში: "საქართველო – მის გონებაში."

"ბოლო წლის განმავლობაში პრეზიდენტმა პუტინმა შესძლო რუსეთის საგარეო და სამხედრო პოლიტიკურ ისტებლიშმენტში ღრმად გამჯდარი რწმენის აღმოფხვრა, თუნდაც იმასთან დაკავშირებით, რომ ნატო რუსეთის მარადი მტერი არ არის. სამწუხაროდ, იგივეს თქმა არ შეიძლება კრემლის დამოკიდებულებაზე იმ მეზობელი სახელმწიფოების მიმართ, რომლებიც ადრე საბჭოთა კავშირში შედიოდნენ, რაც კარგად ჩანს საქართველოსთან გართულებული დამოკიდებულებით", – წერს "Wall Street Journall"-ი, რომლის აზრითაც, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში ბოლო დღეებში შექმნილი კრიზისის რუსეთისეული ხედვა, რომ თითქოს საქართველო ჩეჩენ ბოევიკებს მფარველობს, მაინცდამაინც დამაჯერებლად არ გამოიყურება. გაზეთი მკითხველს მოუთხრობს ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე, როცა რუსეთის ხელისუფლების მოთხოვნაზე საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებული 14 პიროვნების ექსტრადიციის შესახებ საქართველომ დაკავებულების ბრალეულობის დამადასტურებელი მასალის წარმოდგენა მოითხოვა. გაზეთის შენიშვნით, მართალია, მსოფლიოს ამ კუთხეში სამართლებრივი მოქმედებებისადმი მოწოდება ხშირად ობსტრუქციის ფორმას იღებს, მაგრამ საქართველოს რეაქცია ამჯერად სამართლიანია. წლიდან წლამდე რუსეთი საქართველოს ტერორისტების მფარველობაში ადანაშაულებს და, ბუნებრივია, საქართველო დაინტერესებულია, ბრალდებები საფუძვლიანი არ იყოს, რათა შემდგომ ეს საქართველოში სამხედრო ინტერვენციისთვის არ იქნას გამოყენებული.

რაც შეეხება საქართველოს დამოკიდებულებას ტერორიზმთან, გაზეთი შენიშნავს, რომ საქართველომ დახმარებისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებს მიმართა, რათა ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ მომზადებული სამხედროების დახმარებით წესრიგი დაამყაროს პანკისის ხეობაში. გასულ კვირას კი საქართველომ ამერიკას ქვეყნის ტერიტორიაზე ანტიტერორისტული მისიის ხელმძღვანელობა შესთავაზა.
პრეზიდენტ შევარდნაძის ენთუზიაზმის გათვალისწინებით – მან ცალსახად დაუჭირა მხარი ანტიტერორისტულ ოპერაციას ავღანეთში, – ნათელი ხდება, რომ ბოლო კრიზისი სულაც არ არის გამოწვეული ტერორიზმთან ბრძოლის პრობლემით. მეტწილად ეს რუსეთის ძველი სურვილის შესრულების მცდელობაა, რაც დასავლეთისკენ შემობრუნებულ ყოფილ სატელიტებზე გავლენის დაბრუნებაში გამოიხატება, – წერს ”Wall Street Journall”-ი, რომელიც თვლის, რომ კრემლი ვერ ელევა სტალინის სამშობლოს. რუსეთი ჯერ კიდევ ინარჩუნებს სამხედრო ბაზებს საქართველოში და მტკივნეულად რეაგირებს საერთაშორისო ზეწოლაზე სამხედრო ბაზების გაყვანის თვალსაზრისით.
საბოლოოდ კი გაზეთი დაასკვნის, რომ პრობლემა რუსეთის მსოფლმხედველობაშია. ის ჯერ კიდევ ოცნებობს ყოფილ საბჭოთა სისტემაზე და საქართველოს თავის სატელიტად აღიქვამს. რუსეთის საომარი განწყობის გათვალისწინებით, რაც ჩეჩნეთის მაგალითითაც კარგად ჩანს, ქართველების აღელვება ბოლოდროინდელი მოვლენებით გასაგები ხდება.


"Wall Street Journall"-ის თქმით, მართალია, რუსეთმა ბოლო წლის მანძილზე დიდი ნაბიჯი გადადგა საგარეო პოლიტიკაში – დაამყარა თბილი ურთიერთობები ამერიკასთან და ნატოსთან, საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლით ეკონომიკური წინსვლის კარგი პოტენცია შექმნა, – მაგრამ დასავლეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებასთან ერთად, მან უნდა გადახედოს დამოკიდებულებას ყოფილ სამჭოთა რესპუბლიკებთან. თუ არადა, ბუშის ადმინისტრტაციას მოუწევს თავისი მეგობრული კავშირების გამოყენება, რათა კრემლისთვის ნათელი გახდეს, რომ ახალი რუსეთი ვერ შესძლებს დამოუკიდებელი ქვეყნის ძალით მიერთებას.
XS
SM
MD
LG