Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოლო დროს საქართველოში მომძლავრებული ქსენოფობიის ფონზე


ბოლო დროს საქართველოში მომძლავრებული ქსენოფობიის ფონზე,

ქართველი ლიბერალები, შემოქმედებითი ინტელიგენცია და სასულიერო პირებიც კი საკმაოდ უსუსურად გამოიყურებიან. ლაპარაკი იმაზე, რომ ქართველი ხალხი საუკუნეების მანძილზე შემწყნარებლობით გამოირჩეოდა, არავის არბევდა და ცეცხლით და მახვილით (მითუმეტეს, ხის ჯვრებით) არავის უსწორდებოდა, დღეს წყლის ნაყვას უფრო ემსგავსება. შეუწყნარებლობა კატასტროფულ ფორმას იღებს და თანამედროვე ქართული კულტურა ცარიელი სიტყვების გარდა ქსენოფობიას ვერაფრით უპირისპირდება. ყველაზე საგანგაშო კი ისაა, რომ ამას ხედავენ ბავშვები, რომლებიც, რა დასამალია, “ქსენოფობიის გაკვეთილებს” ზოგჯერ სკოლაშივე იღებენ, თავიანთი მასწავლებლებისგან... რომ აღარაფერი ვთქვათ ტელეკრანებიდან მოწოდებულ აგრესიაზე და, რაც მთავარია, რომ არაფერი ვთქვათ ქუჩაზე, სადაც საზოგადოებაში მომძლავრებული აგრესია თუნდაც იმაში წარმოჩინდება, თუ როგორ მართავენ მანქანას თბილისელი მძღოლები.

რამდენიმე წლის წინ თამარ და რევაზ ებრალიძემ, მარიკა აბაიშვილმა, ნუგზარ წიკლაურმა, ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა, რომელთაც, როგორც ჩანს, მართლაც აღელვებდათ სიძულვილის ტოტალური გამეფება ჩვენს ქვეყანაში, თავისი ხარჯით გამოცეს ბავშვებისათვის განკუთვნილი ადრეული ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშები და დაარსეს გამომცემლობა “ლიტერა”, რომელსაც ცოტა ხანში ფონდი “ღია საზოგადოება- საქართველო” დაეხმარა. ამის შემდეგ სერიით “ცივილიზაციათა დიალოგი” საბავშვო წიგნების ბეჭდვა მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე დაიწყო: გამოიცა ფრანგული საგმირო ეპოსის ადაპტაცია “სიმღერა როლანზე” (სერიიდან “გმირები”), პლუტარქეს “ალექსანდრე მაკოდონელის” ადაპტაცია, “შაკუნტალა”, “საბრალო ჰაინრიჰი”, ალექსანდრე ორბელიანის “თეკლა ბატონიშვილი”, “ნიბელუნგები”, კალდერონის “ცხოვრება სიზმარია”, ნიზამის “ხოსროვი და შირინი” და სხვა. მარიკა აბაიშვილის თქმით, სერიას “ცივილიზაციათა დიალოგი” პირველ რიგში საგანმანათლებლო მიზანი აქვს
[მარიკა აბაიშვილის ხმა]: 11.03.54 “ჩვენ, საბჭოთა სკოლებში ვსწავლობდით სამ ისტორიას... ეს იყო სამი დამოუკიდებელი ამბავი, რაც ჩვენს ტვინში ილექებოდა. ეხლა, მსოფლიო ისტორიაში მომხდარი მოვლენები შენი გადასახედიდან რომ დაინახო, მე მგონია, რომ ამით შენს ქვეყანასაც კარგად შეიმეცნებ და ამ მსოფლიო ისტორიის ამბებსაც უფრო კარგად გაითავისებ... 11.04.53 “მაგალითად, სიმღერა როლანდზე... ეს არის ის ეპოქა, როცა ევროპა ებრძვის არაბობას, მთელი ძალისხმევით. აქ ქართულ ნაწილში გვაქვს აბო ტფილელის ამბავი – ამ დროს საქართველომ შვა არაბი წმინდანი, ეს ხომ კარგად ახასიათებს საქართველოს”

მიუხედავად იმისა, რომ ამ წიგნებში საგანმანათლებლო მხარეა მთავარი (ყოველ ამბავს დართული აქვს ინფორმაცია ამა თუ იმ ქვეყნის გეოგრაფიის, ისტორიის შესახებ, სავარჯიშოები და მცირე ლექსიკონი), “ლიტერას” პროექტს გარკვეული თვალსაზრისით თერაპიული მიზანიც უნდა ჰქონდეს... თუმცა ეს ორი მხარე ნამდვილად არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს. პროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ წიგნი, (მითუმეტეს ასეთი სერია) ბავშვს თავისებურ მოგზაურობაში ეპატიჟება – აცნობს სამყაროს, მათ შორის უცხო სამყაროსაც. აგრესიისა და შეუწყნარებლობის მიზეზი კი სწორედ “არცოდნაა”.... არა იმდენად გაუნათლებლობა, რამდენადაც “არცოდნა”. თანაც, სერია ისეა შედგენილი, რომ ბავშვი რაიმე ძალდატანებას ვერანაირად იგრძნობს. მას არჩევანი შეუძლია გააკეთოს. მარიკა აბაიშვილის თქმით [მარიკა აბაიშვილის ხმა]: 11.08.35 “თამარ ებრალიძე ამაზე მუშაობა უკვე ათი წელია. “ცივილიზაციათა დიალოგი” რომ ჰქვია, ეს მართლა პასუხობს ამას. მთავარი მიზანია, რომ სხვადასხვა ქვეყნების, სხვადასხვა ჟანრის, სხვადასხა ტიპის ნაწარმოებები მისცეს ბავშვებს. არის ორი პრობლემა, ერთი, რომ მოზარდები (მთელ მსოფლიოში) არ კითხულობენ წიგნებს და მეორე... არც არის რა წააკითხო...უნდა იყოს მრავალნაირი ლიტერატურა... ერთი თუ არ მოეწონა, მეორეს ნახავს, რათა საინტერესო წიგნი იპოვოს, რომელიც გაუხსნის ლიტერატურის სამყაროს და მისთვის გახდება გზისმკვლევი ცხოვრებაში”

და თუ ბავშვს თავდაპირველად კითხვა გაუჭირდა, მას შეუძლია ამ ულამაზესი ილუსტრაციებით დატკბეს. ილუსტრაცია კი არც ერთ წიგნში არაა სწორხაზოვნად გამოყენებული. პირიქით, ცდილობს რა დაიცვას ისტორიული სიზუსტე, მხატვარი რევაზ ებრალიძე, როგორც წესი, ფერადოვან, ჭრელ და ძალიან სახალისო სურათებს რთავს წიგნში. ეს კი ჯერ ერთი სტერეოტიპებს ანგრევს (მაგალითად, “სიმღერა როლანზე” გაფორმებულია ფერადოვანი ფრანგული მინიატურებით, რომელიც ნამდვილად შორსაა “ბნელი” შუა საუკუნეებისგან), მეორეს მხრივ კი, ბავშვის ცნობისმოყვარეობას აკმაყოფილებს. ბავშვისა, რომელსაც დღეს ძალიან ჭირდება დადებითი ემოციები, რომანტიკა, იმის რწმენა, რომ სიკეთეს თავისი “ისტორია” აქვს და არც ისე ადვილია მისი გაუფასურება, არც ისე ადვილია ადამიანში – ადამიანურის ჩაკვლა. და არა მარტო ბავშვს ჭირდება ასეთი წიგნი. პროფესორ ზურაბ კიკნაძის აზრით
[ზურაბ კიკნაძის ხმა]: 12.01.15 “ამას წაიკითხავს ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც არ გაუვლია ეს კურსი. ინჟინერი, მაგალითად... სკოლა რას აძლევს, აღარაფერს არ აძლევს ეხლა... მიმზიდველია ეს წიგნები... 12.01.50 “დაუსრულებელი სერიაა – არ მთავრდება ეს. სამყაროს და ცივილიზაციას ბევრი კუნჭულები ახასიათებს, რომელსაც ვერ ამოწურავს ეს სერია... წიგნის სტრუქტურა ორიგინალურია”

