Accessibility links

logo-print

საქართველო ჩეჩნეთის მონაკვეთზე სასაზღვრო კონტროლს აძლიერებს


ჯერ კიდევ 1999 წელს, ჩეჩნეთში ანტიტერეორისტული საომარი კამპანიის მეორე ეტეპის დაწყების დროს, საქართველოში გაჩნდა ეჭვი, რომ ახლო მომავალში რუსეთის ფედერალური ხელმძღვანელობა

საქართველოსკენ მასობრივად გაუხსნიდა გზას ჩეჩენ მებრძოლებს. ასეთი ქმედების მოტივაცია კი რუსეთის მხრიდან შემდგომში მდგომარეობდა: საერთაშორისო საზოგადოების თვალში საქართველო წარმოეჩინა როგორც ტერორისტთა მფარველი არაპროგნოზირებადი პარტნიორი, რაც ზოგიერთი იმჟამინდელი ქართველი ძალოვანის ხელშეწყობით, რუსეთმა იმხანად კარგად მოახერხა. მაგრამ 3 და 5 აგვისტოს სოფელ გირევის საგუშაგოზე ჩეჩენთა ცამეტკაციანი შეიარაღებული ჯფუფის დაკავების შემდეგ, ცხადი გახდა, რომ კოორდინირებული მოქმედების შემთხვევაში, საქართველო შეძლებს თავიდან აიცილოს მოსალოდნელი გართულება პანკისის მიმართულებით.

3 და 5 აგვისტოს საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე დაკავებული 13 შეიარაღებული მებრძოლის ბედი საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ საზრუნავად რჩება.

მთელი კვირის მანძილზე რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება საერთაშორისო პრაქტიკაში არსებული ზეწოლის ყველა ფორმას მიმართავს, რათა საქართველოს ხელისუფლებისგან დაკავებულთა გადაცემის ნებართვა მიიღოს. როგორც სააგენტო "კავკაზ-პრესი" იტყობინება, შაბათს რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა იგორ ივანოვმა საქართველოს ხელისუფლების ორპირობა, სატელეფონო საუბრისას, აშშ-ს სახელმწიფო მდივან კოლინ პაუელს შესჩივლა. როგორც ირკვევა, საქართველოს საიმედო პარტნიორად ვერც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე გენადი სელეზნიოვი განიხილავს, თუმცა, ივანოვისგან განსხვავებით, მას იმედი აქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება უახლოეს დროში გადასცემს რუსეთს მის ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ დაკავებულ 13 ჩეჩენ ბოევიკს.

ძნელი სათქმელია, თუ რას ემყარება სელეზნიოვის ასეთი რწმენა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა მართლაც მოუხდეს დაკავებულ ჩეჩენ მებრძოლთა ექსტრადიცია, რასაც კაცმა რომ თქვას, თბილისი არც ერთი კვირის წინ უარყოფდა, თუკი მოსკოვი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულობებში ჩეჩნების მონაწილეობის დამადასტურებელ ცნობებს წარმოადგენდა. ამ მისიით საქართველოს 10 აგვისტოს რუსეთის გენერალური პროკურატურის კიდევ ერთი მაღალჩინოსანი ესტუმრა.

ძნელი სათქმელია, თუ რა მოსაზრებით შეჩერდა ამჯერად მოსკოვის არჩევანი ეროვნებით ქართველ გიორგი წურწუმიაზე, მაგრამ როგორც საქართველოს საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, მან ჩამოიტანა რუსეთის პროკურატურის წერილი, რომელშიც ის უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო ჯგუფს ერთობლივ თანამშრომლობას სთავაზობს. ამ წერილის საპასუხოდ კი რუსეთის წარმომადგენელმა დაკავებული ჩეჩნების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღო. საქართველოს უშიშროების მინისტრის მოადგილის, ლაშა ნაცვლიშვილის განცხადებით, რუსეთის წარმომადგენელი ასეთი კონსტრუქციული თანამშრომლობით ფრიად ნასიამოვნები დარჩენილა, რადგან გადაცემული მასალა 13 ჩეჩნის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა.
მაგრამ სანამ ქართველი და რუსი სამართალდამცველები ქათინაურებს ცვლიან, პანკისის ხეობაში მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს სამხედრო ძალების კონცენტრაცია შეინიშნება. საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტმა სახელმწიფო საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთი მოტოსამანევრო ჯგუფით გააძლიერა, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უახლოეს მომავალში პანკისის ხეობის მისადგომებთან სამხედრო სწავლების ჩატარებას გეგმავს.
XS
SM
MD
LG