Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას უკრაინის საშუალებით ცდილობს


რუსეთის სამხედრო ავიაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის

ყოველი ახალი დაბომბვის ფაქტი საქართველოს ხელისუფლებას მწვავედ შეახსენებს, რომ ქვეყანას ეფექტური საჰაერო თავდაცვითი სისტემები არ გააჩნია და, რომ ამ მიმართულებით რაღაცის გაკეთებაა საჭირო. ზუსტად ასე მოხდა ივლისის ბოლოსა და აგვისტოს დასაწყისში. საქართველოს საჰაერო საზღვრის მორიგი დარღვევის შემდეგ გაფართოებული შემადგენლობით შეკრებილმა სამხედრო საბჭომ სასწრაფოდ განიხილა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის 7 მაისის განკარგულება, რომელიც საქართველოს საჰაერო თავადაცვის განვითარებისთვის აუცილებელ პირველი რიგის ღონისძიებათა ჩამონათვალს შეიცავს. სტრატეგიულ და საიმედო პარტნიორად კი, ვინც საქართველოს საჰაერო თავდაცვის სისტემების აღდგენაში დაეხმარება, ქართველი სამხედროების თქმით, მიჩნეულია უკრაინა, რომლის საჰაერო თავდაცვითი ძალები, როგორც ბოლო მოვლენებმა ცხადყეს, თავადვე საჭიროებენ სრულყოფას.

საქართველოს შეიარაღებულ ძალები დღეს მთლიანად იმ საჰაერო თავდაცვის სისტემებს იყენებენ, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირის დროიდან იყო განთავსებული. დროთა განმავლობაში მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ან რუსმა სამხედროებმა გაიტანეს, ან მოძველდა, ან პრინციპით – "ომი ყველაფერს ჩამოწერს", რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, საკუთარი ხელით გავანადგურეთ სამოქალაქო ომის პერიოდში. მაგრამ ტოტალურ გაპარტახებას რაღაც მცირე ნაწილი მაინც გადაურჩა და რაკი ახალი თანამედროვე ჰაერსაწინააღმნდეგო სისტემების შეძენა საქართველოს ბიუჯეტს დამუკიდებლად არ ძალუძს, დღის წესრიგში მათი აღდგენის საკითხი დადგა.

ასეთი სამუშაოს შესრულებას კი საქართველოს თავადაცვის სამინისტრო, როგორც ჩანს, უკარაინის სამხედრო სამრეწველო კომპლექსს დაუკვეთავს, რადგან რუსეთის სახით მეორე სავარაუდო პარტნიორი, რომელსაც საქართველოს მსგავსი რადიოლოკაციური კონტროლის და საზენიტო-სარაკეტო სისტემები გააჩნია, იმთავითვე გამოირიცხა შესაბამისი სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზის არარსებობის გამო. გარდა ამისა, როგორც ქართველი სამხედროები მიიჩნევენ, უკრაინული თავდაცვითი სისტემები დიდი საიმედოობითაც გამოირჩევა და უკრაინული შეკვეთა გაცილებით იაფი ჯდება. თუმცა, თითოეული ეს მოსაზრება საგულდაგულო გადამოწმებას საჭიროებს.

საქმე ის გახლავთ, რომ უკრაინის საჰერო თავდაცვის ძალებს მართლაც დიდი პრობლემები გაუჩნდათ მას შემდეგ, რაც შორი მოქმედების საზენიტო სისტემით C-200-v უკრაინელმა მეზენიტეებმა 2000 წელს შავი ზღვის თავზე რუსეთის სამგზავრო თვითმფრინავი TY-154M ჩამოაგდეს. თუმცა, როგორც დამოუკიდებელი გაზეთის – "კვირის პალიტრის" სამხედრო მიმომხილველი ირაკლი ალადაშვილი მიიჩნევს, უკრაინული სისტემების არაეფექტურობაზე მეტად ამ შემთხვევაში უფრო პასუხისმგებლობის დაბალ დონესთან გვაქვს საქმე.

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] "აქ ერთი ისტორიული დეტალი უნდა მოვიყვანოთ, რომ არასოდეს საბჭოთა პერიოდში სროლები, მითუმეტეს შორი მოქმედების საზენიტოს სიტემიდან, რომელსაც წარმოადგენს C-200-v და რომლის სროლის რადიუსი აღემატება 240 კილომეტრს, – მათი გამოცდა და სასწავლო სროლები არ ხდებოდა შავი ზღვის თავზე. სხვათა შორის, ეს სისტემა – C-200 – საქართვე-ლოშიც იყო განთავსებული, იაღლუჯა მთაზე, მაგრამ მას შემდეგ ის დაკონსერვდა და, გახსოვთ, რამდენიმე წლის წინ ვაზიანში დიდი აფეთქება მოხდა, მაშინ სწორედ ეს რაკეტები ფეთქდებოდნენ."

დამოუკიდებელ სამხედრო ექსპერტებს უკრაინული სისტემების საიმედობაზე უფრო მეტად იმის ეშინიათ, რომ რამდენიმე მილიონად შეფასებული კონტრაქტი შეიძლება ვერ აღმოჩნდეს დაზღვეული იმ მანკიერი მოვლენებისაგან, რომლებსაც ერთხელ უკვე ჰქონდა ადგილი უკრაინიდან საბრძოლო კატარღების შეძენის დროს და რის გამოც საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების მაშინდელი სარდალი, პირველი რანგის კაპიტანი ოთარ ჩხარტიშვილი საბრალდებო სკამზე აღმოჩნდა. ეს ცდუნება უფრი იზრდება საჰაერო თავდაცვის შემთხვევაში, რადგან თუკი ხელისუფლება თავდაცვის სამინისტროს მიერ საჰაერო თავდაცვის სისტემის გასაძლიერებლად შედგენილ პროგრამას დაამტკიცებს, სახელმწიფომ მის მომსახურებაზე 12 მილიონი ლარი უნდა გამოყოს.

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] "სამწუხაროდ, მე დარწმუნებული ვარ, რომ კითხვის ნიშნები აუცილებლად დარჩება, იმიტომ, რომ ის მექანიზმი არ არის მოძებნილი, რომელიც გააკონტროლებს ესეთ შენაძენებს. მე უბრალო ფაქტს გეტყვით: აი, ის სარაკეტო კატარღა ნომერ 302, რომელსაც შემდეგ "თბილისი" ეწოდა, რომელიც ჩვენ შევიძინეთ უკრაინიდან. ჯერ ბევრი ნაკლოვანებები ჰქონდა შეძენის მომენტში. მაგრამ მერე აღმოჩნდა შემოწმების შედეგად, რომ ერთ-ერთ კორპუსში ჰქონდა ნაპრალი და ნაპრალი ამოავსეს ბეტონით."

ასეთი არაჯანსაღი ნიუანსებისგან საქართველოს თავადცვისუნარიანობისთვის მეტად საჭირო ქართულ-უკრაინული კონტრაქტის დასაზღვევად, რომლის ხელის შეშლით – იარაღის ბაზარზე არსებული მწვავე კონკურენციის გათვალისწინებით – მომავალში არაერთი ძალა დაინტერესდება, საქართველოს ხელისუფლებას ამთავითვე მართებს თადარიგის დაჭერა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG