Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

447-ე გამოშვება.


წამყვანი: ბიძინა რამიშვილი 447-ე გამოშვება.

ბიძინა რამიშვილი: ძვირფასო რადიომსმენელებო. გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგ, 447-ე გამოშვებას. დღეს გესაუბრებით საქართველოში მისაღები გამოცდების თავისებურებებზე; შევეხებით საშუალო სკოლების სახელმძღვანელოების გამოცემასა და რეალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს; მოგითხრობთ, რა გავლენას ახდენს დამნაშავეთა სამყარო ოლიმპიური თამაშების ბედზე; რადიოჟურნალის მეორე ნახევარი უფრო მშვიდობიან თემას, ხელოვნებას შეეხება: გესაუბრებით კინომსახიობ პიტერ ო’ტულზე და ჯაზის მუსიკოსებზე ბენი კარტერზე და ჩარლი ჰეიდენზე.
პრაღაში პროგრამას უძღვება ბიძინა რამიშვილი.


მისაღები გამოცდების თავისებურებები საქართველოში

ბიძინა რამიშვილი:
ბოლო დროს ჩვენ ხშირად გესაუბრებოდით უმაღლესი განათლებისა და უმაღლესი სასწავლებლების სხვადასხვა პრობლემაზე, არაერთხელ ვახსენეთ მისაღები გამოცდები, რომელთა სასამართლო წესით გაუქმებაც მოითხოვა ამას წინათ სტუდენტების ჯგუფმა. ჯერჯერობით უფრო აქტიურობენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. უნივერსიტეტში კორუფციული ურთიერთობების მიმართ სტუდენტების პრეტენზიებს უმაღლესი სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლებმა ჯერ მტკივნეული რეაქცია შეაგებეს, ხოლო ახლა ან უყრუებენ, ან აცხადებენ, რომ უნივერსიტეტში მსგავსი არაფერი ხდება და წლევანდელმა მისაღებმა გამოცდებმა, როგორც ყოველთვის, კარგად ჩაიარა. რამდენად შეიძლება შეიცვალოს მისაღები გამოცდების ათწლეულთა მანძილზე მოქმედი სისტემა საქართველოში, რამდენად მყარია ის და რა ნიშნები აქვს - ამ საკითხზე დავით პაიჭაძე ესაუბრა ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს, ლევან ბერძენიშვილს, რომელიც წლების წინ რამდენჯერმე თავად იყო მიმღები კომისიის წევრი.

დავით პაიჭაძე:
დაახლოებით ხუთი ათეული წელია ვითარება ერთნაირია: უნივერსიტეტი იქნება ეს თუ სხვა უმაღლესი სასწავლებელი, ყველგან შეიმჩნევა ორი ტიპის კორუფცია, მითხრა ლევან ბერძენიშვილმა: ერთი, ასე ვთქვათ, რბილი, “ქართული”, რომელიც მისაღებ გამოცდებზე ახლობლების უანგარო დახმარებას გულისხმობს და მეორე, როცა ასეთი დახმარების ფასად დამხმარე ფულს იღებს. წესისამებრ, ღირსეულ ადამიანებად ითვლებოდნენ პირველები, ხოლო მეორეთ – უღირსებს მიათვლიდნენ. ყოველთვის იყვნენ ისინიც, ვინც არც ერთ კატეგორიას არ განეკუთვნებოდა. ასეთები უმცირესობას შეადგენდნენ [ბერძენიშვილის ხმა]: “მე რამდენადაც მახსოვს, ისეთი საზოგადოებრივი შეთანხმება იყო ამის შესახებ, რომ ამაზე ხმის ამოღება ძალიან ძნელი იყო; ძნელი იყო, თანამშრომლის შვილისთვის არ გაგეწია ანგარიში და სხვა. რამდენადაც იქ ხალხი არ გამოცვლილა – სერიოზულად არ გამოცვლილა ჩვენი ქვეყანა, – სერიოზული ცვლილების შეტანა იმ ხალხზე დაყრდნობით, ვინც იქ მუშაობს, შეუძლებელია. რასაც დღეს სტუდენტები ამბობენ, მომწიფებულია იმდენად, რამდენადაც სხვა მხრივ იქ ცვლილებები ვერ შევა. შეუძლებელია გააკონტროლო კომისიის დაკომპლექტება იმ თვალსაზრისით, რომ იქ მოხვდნენ უცნაური ადამიანები, არც “რბილად” და არც არარბილად კორუმპირებულები რომ არ იქნებიან”.