სოროსის ფონდისთვის “ღია საზოგადოება – საქართველო” სხვადასხვა დროს არა ერთ გამომცემლობას მიუმართავს... და ფონდი მათ მესვეურებს დახმარებია კიდეც. მაგრამ ალბათ არც ერთი გამომცემლობის მუშაობა არ დამთხვევია ისე სოროსის ფონდის მიზნებს, როგორც “ლიტერასი”... და არა მარტო იმიტომ, რომ ფონდს – ღია საზოგადოება ჰქვია. მას შემდეგ, რაც ჯორჯ სოროსმა თბილისში თავისი ფონდი გახსნა, “ღია საზოგადოება – საქართველოს” კულტურული პოლიტიკა აიგო ორი, ერთმანეთისგან მხოლოდ ერთი შეხედვით გამორიცხული სფეროს; ასე ვთქვათ, “უნივერსალურისა” და “უნიკალურის” დაფინანსებაზე. “ლიტერას” სერია “ცივილიზათიათა დიალოგი” უნივერსალურისა და უნიკალურის სინთეზს გვთავაზობს: ბავშვი სხვადასხვა ეპოქაში, სხვადასხა კულტურაში მოგზაურობს და ხედავს იმას, რაც საერთო აქვს კულტურებს და რაც ერთმანეთისგან განასხვავებს, ხედავს იმას, რაც საერთო გვაქვს ჩვენ მათთან – მეფე აიეტის, როლანის, საბრალო ჰაინრიჰის ეპოქებთან და, რაც გამოგვარჩევს. ზურაბ კიკნაძის თქმით
[ზურაბ კიკნაძის ხმა]: 12.03.11 “ეს შესანიშნავად ეპასუხება, ეხლა განათლების სამინისტროში არის რეფორმა ინტეგრალური სწავლების შესახებ –საქართველოს ისტორიისა მსოფლიო ისტორიის ფონზე, ქართული ლიტერატურისა ასევე მსოფლიო ლიტერატურის ფონზე. იმით არის მნიშვნელოვანი ეს წიგნები, რომ აქ არა მარტო ისტორიის მომენტებია შეთავაზებული, არამედ ლიტერატურულიც...12.4.36 “ბავშვის ცოდნას ამდიდრებს ეს ევროპული მაგალითი, იმიტომ, რომ ტიპოლოგიურად ეს ერთიდაიგივეა, რომ ჩვენი ისტორია არ ყოფილა იზოლირებული, რომ ჩვენთან ხდებოდა იგივე მომენტები, რაც ევროპაში...12.5.00 “მაგალითად, ესპანეთსა და საქართველოს შორის რაც მსგავსებაა, შეიძლება არაბობისგან იყოს არა? მაგალითად, დონკიხოტი... 13.01.00 “ძალიან ძნელი მისაგნებია უნიკალური... რაში გამოიხატება, ვთქვათ, ქართული თვისება – რომ დავიყვანოთ ძირს, იმ ესენციამდე, რა არის ქართული. ეს ძნელი გადასაწყვეტია და შესამჩნევი. ეს შეიძლება შეამჩნიოს უცხოელმა რაღაც პატარა ნიუანსში””

ასე რომ “თერაპიული ეფექტი” “ლიტერას” სერიამ, შესაძლებელია მთელ ქართულ საზოგადოებაზე მოახდინოს. თუკი, რა თქმა უნდა, ადამიანები, რომლებიც იზოლაციონიზმის პოლიტიკას დღეს უკვე პარლამენტშიც ამკვიდრებენ, ერთი თვალით მაინც გადახედავენ ბავშვებისთვის გამოცემულ ამ წიგნებს. “ცივილიზაციათა დიალოგის” სერიის წაკითხვა თუ არა დათვალიერება მაინც, არ აწყენდათ ქართველ გლობალისტებსაც, რომლებიც ხშირად ამტკიცებენ, რომ სულიერების დეფიციტი სამყაროს განვითარების კანონზომიერი მოვლენაა. და არ აწყენდათ სწორედ ასეთი სახით. თუნდაც იმიტომ, რომ დაპირისპირებულმა მხარეებმა ცოტა ხნით მაინც დაიბრუნონ ბავშვობა და ცივილიზაციის ბავშვობას ეზიარონ. თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოში ისევ არ აღორძინდეს სტალინური ლოზუნგი “ვინც ჩვენთან არაა, იგი ჩვენი მტერია” და მომძლავრებულმა ქსენოფობიამ, ანუ “არცოდნამ” ჯერ კიდევ “ვერშექმნილი” სახელმწიფო სრულიად არ დაანგრიოს.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG