Accessibility links

პარტიული ლიდერი და ლიდერი-ხელისუფალი


საზოგადოებისთვის ნათელია, რომ პარტიულ და სახელისუფლო ასპარეზზე დაწინაურებული პირები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდებიან. თუმცა, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ,

დღევანდელი პარტიული ლიდერები მაღალ სახელისუფლო პოსტებს იკავებდნენ, ხოლო სახელმწიფო მინისტრი, სულ რამდენიმე კვირის წინ, პარტიული ლიდერი გახდა.

1993 წელს მოქალაქეთა კავშირის დაარსებამ და მისმა გადაქცევამ სახელისუფლო პარტიად, საარჩევნო ბარიერის მუდმივმა ცვლამ, პრეზიდენტის ხელში კანონიერი და რეალური ძალაუფლების სრულმა თავმოყრამ პარტიული განვითარების პროცესი თითქმის მთლიანად შეაჩერა. ეროვნული მოძრაობის საწყის ეტაპზე ჩამოყალიბებული პარტიები დაკნინდნენ, ხოლო ახალი პარტიების შექმნის მცდელობა მხოლოდ ბოლო წლებში დაიწყო. ამ პროცესის კვალდაკვალ, წლების განმავლობაში, საქართველო დარჩა ახალი პოლიტიკური ლიდერების გარეშე. სამაგიეროდ, ყველა პიროვნება, ვინც კი საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოჩანდა, ლიდერად ხელისუფლების წიაღში ჩამოყალიბდა.

საფიქრებელია, რომ ედუარდ შევარდნაძემ ეს რეალობა სრულიად გააზრებულად შექმნა. ყოველ შემთხვევაში, პრეზიდენტისთვის მეტისმეტად ხელსაყრელი იყო ის ვითარება, როცა ყველა ლიდერი მის თვალწინ, მისი კეთილი ნების საფუძველზე იბადებოდა. შესაბამისად, მის ხელში იყო ლიდერების შემდგომი ბედიც: მათი გაძლიერება ან დასუსტება.

ასე გააძლიერა და შემდეგ შინ გაისტუმრა პრეზიდენტმა მარგიანი, ფაცაცია, კერვალიშვილი, ნადიბაიძე, ზუბიტაშვილი, კვირაია, ინჯია, გულუა, თარგამაძე... თითოეული მათგანი დარწმუნებული იყო, რომ ვიდრე შევარდნაძე ქვეყნის პრეზიდენტია, მის ძალაუფლებას საფრთხე არ ემუქრება. ეს რწმენა არ ქრებოდა მაშინაც კი, როდესაც ჯერ კიდევ საკუთარ პოსტებზე მყოფი მინისტრების თვალწინ, მათი კოლეგები თანამდებობებს ზუსტად ერთი და იმავე სცენარით კარგავდნენ.

ლიდერების ასეთი იძულებითი, იზოლირებული “სამჭედლოს” მოწყობა – სახელისუფლო სივრცის სახით - სრულიად ხელოვნური იყო და, მართალია, ეს პროცესი წლების განმავლობაში გაგრძელდა, მაგრამ ბუნებრივი შედეგით დასრულდა. ბოლოს და ბოლოს, ხელისუფლებაში დარჩნენ ის ლიდერები, რომლებმაც უპირობოდ აღიარეს ედუარდ შევარდნაძის ფაქტორი და სანაცვლოდ კაბინეტური ძალაუფლება შეინარჩუნეს, ხოლო ის ადამიანები, ვისაც თავისი შინაგანი ბუნებით და უნარებით პარტიული ლიდერობა შეეძლო, ხელისუფლებას გაემიჯნენ და რეალურ პარტიულ ლიდერებად ჩამოყალიბდნენ.

