Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობა ივლისის თვის ბიუჯეტის შეასრულებით თავს იწონებს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასული კვირის მთავარი ეკონომიკური მოულოდნელობა ისევ და ისევ სახელმწიფო ბიუჯეტთან იყო დაკავშირებული, თუმცა ამჯერად სასიამოვნო მოულოდნელობასთან გვქონდა საქმე,

– ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლების ოფიციალური ინფორმაცია ამგვარია.

ოთხშაბათის მთავრობის სხდომაზე ფინანსთა მინისტრი ივლისის თვის შედეგებით უჩვეულოდ წელგამართული წარდგა. საქართველოს ბოლო წლების ისტორიაში ძნელად თუ გაიხსენებთ შემთხვევას, როდესაც ფინანსთა მინისტრი ხელისუფლებას საბიუჯეტო პარამეტრების 108 პროცენტით შესრულებას უპატაკებდა. წინა წლებში, ცალკეულ თვეებში, საფინანსო უწყება იშვიათად, მაგრამ სხვადასხვა მანქანებით ხანდახან მაინც ახერხებდა გეგმის მცირედ გადაჭარბებას, თუმცა ეს მაჩვენებელი 108 პროცენტზე არასდროს ასულა.

მირიან გოგიაშვილის ინფორმაციით, ივლისში გეგმით გათვალისწინებული 79,1 მილიონის ნაცვლად სახელმწიფო ბიუჯეტმა 85,5 მილიონი ლარი მიითვალა. თანაც ამ თანხებში არ შედის აჭარიდან გადმოსარიცხი საბიუჯეტო მოსაკრებლები, რომელსაც ცენტრი უკვე მერამდენე თვეა ვერ იღებს და თუ ბათუმსა და თბილისს შორის გამწვავებულ ურთიერთობებს გავითვალისწინებთ, ჯერჯერობით მიღების პერსპექტივაც არ ჩანს.

მირიან გოგიაშვილმა თავისი პატაკით პრეზიდენტს ლამის აპლოდისმენტები მოსწყვიტა. შევარდნაძე საფინანსო უწყების ძალისხმევით მეტისმეტად ნასიამოვნები დარჩა და ისიც აღნიშნა, რომ ივლისი, ტრადიციულად, მძიმე თვედ ითვლება საბიუჯეტო გეგმის შესრულების თვალსაზრისით და გოგიაშვილს პარამეტრების გადაჭარბების პრაქტიკის დანერგვისაკენ მოუწოდა.

რამდენ ხანს გაგრძელდება ბიუჯეტის შესრულებით გამოწვეული საზეიმო ჟრიამული, უცნობია, მაგრამ როდესაც მთავრობა თავის პირდაპირ მოვალეობას ასრულებს, ანუ კანონს იცავს, ეს მქუხარე ტაშის საბაბი ნამდვილად არ არის, თუმცა ხელისუფლების მხრიდან კანონის დაცვა და ვალდებულებების შესრულება ისეთ გამონაკლისად გვექცა, რომ ივლისის პარამეტრების გადაჭარბების პრეცედენტი მართლაც გულწრფელად სასიხარულოა.

ბიუჯეტის შესრულებას საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის აღდგენამ შეუწყო ხელი. ივლისში ფონდის მხრიდან 30 მილიონი აშშ დოლარის გადმორიცხვას ლოგიკურად მოჰყვა სხვა დონორების მხარდაჭერა და განვლილ თვეში ბიუჯეტმა გრანტებით გათვალისწინებული 8 მილიონის ნაცვლად 12 მილიონი მიიღო. სწორედ ამ ”ნამატი” მილიონების ხარჯზე გახდა შესაძლებელი სახელმწიფო ბიუჯეტის 8 პროცენტით გადაჭარბება. თუმცა საგადასახადო სამსახურებს ნურც თავისი ”გარჯით” ამოღებულ ზედმეტ 2 მილიონ ლარს დავუკარგავთ. საქართველოში რომ საგადასახადო ბაზის რეზერვი არსებობს, ამას არც ხელისუფლება მალავს, მაგრამ კაბალური საგადასახადო კანონმდებლობის, კორუფციის ზღვარგადასული დონის და უსუსური ადმინისტრირების გამო ამ რეზერვის გამოყენება ვერ, ან არ ხერხდება. ფინანსთა მინისტრი ივლისის წარმატების ერთ-ერთ მიზეზად ნავთობის იმპორტზე აღრიცხვის გამკაცრებასაც ასახელებს. ივლისში, ოფიციალური მონაცემებით, 34 ათასი ტონა ნავთობპროდუქტი განბაჟდა, რაც რეკორდული მონაცემია ბოლო წლების განმავლობაში. სხვათა შორის, საფინანსო უწყება ამ მიმართულებით ახალი წესების შემოღებას აპირებს და ნავთობის კონტრაბანდისათვის სერიოზული დარტყმის მიყენებასაც ვარაუდობს. 5 სექტემბრიდან ძალაში შევა ფინანსთა მინისტრის ბრძანება, რომლის სათაურიც შემდეგნაირად ჟღერს: ”ნედლი ნავთობისა და მასის გადამუშავებით მიღებული საქონლის, მისართების, გამხსნელების, ნახშირწყალბადების, თხევადი გაზის და საპოხი საშუალებების აღრიცხვის ინსტრუქციის თაობაზე”. ამ ინსტრუქციის თანხმად, 5 სექტემბრიდან ნავთობროდუქტების იმპორტიორებმა საბაჟოში წინასწარი განაცხადი უნდა გააკეთონ. იმპორტიორები საბაჟოში სპეციალურ დეკლარაციას აიღებენ. აქვე უნდა წარადგინონ საქონლის რაოდენობის, სახეობის, ხარისხის და წინასწარი საბაჟო ღირებულების განსაზღვრისათვის საჭირო დოკუმენტები. ფინანსთა სამინისტროში ვარაუდობენ, რომ ახალი წესებით კონტრაბანდას ამ სფეროში მნიშვნელოვნად შეამცირებენ. ენერგოშემცველები, ტრადიციულად, ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ წყაროს წარმოადგენს, თუმცა საქართველოში ეს ბიზნესი თითქმის მთლიანად ჩრდილში არის მოქცეული და მისი ოფიციალური აღრიცხვა, ფაქტობრივად, ვერ ხერხდება. თუ ფინანსთა სამინისტროს ახალი წესებით კონტრაბანდის მინიმუმამდე დაყვანა მოხდება, ბუნებრივია, ეს დამატებითი სერიოზული შემოსავლების მომასწავებელია, მაგრამ კონტრაბანდისტების გამომგონებლობის უნარის და ქართველი ნავთობმაგნატების მფარველების გათვალისწინებით, გადაჭარბებული ოპტიმიზმი ამ კუთხით ექსპერტებში მაინცდამაინც არ შეიმჩნევა.

ივლისის წარმატებით გულდაიმედებული ფინანსთა მინისტრი საბაჟო დეპარტამენტში რეფორმის გატარებას ფორსირებული ტემპით ცდილობს და ამ სტრუქტურაში რეორგანიზაციას აპირებს, რომლის დასრულებას 10 სექტემბერს ვარაუდობს. ერთი თვის წინ წარდგენილი პროექტის თანახმად, საქართველოს საბაჟო სივრცე რეგიონალური პრინციპით დაიყოფა და აღმოსავლეთის, დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის რეგიონალური სამსახურები ჩამოყალიბდება, რომელთა ხელმძღვანელთა ვინაობაც, სავარაუდოდ, 10 სექტემბრამდე უნდა გაირკვეს. ამის გარდა, შეიქმნება რკინიგზის და ენერგეტიკის საბაჟოები და აფხაზეთისა და აჭარის რეგიონალური სამმართველოები.

რეფორმირებულ საბაჟოზე თანამშრომლებისათვის ტესტირების პროცესი ჩატარდება, რომელიც, სავარაუდოდ, იანვრამდე გასტანს. ამის შემდეგ, გოგიაშვილის განცხადებით, საბაჟოზე დასაქმებული 1200 თანამშრომლიდან შესაძლოა 1000 დარჩეს.

გოგიაშვილი საბაჟოს რეფორმირებით არ კმაყოფილდება და საგადასახადო პოლიციის შექმნის ინიციატივითაც გამოდის. ოპერატიული მოკვლევის ფუნქციებით აღჭურვილი სტრუქტურის შექმნის იდეა არ ახალია ქართველი ფისკალებისათვის, თუმცა ამ იდეამ, საბედნიეროდ, რეალიზება ვერ ჰპოვა. იმედია, ფინანსთა მინისტრის ამჟამინდელი სწრაფვა მორიგი პარალელური ძალოვანი უწყების შექმნისაკენ არ გამოდგება სიცოცხლისუნარიანი, რადგან ისედაც მრავალრიცხოვანი მაკონტროლებლების არსებობის პირობებში, საგადასახადოს მსგავსი ფუნქციებით აღჭურვა ქართულ რეალობაში მეტისმეტად სახიფათო წამოწყება გახლავთ. ამასთან, სხვადასხვა დონის და სხვადასხვა პერიოდების ბევრი რეფორმა და ტესტირების რეკლამირებული პროცედურებიც უხვად გვახსოვს, რომელთა ეფექტიანობა, სამწუხაროდ, არავის უგრძნია.
XS
SM
MD
LG