Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად შეძლებს ვაშინგტონი ანტიერაყული კოალიციის შექმნას?


ანდრო ეული, პრაღა თეთრი სახლის ადმინისტრაცია საჯაროდ აცხადებს, რომ ერაყის პრეზიდენტის სადამ ჰუსეინის დამხობა აქვს განზრახული და რომ ამ მიზნის მისაღწევად მზად არის, ომი დაიწყოს ერაყის წინააღმდეგ.

ამასთან დაკავშირებით ვაშინგტონში მიმდინარე მოლაპარაკებები სულ უფრო ინტენსიურ ხასიათს იძენს. შეერთებული შტატების ევროპელი მოკავშირეები და ცალკეული არაბული ქვეყნები აცხადებენ, რომ გაეროს თანხმობის გარეშე მხარს არ დაუჭერენ სამხედრო ოპერაციას ერაყის წინააღმდეგ.

სპარსეთის ყურის ომისგან განსხვავებით, როცა შეერთებული შტატების მაშინდელმა პრეზიდენტმა, უფროსმა ჯორჯ ბუშმა შეძლო ერაყის წინააღმდეგ მრავალეროვანი კოალიციის შექმნა, რომელშიც ამერიკის ევროპელ მოკავშირეებთან ერთად წამყვანი არაბული ქვეყნებიც შედიოდნენ, ვაშინგტონის რამდენიმე ევროპელი და არაბი მოკავშირე დღეს უარყოფს ერაყზე თავდასხმის იდეას, მით უმეტეს, თუ გაეროს უშიშროების საბჭომ სათანადო რეზოლუცია არ მიიღო.

გაეროს რეზოლუცია, რომელიც შეერთებულ შტატებს 12 წლის წინათ ანტიერაყული კოალიციის შექმნაში დაეხმარა, ქუვეითიდან ერაყის შეიარაღებული ძალების გაძევების მიზნით სპარსეთის ყურის რეგიონში ომის დაწყებას ითვალისწინებდა. და ომის დამთავრების შემდეგ ვაშინგტონმა სწორედ მანდატის ამ შეზღუდვით ახსნა, თუ რატომ არ დაამხო 10 წლის წინათ სადამ ჰუსეინი.

ორშაბათს გერმანიის კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა, თავისი სოციალ-დემოკრატიული პარტიის კამპანია წამოიწყო მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და ერაყთან მიმართებაში ვაშინგტონს გაემიჯნა: [გერჰარდ შრიოდერის ხმა] ”ზეწოლა სადამ ჰუსეინზე? კი ბატონო! ჩვენ უნდა შევძლოთ განიარაღების ექსპერტთა გაგზავნა ერაყში. მაგრამ მე ომობანას თამაშისა და შეიარაღებული ინტერვენციის წინააღმდეგი ვარ. ჩვენ არ გავხდებით, ქალბატონებო და ბატონებო, ამის თანამონაწილენი!”

საფრანგეთმა და რუსეთმა ასევე გამოაცხადეს, რომ არ მიემხრობიან შეერთებულ შტატებს სადამ ჰუსეინის დამხობის მცდელობაში, თუ გაერომ სათანადო რეზოლუცია არ მიიღო.

ბრიტანეთში, სადაც პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი ერაყის წინააღმდეგ სამხედრო აქციის აშკარა მომხრედ ითვლება, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ ცხადყო, რომ ამომრჩეველთა ნახევარი ხსენებული იდეის წინააღმდეგია. ხოლო ბრიტანეთის პარლამენტის წევრები ამ საკითხის საჯარო განხილვას მოითხოვენ, ვიდრე ტონი ბლერი ერაყში ჯარს გაგზავნიდეს.

ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის შემსწავლელი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე პატრიკ კლოუსონი იმ ექსპერტთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა აზრითაც საფრანგეთი, რუსეთი და გერმანია უმალ შეიცვლიან პოზიციას, როგორც კი გაირკვევა, რომ შეერთებულმა შტატებმა საბოლოოდ გადაწყვიტა სადამ ჰუსეინის დამხობა; და აღარავინ იკითხავს, მიიღო თუ არა გაერომ შესაბამისი რეზოლუცია.

პატრიკ კლოუსონის ვარაუდით, გერმანიის მხარდაჭერა მოსალოდნელია სექტემბრისთვის, როცა ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები დამთავრდება. კლოუსონი აღნიშნავს ამასთანავე, რომ რუსეთისა და საფრანგეთის ნავთობკომპანიები, რომლებსაც ერაყთან სარფიანი კონტრაქტები აქვთ გაფორმებული, უკვე მოუწოდებენ თავიანთ მთავრობებს – არ დაუპირისპირდნენ შეერთებულ შტატებს, ვინაიდან თუ ერაყში მთავრობა შეიცვალა, ხსენებულ კომპანიებს დადებული კონტრაქტები გაუუქმდებათ.

მოსალოდნელი ომისადმი ოპოზიცია ყველაზე ძლიერია ახლო აღმოსავლეთში, სადაც შეერთებულ შტატებს ერაყის უშუალო მეზობლების მხარდაჭერა ესაჭიროება. ახლახან, ვაშინგტონში სტუმრობისას, იორდანიის მეფე აბდულამ განაცხადა, რომ, ისრაელსა და პალესტინელებს შორის ამჟამინდელი დაძაბულობის გათვალისწინებით, ერაყზე თავდასხმა ”უზარმაზარი შეცდომა” იქნებოდა. მეფე აბდულამ გამორიცხა შესაძლებლობა, რომ ამერიკის ჯარმა ერაყზე თავდასხმა იორდანიის ტერიტორიიდან განახორციელოს.

საუდის არაბეთმა, რომელიც ვაშინგტონის ყველაზე მნიშვნელოვან მოკავშირედ ითვლება სპარსეთის ყურის რეგიონში მას შემდეგ, რაც ერაყმა შეიარაღებული აგრესია განახორციელა მეზობელ ქუვეითში 12 წლის წინათ, ასევე გამორიცხა შესაძლებლობა, რომ ერაყზე თავდასხმა მისი ტერიტორიიდან განხორციელდეს. სხვა არაბი ლიდერები შიშობენ, რომ თუ ერაყის წინააღმდეგ ომი დაიწყო, მათს ქვეყნებში ვითარების დესტაბილიზაცია მოხდება.

ჩვენი რადიოსთვის მოცემულ ინტერვიუში, პატრიკ კლოუსონმა განაცხადა, რომ უწინარესად გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესებით, და არა ისრაელ-პალესტინელთა დაპირისპირებით უნდა აიხსნას ის ფაქტი, თუ რატომ გაემიჯნა საუდის არაბეთი ვაშინგტონს ერაყის წინააღმდეგ მოსალოდნელ თავდასხმაში.

როგორც პატრიკ კლოუსონი აღნიშნავს, სადამ ჰუსეინის დამხობის შემდეგ, პროდასავლური მთავრობა ბაღდადში, საერთაშორისო ნავთობკომპანიებს მიიზიდავს უმალვე ერაყში კაპიტალის უხვად დასაბანდებლად. ეს კი, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად შეასუსტებს იმ ხელმძღვანელ პოზიციას, საუდის არაბეთს რომ უკავია ნავთობის მსოფლიო ბაზარზე განვლილი ათწლეულის მანძილზე.
XS
SM
MD
LG