Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული ხალხური სპორტი და ტრადიციული ასპარეზობანი


ელგუჯა ბერიშვილი, თბილისი ფიზიკური კულტურისა და სპორტის ისტორია ერის

ზოგადკულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, ლიტერატურული და სხვა ისტორიული მასალები, ქართულ თუ უცხოელ მემატიანეთა ცნობები საშუალებას იძლევა მეტ-ნაკლები სიზუსტითა და სისრულით აღვადგინოთ ქართული სპორტის წარსული და ხალხურ ასპარეზობათა ქრონიკა, განვსაზღვროთ სპორტის ადგილი და მნიშვნელობა ქართველი ხალხის ყოფაში. სპორტის ისტორიის სფეროში არაერთ მკვლევარს უღვაწია და სერიოზული ნაშრომიც შეუქმნია.

ფიზიკური ვაჯიშობანი, ისტორიული რეალობიდან გამომდინარე, ოდითგანვე სამხედრო საქმეს ემსახურებოდა, ფიზიკური აღზრდის სისტემა – საბრძოლო ხელოვნების დაუფლებას. გვიანი ბრინჯაოს ხანის საქართველოში საბრძოლო იარაღთა შორის ფართოდ იყო გავრცელებული სატევარი, საბრძოლო ცული, შუბი და ისარი. ამ იარაღთა დაუფლება და საბრძოლო არსენალის შევსება, ბუნებრივია, სისტემატურ წვრთნას და საგანგებო ფიზიკურ მომზადებას მოითხოვდა. სამხედრო საქმის განვითარების კვალობაზე იცვლებოდა და იხვეწებოდა ვარჯიშთა სისტემა, საბრძოლო ოსტატობა. ბერძენ და რომაელ მეისტორიეთა და მწერალთა გადმოცემით, ქართველური ტომები გამორჩეული მეომარნი ყოფილან. ამაზე მიუთითებს პროკოფი კესარიელის, ჰეროდოტეს, ქსენოფონტეს, სტრაბონისა და სხვათა ჩვენამდე მოღწეული ჩანაწერები. მაგალითად, ქსენოფონტე ხალიბების შესახებ წერს, რომ "ეს იყო უმამაცესი ხალხი ყოველთა შორის, ვისთანაც კი ელინელებს საქმე ჰქონდათ თავისი ლაშქობის დროს". აგათია სქოლასტიკოსის მიხედვით, "ძლიერსა და მამაც ტომს წარმოადგენდნენ ლაზები და სხვა ძლიერ ტომებსაც ბატონობდნენ. ამაყობდნენ კოლხთა ძველი სახელით". სქოლასტიკოსი განსაკუთრებით მოუხიბლავს ლაზთა "ხასიათის სილამაზეს და სიცქვიტეს". გვიანდელი ავტორები, მათ შორის ქართველი ისტორიკოსები, აღნიშნავენ ადრემონათმფლობელური საქართველოს წარჩინებულების მაღალ სამხედრო ხელოვნებას, მათს გაწვრთნილობას ცხენოსნობაში, ნადირობაში, მშვილდ-ისრისა და შუბის ტყორცნაში. ლეონტი მროველის თანახმად, მირიან მეფე "იყო მეფე ძლიერი, გმირი და გოლიათი", ფარსმან ქველი – "ტანით დიდი და ძლიერი, მხნე მხედართმთავარი და შემაერთებელი ბრძოლისა, უშიში, ვითარცა უხორცო", ვახტანგ გორგასალი – "უმშვენიერეს სახითა და ძლიერი ძალითა".

აქვე გავიხსენოთ ხალხური თქმულება ამირანზე – შუმერთა მეფის გილგამეშისა და ბერძნული პრომეთეს პროტოტიპზე, უბადლო მეომარსა და მონადირეზე, რომელსაც ღვთაებრივმა ნათლიამ "დაანათლა სიმარდე დაქანებული ზვავისა და თორმეტი უღელი ხარ-კამეჩის ღონე და მგლის მუხლი". ამირანის სულიერი და ფიზიკური ძალმოსილების სამაგალითო ამბავი თაობიდან თაობაში გადადიოდა და საყოველთაო თაყვანისცემას იმსახურებდა.

საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ინახება ურარტუში აღმოჩენილი ქვის სტელა ლურსმული წარწერით, რომელიც აკადემიკოსმა გიორგი მელიქიშვილმა ამოიკითხა. დასტურდება, რომ ურარტუს სახელმწიფოში გამართულ ასპარეზობებზე (მათ შორის, ცხენით ხტომასა და მშვილდის ტყორცნაში) ხშირად მეფეებიც მონაწილეობდნენ და იმარჯვებდნენ. წარწერა გვამცნობს მენუასა და არგიშტის მეფობისდროინდელ ასპარეზობათა ამბებს. მელიქიშვილის აზრით, "უეჭველია, რომ ურარტუში დიდი შეჯიბრებები იმართებოდა ცხენოსნობაში".

როგორც ირკვევა, ანტიკური პერიოდის საქართველოში სამხედრო-ფიზიკური მომზადების საფუძველს შეადგენდა ცხენოსნობა, ნადირობა, ხელჩართული ბრძოლა ანუ ბუმბერაზობა, ფარიკაობა, მშვილდოსნობა, შუბის მიზანში და სიშორეზე ტყორცნა, ფარიკაობა და სხვა ვარჯიშობანი. ამ დასკვნამდე მიდიან მიხეილ გორგაძე, ვალერიან აფრიდონიძე, ავთანდილ ციბაძე, ვასილ ელაშვილი, ვახტანგ სიდამონიძე და ფიზიკური კულტურისა და სპორტის ისტორიის სხვა ცნობილი მკვლევარები. აფრიდონიძე მიუთითებს, რომ "საქართველოში ფიზიკურ ვარჯიშობათა შემდეგი სახეები არსებობდა: შუბისა და მშვილდ-ისრის ტყორცნა, ცხენოსნობა, ჭიდაობა, მუშტი-კრივი, მთამსვლელობა, სამხედრო გამოყენებითი ცეკვები, რბენა, სამწყობრო მომზადება, სიმძიმეების აწევა და გადაგდება, ფარიკაობა, ბურთაობა, შურდულით ქვის ტყორცნა".

ქართველები, ისევე როგორც სხვა ხალხები, ოდითგანვე განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ ქედმოუხრელ ვაჟკაცებს, ჩუბინობითა და სიმარჯვით გამორჩეულ მებრძოლებს, მონადირეებს და მოასპარეზეთ. უწინარესად ეს ითქმის საქართველოს მთიანეთზე, სადაც ფიზიკურ ძალას ლამის კულტად სახავდნენ. აქაური ცხოვრების წესი და მკაცრი ბუნებრივი პირობები განსაკუთრებულ გაწვრთნილობას, ამტანობასა და გამძლეობას მოითხოვდა, განუწყვეტელი ბრძოლები – მრავალმხრივ სამხედრო მომზადებას. ხევსურეთში, სვანეთში, ფშავში და სხვა კუთხეებში, სახალხო დღესასწაულებსა თუ სხვა დღეებში, რეგულარულად იმართებოდა ასპარეზობანი ყმაწვილთა გასაწვრთნელად და გამოსაცდელად. სპორტის ისტორიის ცნობილი მკვლევარი მიხეილ გორგაძე აღნიშნავს, რომ ხევსურთა ფიზიკური მომზადების საშუალებანი მრავალფეროვანია და შეიცავს: მთაში სიარულს, რბენას, ხტომას სიგრძეზე, ქვის ტყორცნას მანძილზე და მიზანში, მოძრავ თამაშობებს და ცეკვას მუსიკის თანხლებით, თხილამურებით სიარულს, ფარიკაობას, მშვილდოსნობას, ცხენოსნობას, ჭიდაობას, ნადირობას. ფშავთა ყოფა-ცხოვრებასა და ჩვეულებებზე ნათელ წარმოდგენას გვიქმნის ვაჟა-ფშაველას ეთნოგრაფიული ნარკვევი –"ფშაველი და მისი წუთისოფელი", რომელშიც მიმოხილულია ფიზიკური აღზრდისა და სპორტული პაექრობის მნიშვნელობა. სვანეთში დღემდე შემორჩენილია ძველისძველი ხალხური თამაშობანი და ორთაბრძოლები, მათ შორის ჭიდაობა, ბურთით თამაში ("ლიბურთალ"), ქვის აწევა და გადატანა ("ბაჩა ლიკედ"), ბადროს მსგავსი ბრტყელი ქვის ტყორცნა ("ლასურნ მატნოშ ბაჩა ლიკვანა") და სხვ. თუშეთში ყველაზე გავრცელებული ასპარეზობა ყოფილა ცხენების ჭენება. დოღში, რომელსაც სადგინს უწყდებდნენ, საუკეთესო თუში მხედრები გამოდიოდნენ, გამარჯვებულს ალამს გადასცემდნენ, რაც, თურმე მეტად საპატიო ჯილდოდ ითვლებოდა.

ნიშანდობლივია, რომ აპოლონიოს როდოსელი თავის ცნობილ "არგონავტიკაში" ასევე გმირთა მოსაგონებელ კოლხულ ასპარეზობებზე გვიამბობს: "არესის ველზე ვრცელი ასპარეზი იყო გადაშლილი და გარს მოაჯირი ერტყა. კოლხები აქ ბრწყინვალე გმირების მოსაგონებლად რბენასა და მხედრულ შეჯიბრებებს აწყობდნენ". ეს ცნობა მეტად ძვირფასი და საინტერესოა. როდოსელი "არგონავტიკაში" ძვ. წ.ა. მე-8 საუკუნის ამბებს აღწერს, რაც ქართულ ასპარეზობათა სიძველეს და იმას ასაბუთებს, რომ ქართველებს ჯერ კიდევ 28 საუკუნის წინ ვრცელი საასპარეზო მოედანი ჰქონიათ.
XS
SM
MD
LG