არსებობს ერთი-ორი “შუალედური” ლიდერიც. ისინი აღარც ხელისუფლების მაღალ ეშელონში არიან და, ჯერჯერობით, ვერც პარტიას ქმნიან, თუმცა, მცდელობებს ორივე მიმართულებით აგრძელებენ. ამ ჯგუფში ვგულისხმობთ, პირველ რიგში, ნიკო ლეკიშვილსა და ვაჟა ლორთქიფანიძეს, ნაწილობრივ - ვანო ჩხარტიშვილსაც.

პარტიულ და სახელისუფლო ლიდერს შორის არსებითი სხვაობაა, განსაკუთრებით, ჩვენს სინამდვილეში. ეს ფაქტორი, პირველ რიგში, ავთანდილ ჯორბენაძისთვის არის საყურადღებო, რადგან დღეს იგი ერთადერთი ლიდერია, რომელსაც ორივე ფუნქციის შესრულება ერთდროულად უხდება. ცოტა უფრო ადრე კი ასეთსავე მდგომარეობაში იყვნენ ზურაბ ჟვანია, მიხეილ მაჭავარიანი და მიხეილ სააკაშვილი.

რატომ არის შეუძლებელი ერთდროულად პარტიული და სახელისუფლო ლიდერობა?

პარტიული ლიდერისთვის აუცილებელია საზოგადოების წევრთა გამაერთიანებელი უნარი, ლიდერი-ხელისუფალი კი, პირიქით, კონტროლის მიზნით, სეგმენტებად ხლეჩს მისდამი დაქვემდებარებულ სივრცეს და ამ სივრცის შემადგენელ კომპონენტებს. ლიდერ-ხელისუფალს ყოველთვის ეშინია გაერთიანების სულისკვეთების, რადგან მასში ხედავს საფრთხეს საკუთარი ძალაუფლებისთვის. მართვის ამ ტექნოლოგიას – “დაჰყავი და იბატონე” - შეუდარებლად ფლობს ედუარდ შევარდნაძე.

პარტიული ლიდერისთვის აუცილებელია ხალხთან, საზოგადოებასთან მჭიდრო კონტაქტი, რასაც ლიდერი-ხელისუფალი ყოველთვის გაურბის. ის უზარმაზარი სასახლეები და მაღალი გალავნები, რომლებსაც ჩვენი სახელისუფლო ლიდერები იშენებენ, მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას კიდეც შეესაბამება და კიდეც ასახავს. ხალხისგან გამიჯვნის მოთხოვნილება ბუნებრივად გამომდინარეობს სახელისუფლო ლიდერის საქმიანობიდან. ლიდერი-ხელისუფალი, ჩვენს ქვეყანაში, წარმატებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირად ინტერესებს საზოგადოების ინტერესზე მაღლა აყენებს. საყოველთაო კორუფცია სწორედ ამ რეალობის დასტურია. პარტიულ ლიდერს კი, წარმატებისთვის, მუდმივად უხდება ფიქრი საზოგადოების ინტერესებზე.

პარტიული ლიდერი ღია და გამჭვირვალე უნდა იყოს თავის საქმიანობაში, სახელისუფლო ლიდერი კი, როგორც წესი, თავს ყველაზე დაცულად საკუთარ კაბინეტში გრძნობს. ლიდერ-ხელისუფალთა საჯარო გამოსვლები, როგორც წესი, ვრცელი, მოსაწყენი და ბუნდოვანია; პოლიტიკურ ლიდერს კი მჭევრმეტყველება, აზრის სიცხადე და სიმწვევე სჭირდება.

პოლიტიკურ და სახელისუფლო ლიდერებად მკაფიო დაყოფა ქართულ სინამდვილეში ახალი ტენდენციაა. წარსულის ბევრი წარუმატებლობა, შესაძლოა, იმითაც ავხსნათ, რომ, წლების განმავლობაში, პოლიტიკური და სახელისუფლო ლიდერები ხელოვნურად იყვნენ ერთმანეთში აღრეული.
XS
SM
MD
LG