Accessibility links

logo-print

სახალხო დამცველის რწმუნებული ცირა თელოიანი თავისი უფლებების დაცვას ითხოვს


სოზარ სუბელიანი, თბილისი მიმდინარე წლის 12 მარტს გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო გლდანის რაიონში მცხოვრები ავთანდილ მეშველიანი და მას 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

განაჩენის მიზეზი გახდა 2000 წლის 12 აგვისტოს მომხდარი კონფლიქტი, როდესაც მეშველიანმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სახალხო დამცველის რწმუნებულს ცირა თელოიანს. განაჩენი ჯერ კანონიერ ძალაში არ შესულა, რადგან იგი გასაჩივრებულია და მისი განხილვა საოლქო სასამართლოში, სავარაუდოდ, შემოდგომაზე უნდა გაიმართოს. ოღონდ, სანამ სასამართლო გაიმართება, მეშველიანის ადვოკატმა, არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42 მუხლის” წევრმა ლევან მარტიაშვილმა გამართა პრესკონფენცია, სადაც სახალხო დამცველის აპარატი გამოძიებასა და სასამართლოზე ზეწოლაში დაადანაშაულა.

სასამართლომ, გარდა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთისა, მეშველიანს ცირა თელოიანის სასარგებლოდ 2000 ლარის გადახდაც მიუსაჯა: 1000 ლარი დაზარალებულისთვის მიყენებული მორალური, 1000 ლარი კი მატერიალური ზარალის ასანაზღაურებლად.

ცირა - იგივე რეგინა - თელოიანის აღშფოთება განსასჯელის ადვოკატის განცხადებამ გამოიწვია, თითქოს სახალხო დამცველის აპარატი და თავად სახალხო დამცველი ზეწოლას ახორციელებენ გამოძიებასა და სასამართლოზე. თუმცა, სანამ უშუალოდ ამ თემაზე გადავალთ, მანამ ორიოდე სიტყვა იმის შესახებ, თუ რა მოხდა 2000 წლის 12 ოქტომბერს, როცა ეს ისტორია დაიწყო.

საბრალდებო დასკვნის თანახმად, 2000 წლის 12 ოქტომბერს, დაახლოებით ღამის პირველ საათზე, ცირა თელოიანი თავის ქალიშვილთან და ორ მეზობელთან ერთად ჩამოდიოდა კიბეზე, რადგან სადარბაზოდან საეჭვო ხმაური შემოესმა. მათ დანახვაზე ამავე სადარბაზოში მცხოვრებმა ავთანდილ მეშველიანმა სრულიად უსაფუძვლოდ დაუწყო ლანძღვა-გინება ცირა თელოიანს, მეორე დღეს კი, როდესაც თელოიანმა ამის გამო საყვედური უთხრა მეზობელს, ამ უკანასკნელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა აღარ იკმარა და ცემაზე გადავიდა. განაჩენის თანახმად, მეშველიანმა თელოიანს მიაყენა “სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისთვის არ არის საშიში, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან. ამასთან, მანვე ჩაიდინა ხულიგნობა, ე.ი. ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადამი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული გამოიხატა იმით, რომ მეშველიანმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ცირა თელოიანს, ცემა იგი, მიაყენა მას სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება, რა დროსაც შეიკრიბნენ მეზობლები, დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი, მიუხედავად მეზობლების მცდელობისა, ისინი ვერ ახერხებდნენ მეშველიანის დაწყნარებას.”

სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნია ის ფაქტი, რომ მეშველიანი არ აღიარებს და არ ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, პირიქით, შეურაცხყოფას აბრალებს მეზობელს. ამასთან, მას ჩადენილი აქვს ორი განზრახ დანაშაული და არა აქვს ანაზღაურებული დაზარალებულისთვის მიყენებული მატერიალური ზარალი.

სასამართლომ შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნია ის ფაქტი, რომ მეშველიანი პირველად არის სამართალში, თავის კმაყოფაზე ჰყავს ცოლ-შვილი და ხასიათდება დადებითად.

ცირა თელოიანი აცხადებს, რომ ძიებასა და სასამართლოზე არათუ რაიმე ზეწოლა არ მომხდარა, პირიქით, მან თავი შეიკავა ამ ფაქტის გახმაურებისგან, ხოლო თელოიანის ადვოკატის, თეა ნადარაიას თქმით, მეშველიანი თვითონ ახდენდა ზეწოლას მოწმეებზე, რაც თუნდაც იქიდან ჩანს, რომ არც ერთი მოწმე პროცესზე ნებაყოფლობით არ ცხადდებოდა: [თეა ნადარაიას ხმა] “თვითონ მეშველიანი არის ისეთი ტიპაჟი, რომ პროცესზე მე მემუქრებოდა და წარმოდგენილი მაქვს, მოწმეს, თავის მეზობელს, რას გაუკეთებდა. დავაყენეთ შუამდგომლობა მათი იძულებით წარმოდგენის შესახებ, რომელზეც გამოიტანა მოსამართლემ დადგენილება და მოწმეები წარმოადგინეს იძულებითი სახით. ამის შემდეგ იქ დაფიქსირდა ზუსტად, როგორ იყო, რა იყო, მოწმეებს თვითონ პროცესზეც აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. მოსამართლემ გამოიტანა საკმაოდ კანონიერი განაჩენი, საქმეში მოიპოვება უამრავი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ დაზარალებულის მხრიდან და ქალბატონი ნანა დევდარიანის მხრიდან არავითარ ზეწოლას არ ჰქონდა ადგილი.” [სტილი დაცულია]

ნადარაიას თქმით, საქმის მასალებიდან ნათლად ჩანს, რომ თელოიანის ადვოკატებს უამრავი საჩივრის დაწერა უხდებოდათ, რათა თავიანთი პროცესუალური უფლებები დაუცვათ, ეს კი არ მოხდებოდა იმ შემთხვევაში, მათ რომ გამოძიებასა და სასამართლოზე ზეწოლა განეხორციელებინათ: [თეა ნადარაიას ხმა] “თქვენ წარმოიდგინეთ, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს დაზარალებულის სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობის საკიხთის, სადაც დაზარალებული ითხოვს რაღაც ანაზღაურებას. ქალბატონმა დალი იმნაიშვილმა, რომელიც მაშინ პროკურორის თანაშემწე გახლდათ, გაგვიუქმა ეს დადენილება. ბატონი გია მეფარიშვილის გარდა, ეს შუამდგომლობა არავინ დაგვიკმაყოფილა. ფაქტობრივად, აბსოლუტურად ყველა შუამდგომლობის გასაჩივრება გვიწევდა ზემდგომ ინსტანციებში. გასაკვირია, თუ ზეწოლა ჰქონდა იმ კუთხით, რომ ქალბატონი ცირა ქალბატონი ნანა დევდარიანის სამსახურის წარმომადგენელია, მაშინ, ცხადია, რომ არ დაგვჭირდებოდა ჩვენ ასე სადღაც-სადღაც სიარული და ისე წარიმართებოდა საქმე, როგორც ჩვენ გვინდოდა.” [სტილი დაცულია]

ადვოკატი აცხადებს, რომ მას ესმის კოლეგების სურვილი, მოიგონ პროცესი, მაგრამ არ ეთანხმება მათ მეთოდებს.

დაბოლოს, გამომძიებელმა, თავის დროზე, შესთავაზა ბრალდებულ ავთანდილ მეშველიანს, ბოდიში მოეხადა თელოიანისთვის და საქმე შერიგებით დამთავრებულიყო, რასაც დაზარალებული თანხმდებოდა, მაგრამ ბრალდებულმა ამის გაკეთება არ ინდომა. ამიტომ, საქმის მიმდინარეობის ამ ეტაპზე თელოიანი და მისი ადვოკატი აპირებენ, ბოლომდე იბრძოლონ თავიანთი უფლებების დასაცავად.
XS
SM
MD
LG