Accessibility links

logo-print

“ახალგაზრდული პროგრამის” სტუმარი უკვე საკმაოდ წარმატებული


წამყვანი: ეკა წამალაშვილი, თბილისი “ახალგაზრდული პროგრამის” სტუმარი უკვე საკმაოდ წარმატებული

მწერალი გიო ახვლედიანი იქნება. მას მკითხველი აკა მორჩილაძის ფსევდონიმით იცნობს და ერთ-ერთ ყველზე გამორჩეულ თანამედროვე ავტორადაც აღიარებს. გიო ახვლედიანს ჩემი კოლეგა დავით პაიჭაძე ესაუბრება, მანამდე კი მოკლე ბიოგრაფიული და შემოქმედებითი ექსკურსი გიო ახვლედიანის ცხოვრებიდან და მკითხევლი ამ მწერლის შესახებ.

გიო ახვლედიანი პროფესიით ისტორიკოსია და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ოსტორიის კათედრაზე პედაგოგიურ მუშაობას ეწევა. ამას გარდა ის გაზეთ “სარბიელის” თანამშრომლიც გახლავთ. ამ ასპარეზზე გიოს საფეხბურთო და საკრივო მიმომხილველად იცნობენ. გიო ახვლედიანი გაზეთ “რეზონანსშიც” მუშაობდა. ჰქონდა რამდენიმე ფსევდონიმი და სამწერლო ასპარეზზეც ერთ-ერთი მათგანით გამოჩნდა. არჩევანის “აკა მორჩილაძეზე” შეჩერება მექანიკურად მოხდა. შემდეგ და შემდეგ კი, როგორც გიო ხუმრობით აღნიშნავს, ეს ფსევდონიმი სავაჭრო ნიშანს დაემსგავსა. მოკლედ, გიო ახვლედიანი ჯერ მწერალია, შემდეგ კი პედაგოგი და ჟურნალისტი. თავისი პირველი რომანი – “მოგზაურობა ყარაბახში” მან 1994 წელს გამოსცა, თუმცა, მანამდე სულ წერდა. ეს იყო, რომ წერას იწყებდა და აღარ ასრულებდა. ამის მიზეზს მოგვიანებით მიხვდა და ჩათვალა, რომ არ შეიძლება პროზა უწლოვანმა წეროს.

გიო ახვლედიანი უკვე რამდენიმე ცნობილი რომანისა და ბევრი მოთხრობის ავტორია. მისი წიგნები – “მოგზაურობა ყარაბახში”, “ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები”, “გადაფრენა მადათოვზე და უკან”, “აგვისტოს პასიანსი”, “გაქრები მადათოვზე”, “შობა ღამის ალქაჯები” და, ბოლოს, “შენი თავგადასავალი” შეიძლება ითქვას, თანამედროვე ქართული პროზის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ნაწილს წარმოადგენს. გიო ახვლედიანის ანუ აკა მორჩილაძის 7 თუ 8 მოთხრობა გამოცემულია გერმანიასა და საფრანგეთშიც. ამას გარდა კოტე გოგოლაშვილის მიერ ინგლისურ ენაზეა თარგმნილი მისი მოთხრობები: “უდაბნოს გლახები” და “წიგნი”. ეს უკანასკნელი შესულია ჟურნალ “მეოცე საუკუნის” ინგლისურენოვან ალმანახში. ნოდარ ლადარიამ რუსულ ენაზე თარგმნა რომანი “გადაფრენა მადათოვზე და უკან”, მაგრამ გიო ახვლედიანი ამბობს, რომ ეს თარგმანები მხოლოდ მოსინჯვაა, პირველადი სამუშაოა.

აკა მორჩილაძე კარგა ხანია გამოჩნდა სასცენო ხელოვნებაშიც. მისი რომანების “ფალიაშვილის ქუჩის ძაღლებისა” და“ მოგზაურობა ყარაბახშის” მიხედვით
სპექტაკლი “ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები” დათო ანდღულაძემ დადგა. პიესა კი თამუნა ჯაფარიძემ დაწერა. ისევ დათო ანდღულაძე მუშაობს ახალ სპექტაკლზე, რომელიც აკა მორჩილაძის “შობა ღამის ალქაჯების” მიხედვით უნდა დაიდგას. ჯერჯერობით იდეის დონეზეა “აგვისტოს პასიანსის” ეკრანიზაცია. ინიციატივა რეჟისორ დათო ჯანელიძისგან მოდის, მაგრამ, დავუბრუნდეთ საკუთრივ მწერალს. გიო ახვლედიანი ყველაზე აქტიურად საზღვარგარეთ ყოფნისას წერს. სხვა შემთხვევაში არ წერს სახლში, წერს სამსახურში. ძირითადად წინასწარ იცის, როგორ განავითარებს სიუჟეტს. წერს სწრაფად. რომანები: “აგვისტოს პასიანსი” და “გაქრები მადათოვზე”ერთ თვეში დაწერა და რასაც წერს, წერს თავისთვის, რადგან წერისას ყველაზე უკეთ ერთობა. მის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ძველ თბილისს, თუმცა ამბობს, რომ ძველ თბილისს კარგად არ იცნობს. ქალაქები გიო ახვლედიანისთვის იდუმალებას ატარებს, იდუმალება კი არის ბიძგი რაღაცეების გამოგონებისთვის.

ახლა კი მკითხევლი გიო ახვლედიანის ანუ აკა მორჩილაძის მწერლობის შესახებ.
ჟურნალისტ გია გორგოძისთვის ეს მწერალი გამორჩეულია. გია გორგოძე გიო ახვლედიანის ყველა ნაწარმოებს იცნობს, გამოქვეყნებულსაც და გამოუქვეყნებელსაც, თუმცა უფრო ის მოთხრობები და რომანები მოსწონს, რომლებშიც ავტორი გულწრფელია, რომლებიც ერთი ამოსუნთქვით არის დაწერილი და დაუკმაყოფილებლობის გრძნობას არ ტოვებს. ესენია მოთხრობები: “გოგია ცეცხლისმფრქვეველისა და საიათნოვას შესახებ”, “კაცია ადამიანის” გიო ახვლედიანისეული თამამი გაგრძელება. რომანები: “მოგზაურობა ყარაბახში”, “ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები”, “გადაფრენა მადათოვზე და უკან”.

[გია გორგოძის ხმა] “ვფიქრობ, ის ყველზე გულახდილი იყო “მოგზაურობა ყარაბახშში” და “ფალიაშვილის ქუჩის ძაღლებში”, მერე და მერე გიო, თითქოს, თამაშს იწყებს მკითხველთან. მე მგონია, რომ მას გაცილებით მეტი შეუძლია. ფანტასტიური ნიჭის პატრონია, ფანტასტიურად იცის თხრობა. ყველაფერი ხელეწიფება და მეშინია, ამან არ შეუშალოს ხელი. მას აქვს საოცრად მსუყე სტილი, სიტყვასთან ლაღად არის, თავისუფლად არის. საოცარი იუმორი გააჩნია, თვითირონია აქვს. თვითირონია დღევანდელ დღეში მწერლისთვის დამცავი იარაღია, მაგრამ მე გულწრფელი გიო ახვლედიანი ძალიან მომწონდა. ეხლა თვითირონია ფარად აქვს, თამაშობს მკითხველთან. მე მგონია, რომ მას გაცილებით მეტი შეუძლია.”

გია გორგოძეს არ მოსწონს ის, რომ გიო ახვლედიანს დაწყებული მოთხრობის შუა გზაზე მიტოვება სჩვევია, გული სწყდება, რომ ავტორმა შუა გზაზე მიატოვა მოთხრობა “გმირები და ვირიშვილები”, არადა, ამ მოთხრობის სახით გიო ახვლედიანი რთული და საინტერესო ისტორიის საინტერესო თხრობას გვთავაზობდა.
გია გორგოძე, როგორც მკითხველი, გიო ახვლედიანის – აკა მორჩილაძის დიდ წიგნს ელოდება.
XS
SM
MD
LG