ლევან ბერძენიშვილი თვითონაც არ უარყოფს ხსენებულ “რბილ” კორუფციაში ადრე მისსავე ჩართულობას [ბერძენიშვილის ხმა]: “პირადად მე კომისიაში არ შევდივარ რამდენიმე წელია და რომ შევიდე, ხვალ ზუსტად იმას ჩავიდენ, რაც ჩამიდენია აქამდე: ანუ ნანა კაკაბაძე რომ მთხოვს, იმას მე რაღაც ანგარიშს გავუწევ”.

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის აღწერათა გადმოცემა შორს წაგვიყვანს: ესაა ე.წ. პაროლები, რომელთა მიხედვით კომისიის წევრები ამოიცნობენ აბიტურიენტებს, ჩასარიცხთა წინასწარ შედგენილი სიები რიგ საგნებში, წლების მანძილზე კომისიათა პატიოსანი თავმჯდომარეები... ლევან ბერძენიშვილის აზრით, ეს იმდენად ჩამოყალიბებული სისტემაა, რომ მისი რეფორმირება შიგნიდან შეუძლებელია, ის უბრალოდ, უნდა გაუქმდეს [ბერძენიშვილის ხმა]: “ყველა მცდელობა კომისიის შიგნით – თემების გამოცვლა საკითხებით, საკითხების გამოცვლა ტესტებით, – განწირულია აბსოლუტურად. უნივერსიტეტში ყველაფერზე აქვთ პასუხი. ამიტომ პასუხი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი: ეს გავიდეს უნივერსიტეტებიდან, ეს იქ არ მოხდეს”.

როცა საუბარი შეეხო სტუდენტთა გახმაურებულ სარჩელს, ლევან ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ ეს სარჩელი არ ემუქრება უკვე ჩარიცხულ კონტინგენტს. [ბერძენიშვილის ხმა]: “პირიქით, მათ გვერდით შეიძლება აღმოჩნდნენ სხვა ბავშვები და თუ იქნება საზოგადოებრივი მოთხოვნა, სანამ სახელმწიფო ვერ ქმნის საერთო გამოცდების სისტემას, სკოლა რომ ჩაატარებს გამოსაშვებ გამოცდებს, ის საკმარისი უნდა იყოს და ადამიანი მოხვდეს უმაღლესში თავისი სურვილის მიხედვით. ამის შემდეგ უმაღლესმა თავის გამოცდებზე უნდა გაცხრილოს ეს ხალხი”.

“ხალხის გასაცხრილად” მოწოდებული სასესიო გამოცდები კი, ლევან ბერძენიშვილის აზრით, განსხვავდება მისაღები გამოცდებისაგან: ამ დროს კორუფციას ისეთი გასაქანი არ ეძლევა [ბერძენიშვილის ხმა]: “სასესიო გამოცდებს, ფაქტობრივად, აკონტროლებს მთელი სტუდენტობა. იქ შეუძლებელია იმ ზღაპრების ჩატარება, რომ ბავშვს საერთოდ არ დაუწერია და ანფისამ დაწერა სხვა ოთახში ან ვინმეს დააწერინა... ასე იოლი ეს უკვე აღარ არის. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ სასესიო გამოცდაზე ვერც ერთი ლექტორი ვერ გაბედავს მიმღები კომისიის დონის საკორუფციო “ქცევას” და მილიონებიდან ჩამოვალთ ასეულებზე. თან, არ არის გამორიცხული, სასესიო გამოცდებზე საერთოდ არ აიღონ არც ერთი თეთრი: ასეთი ლექტორების ჩამოთვლა შემიძლია გაუთავებლად”.

დავით პაიჭაძე, რადიო თავისუფლებისთვის, თბილისი.


საშუალო სკოლების სახელმძღვანელოების გამოცემასა და რეალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები

ბიძინა რამიშვილი:
განათლების პრობლემებზე საუბარი ამით არ დაგვისრულებია. არაქართული სკოლებისათვის განკუთვნილი სახელმძღვანელოების გამოშვებით საქართველოში გამომცემლობა “ინტელექტია” დაკავებული. საქართველოში არის დაახლოებით 160 სომხური, ამდენივე აზერბაიჯანული და 200-ზე მეტი რუსული სკოლა. “ინტელექტი” შესაბამის ენაზე გამოსცემს სახელმძღვანელოებს შემდეგ დისციპლინებში: ქართული ენა, საქართველოს ისტორია, საქართველოს გეოგრაფია, საქართველოს ბუნება და საქართველოს სამართალი. სხვა საგნების სახელმძღვანელოებით არაქართული სკოლები აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და სომხეთიდან მარაგდება. გამომცემლობა “ინტელექტის” საქმიანობისა და სახელმძღვანელოების გამოცემის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ გიორგი კაკაბაძე გესაუბრებათ.

გიორგი კაკაბაძე:
გამომცემლობა “ინტელექტის” დირექტორი კახმეგ კუდავა აღნიშნავს, რომ, წინა წლებთან შედარებით, არაქართული სკოლებისათვის განკუთვნილი წიგნების ტირაჟმა საგრძნობლად იკლო. განსაკუთრებით ეს ეხება ქართული ენის სახელმძღვანელოს. [კუდავას ხმა] ”გამოსაკვლევია, თუ რა განაპირობებს ასეთ მდგომარეობას. ეს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმეა და, მე მგონი, უკვე დადგა დრო, რომ სახელმწიფომ აიღოს ის ფუნქციები, რაც გამომცემლობა “ინეტელექტს” აქვს. ასეთი სახელმძღვანელოები უნდა იბეჭდებოდეს სახელმწიფო დოტაციით და სახელმწიფოს ხელშეწყობით”.

არ არის გამორიცხული, რომ მომავალი წლიდან გამომცემლობამ უარი თქვას თავისი საქმიანობის ამ მიმართულებაზე, რადგან, როგორც კახმეგ კუდავა ამბობს, პატრიოტული შემართებაც და კომერციული შესაძლებლობებიც ამოწურვადია.

სიძნელეების დამადასტურებელი კიდევ ერთი მაგალითი: შარშან გამომცემლობა “ინტელექტმა” სომხურ ენაზე თარგმნა და ათასცალიანი ტირაჟით გამოსცა პროფესორ კოტე ანთაძის ძველი მსოფლიო ისტორიის სახელმძღვანელო, რომელიც მე-6 კლასელებისათვისაა განკუთვნილი. ეს წიგნი განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებულ სახელმძღვანელოთა ნუსხაშია შეტანილი. მოხდა ისე, რომ ჯავახეთის რეგიონის სკოლებში უფასოდ დარიგდა სომხეთიდან შემოტანილი ალტერნატიული სახელმძღვანელო. ამის გამო “ინტელექტის” მიერ გამოშვებული სახელმძღვანელოს რეალიზაცია საერთოდ ვერ მოხერხდა.

[კუდავას ხმა] “ამიტომ აქ მთელი პრობლემების სერიაა და აქ მხოლოდ საგამომცემლო და სწავლის პრობლემები კი არ დგას, არამედ დგას სახელმწიფო ენის პრობლემები და დიასპორებთან ურთიერთობის საკითხები. ეს არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმე”.

სახელმძღვანელოთა გამოცემისა და რეალიზაციის სფეროში არსებულ საერთო მდგომარეობასთან დაკავშირებით, რესპონდენტი ამბობს, რომ თუ ათიოდე წლის წინათ ამ საქმეს ერთადერთი გამომცემლობა - “განათლება” ემსახურებოდა, დღეს უკვე 20-ზე მეტი გამომცემლობაა ჩართული ამ სფეროში.

[კუდავას ხმა] ”მე შემიძლია დავიტრაბახო, რომ ჩვენი სახელმძღვანელოების უმრავლესობა მსოფლიო სტანდარტებს არ ჩამოუვარდება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების თაობა გაცილებით უკეთესი წიგნებით სწავლობს, ვიდრე ეს ჩვენ დროს იყო”.

თუმცა, ჩემი თანამოსაუბრე აღნიშნავს, რომ ისევე, როგორც წინა წლებში, დღესაც ინტენსიურად მუშაობს შავი ბაზარი, რომელიც დიდ კონკურენციას უწევს გამომცემლობებს. შავ ბაზარზე გამოტანილი წიგნი, ცნობილ მიზეზთა გამო, ოფიციალურ სახელმძღვანელოზე გაცილებით ნაკლები ღირს და ამიტომ ძალიან ხშირად მოსწავლის მშობელელს დიდი ცდუნება აქვს იაფად შეიძინოს სახელმღვანელო. ჯერჯერობით კი სახელმწიფო ვერ ახერხებს შავი ბაზრის პრობლემის გადაჭრას.

საინტერესოა, რომ[კუდავას ხმა] “ განათლების სამინისტრომ დაუშვა ერთი თვით სკოლებში სახელმძღვანელოების გაყიდვა. მანამდე ეს აკრძალული იყო სხდასხვა მიზეზების გამო, მაგრამ მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ უშუალოდ სკოლაში შეტანილი სახელმძღვანელო უფრო იაფი ჯდება, თუ ამას დაეხმარება “საქართველოს ფოსტა” ან სხვა დისტრიბუტორები ან თვითონ საგამომცემლო დისტრიბუცია. ეს საქმეს წაადგება იმიტომ, რომ მოსწავლე იაფად მიიღებს სახელმძღვანელოს”.

ამ ცოტა ხნის წინ გამომცემლობა “ინტელექტის” რამდენიმე წიგნმა გაიმარჯვა ქართული სკოლებისათვის განკუთვნილ სახელმძღვანელოთა კონკურსში, რომელიც განათლების სამინისტრომ და სოროსის ფონდმა გამართეს.

მაღალ პროფესიულ დონეზე შესრულებულმა და გამოცემულმა ამ სახელმძღვანელოებმა უკვე გაიარეს აპრობაცია. ასე რომ, ახალი საწავლო წლიდან მოსწავლეებს ამ წიგნებით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცემათ.

სოროსის ფონდის პროგრამა წელს დამთავრდა, მაგრამ განათლების სამინისტრო გამომცემლობებს ჰპირდება, რომ სახელმძღვანელოების კონკურსის პროგრამას მსოფლიო ბანკი გააგრძელებს.

გიორგი კაკაბაძე, რადიო თავისუფლებისთვის, თბილისი.


დამნაშავეთა სამყარო უკვე ოლიმპიური თამაშების ბედს განაგებს

ბიძინა რამიშვილი:
სპორტულ სამყაროში პატიოსანი ორთაბრძოლის წესები დიდად რომ აღარ ფასობს, აქამდეც ცნობილი იყო. მაგრამ რამდენიმე დღის წინ გახმაურებულმა ფაქტებმა, როგორი გავლენა მოახდინა ერთერთმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა სოლტ-ლეიკ-სიტის ოლიმპიური თამაშების შედეგებზე – სპორტულ სამყაროში შოკი გამოიწვია. ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლის ალიმჟან ტოხტახუნოვის ჩარევის შედეგად, ფიგურულ სრიალში ოლიმპიური ჩემპიონების ტიტული მისი ნებასურვილის მიხედვით გადანაწილდა. როგორც ირკვევა, ტოხტახუნოვი არა მხოლოდ სპორტის ამ სახეობის მოყვარული გახლდათ. ბოლო დღეების ამ ერთერთი ყველაზე ხმაურიანი სკანდალის გმირის შესახებ თამარ ჩიქოვანი გესაუბრებათ.

თამარ ჩიქოვანი:
სოლტ-ლეიკ-სიტის ზამთრის ოლიმპიური თამაშები სკანდალების თვალსაზრისით უდავოდ საპატიო ადგილს დაიკავებს სპორტის ისტორიაში. თავისთავად სენსაციად იქცა ფიგურულ სრიალში წყვილთა შეჯიბრებაში ოქროს მედლით ორი წყვილის - რუსეთის სპორტსმენების ელენე ბერეჟნაიას - ანტონ სიხარულიძისა და კანადელების –ჟამი სალესა და დევიდ პელეტიეს დაჯილდოვება. მაშინვე სპორტსმენებიც და ჟურნალისტებიც ალაპარაკდნენ, რომ მსაჯობა ობიექტური არ იყო და რომ შედეგს მეტწილად გარიგებები განსაზღვრავდა.

თუმცა, ნამდვილი სკანდალი რამდენიმე დღის წინ დაიწყო, როცა გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მსაჯებზე ზეწოლაში დაადანაშაულა ალიმჟან ტოხტახუნოვი, რომელიც კრიმინალურ სამყაროში ტაივანჩიკის სახელით არის ცნობილი.

უზბეკეთში დაბადებული, ამჟამად ისრაელის მოქალაქე, ორჯერ ნასამართლევი ტაივანჩიკი, რომელიც ხან საფრანგეთში ცხოვრობს და ხან იტალიაში, რუსეთის კრიმინალური სამყაროს ერთერთ ყველაზე გავლენიან ავტორიტეტად ითვლება. მასთან მეგობრობენ რუსეთის შოუ ბიზნესის ვარსკვლავები, მათ შორის ალა პუგაჩოვა, ერთ დროს ტაივანჩიკი სოფია როტარუს პროდიუსერიც გახლდათ. ტაივანჩიკის დახმარებას არ უარყოფს არც რუსეთის სპორტის ვარსკვლავი პაველ ბურე, რომლის განცხადებითაც, უცხოეთში ცხოვრების პირველ წლებში ტოხტახუნოვი მას დიდად დაეხმარა.

ტაივანჩიკი, სხვა გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტების მსგავსად, პერესტროიკის თავისებურ პირმშოდ შეიძლება ჩაითვალოს.ვიაჩისლავ ივანკოვის, ევგენი ვასინისა და ძმები ჩორნების მსგავსად, თავდაპირველი კაპიტალი მანაც რეკეტით და სათამაშო ბიზნესის გაკონტროლებით დააგროვა. მის ცხოვრებაში განსაკუთრებული როლი ითამაშა ოთარ კვანტრიშვილმა, რომელმაც საერთაშორისო ორგანიზაცია "ასოციაცია ოცდამეერთე საუკუნე" ჩამოაყალიბა. ოფიციალური ვერსიით, ასოციაცია სპორტსმენებისა და კულტურის მუშაკების დახმარებას ისახავდა მიზნად, რეალურად კი მის საფარქვეშ კრიმინალური საქმიანობა წარმატებით ვითარდებოდა. ასოციაციაში ტაივანჩიკის როლი რუსეთიდან კონტრაბანდული გზით გატანილი ანტიკვარიატისა და კულტურული ფასეულობების რეალიზაციაში გამოიხატებოდა. პარალელურად, ტაივანჩიკი ტელე-ვიდეო აპარატურისა და კომპიუტერული ტექნიკის ვაჭრობითაც იყო დაკავებული.

უცხოეთში საცხოვრებლად იგი 80-იანი წლების ბოლოს გადავიდა. თავდაპირველად კიონში ცხოვრობდა. მოგვიანებით, როცა გერმანიის პოლიციის ინტერესი მის მიმართ შემაწუხებელი გახდა, საფრანგეთს შეაფარა თავი. პარიზში ცხოვრებისას იგი შოუ-ბიზნესის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის კონსტანტინე დიდის ორდენით დააჯილდოეს. თუმცა, როცა საფრანგეთშო ცხოვრების ვიზა ამოეწურა, ტაივანჩიკი პრობლემებს წააწყდა- ვიზა აღარ გაუგრძელეს. როგორც ამბობენ, ოლიმპიადაზე მომხდარი სკანდალი სწორედ საფრანგეთის ვიზასთან არის დაკავშირებული. ფიგურულ სრიალში ცეკვების შეჯიბრში სწორედ ტაივანჩიკის ჩარევით საფრანგეთის წარმომადგენლებმა – მარინა ანისინამ და გვენდალ პეიზერმა გაიმარჯვეს. სკანდალში ჩათრეული აღმოჩნდა საფრანგეთის საციგურავო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი დიდიე გალაგიე და მსაჯთა დიდი ჯგუფი. სკანდალის "შემომქმედი" კი იტალიაში, საკუთარ ვილაზე დააპატიმრეს. გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმაციით, ამერიკაში ექსრტადიციის შემდეგ, ტოხტახუნოვს სხვა ბრალდებებსაც წაუყენებენ. ცნობისთვის, კიდევ ერთი ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი – ვიაჩესლავ ივანკოვი, იგივე იაპონჩიკი, სასჯელს ამერიკის ციხეში იხდის.

თამარ ჩიქოვანი, რადიო თავისუფლებისთვის


პიტერ ო’ტული 70 წლისაა

ბიძინა რამიშვილი:
როლი, რომელმაც პიტერ ო’ტულს კინოს ისტორიაში ადგილი დაუმკვიდრა, ჩვენი მსმენელების დიდი ნაწილისთვის, შესაძლოა, უცნობი იყოს: ეს არის ლოურენსი არაბეთიდან 1962რ წელს გადაღებულ იმავესახელწოდებიან ფილმში. რატომ არ აჩვენებდნენ ამ, მრავალი ოსკარით დაჯილდოვებულ მონუმენტურ კინოსურათს საბჭოთა კავშირში, ჩვენთვის უცნობია. მაგრამ საქართველომდე ჩამოაღწია ზოგიერთმა სხვა ფილმმა პიტერ ო’ტულის მონაწილეობით და მათთან ერთად ბრიტანელი მსახიობით აღტაცებამ, რომლის მიზეზი ო’ტულის ნიჭთან ერთად მისი იშვითად შთამბეჭდავი გარეგნობა იყო.
ამ თემაზე უფრო მეტს მარიამ ჭიაურელი მოგითხრობთ.

მარიამ ჭიაურელი:
ფილმის ”ლოურენს არაბეთიდან” გადაღების შესახებ ერთ ასეთ ეპიზოდს ყვებიან – კინორეჟისორი დევიდ ლინი ეძებდა ჟესტს, დეტალს, რომლითაც უნდა გამოხატულიყო გარდატეხა მთავარი პერსონაჟის ცხოვრებაში. ლაპარაკია მომენტზე, როცა ინგლისელი ოფიცერი თომას ედუარდ ლოურენსი პირველად არის გამოწყობილი ბედუინის თეთრ ტანისამოსში, რათა არაბებთან ერთად იბრძოლოს მათი თავისუფლებისათვის. საერთოდ, დევიდ ლინი იმ არცთუ მრავალრიცხოვან რეჟისორებს მიეკუთვნებოდა, ვინც მსახიობის მოსაზრებებს ანგარიშს უწევს, და მან ამ შემთხვევაშიც მსახიობს მიანდო მეტად მნიშვნელოვანი ჟესტის მიგნება. თუ რა მოხდა შემდეგ, პიტერ ო’ტულის მემუარებში ვკითხულობთ: ”ასეთ სიტუაციაში ნებისმიერ ადამიანს თავისი გამოსახულების დანახვა მოუნდებოდა. მაგრამ როგორ გინდა მოიქცე? უდაბნოში ხარ, იქ კი არც სარკეა და არც წყალი. მე ასეთი რამ მომაფიქრდა: ხანჯალი დავაძრე და მის მოლაპლაპე ზედაპირს შევაცქერდი”.

ცხადია, ხანჯლის ზედაპირზე მსახიობი თავისი გამოსახულების ყველა დეტალით, მაგალითად თვალების ფერით ვერ დატკბებოდა – არადა, მსმენელებიდან, ალბათ, ბევრი დამეთანხმება, თუ ვიტყვი, რომ მაყურებელზე ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას პიტერ ო’ტულის ცისფერი თვალები და ამ თვალების გამომეტყველება ახდენს - თუნდაც 1968 წელს გადაღებულ ფილმში, ”ლომი ზამთარში”, სადაც ტანმაღალი მსახიობი მეფე ჰენრი მეორეს განასახიერებს. ან კიდევ ჩვენში ასევე მეტად პოპულარულ სურათში ”როგორ მოიპარო მილიონი”, რომელშიც პიტერ ო’ტულს პარნტიორობას უწევს დაუვიწყარი ოდრი ჰეპბერნი.

კინოკარიერის დაწყებამდე მსახიობმა ლონდონში ხელოვნების სამეფო აკადემია დაამთავრა და თეატრში მუშაობა დაიწყო – მისი ყველაზე გახმაურებული როლია შექსპირის ”ჰამლეტი”, რომელიც 1963მ წელს ლონდონის ეროვნულ თეატრში სახელგანთქმულმა ლოურენს ოლივიემ დადგა. სამეფო ოჯახის წევრები თუ ლიტერატურული გმირები პიტერ ო’ტულს კინოფილმებშიც არაერთხელ განუსახიერებია – იქნებოდა ეს ჰენრი მეორე თუ ტიბერიუსი, დონ კიხოტი თუ ლორდი ჯიმი, მსახიობი ყოველ როლს განუმეორებელ ხიბლს ჰმატება. მაგრამ დევიდ ლინისნაირი რეჟისორი პიტერ ო’ტულს აღარ ღირსებია – ხოლო 70-იან წლებში მძიმე კრიზისის შემდეგ (მსახიობი ცოლთან გაშორებისა და მშობლების გარდაცვალების შემდეგ ალკოჰოლს მიეტანა), პიტერ ო’ტულს მეორეხარისხოვან როლებზე დათანხმება უხდება. თუმცა, არის ერთი, 1980 წელს გადაღებული ფილმი, რომელმაც მსახიობს ჯერ-ჯერობით ბოლო დიდი წარმატება და ოსკარზე ნომინაცია მოუტანა: ეს გახლავთ ”ტრიუკების ოსტატი” და მსმენელებს, ვისაც ეს ფილმი უნახავს, ალბათ არ დავიწყებიათ მასში პიტერ ო’ტულის მიერ განსახიერებული ტირანი რეჟისორი. აქვე უნდა ითქვას, რომ მსახიობი 7-ჯერ იყო წარდგენილი ოსკარზე, შვიდივეჯერ უშედეგოდ.

პიტერ ო’ტული მუდამ ექსცენტრიკოსად ითვლებოდა. ცნობილია, მაგალითად, რომ კინოფილმის ”ლომი ზამთარში” პროდიუსერი მას ბილწსიტყვაობაში, სასტუმროს ავეჯის დაზიანებასა და ”ალკოჰოლის ორგიების” მოწყობაში ადანაშაულებდა. მაგრამ დღეს პიტერ ო’ტულს, სხვა თუ არაფერი, ასაკი მაინც აიძულებს მშვიდ ცხოვრებას. 2 აგვისტოს მას 70ი წელი შეუსრულდა.

[მუსიკა კინოფილმიდან ”ლოურენსი არაბეთიდან”]


ბენი კარტერი და ჩარლი ჰეიდენი

ბიძინა რამიშვილი:
იუბლარებზე საუბარი ამით არ დაგვიმთავრებია. დღეს ვსარგებლობთ შემთხვევით და ორ გამოჩენილ მუსიკოსზე, ჯაზის თვალსაჩინო წარმომადგენლებზე, ბენი კარტერზე და ჩარლი ჰეიდენზე გესაუბრებით. პირველს 8 აგვისტოს 95 წელი შეუსრულდა, უკანასკნელმა კი 65-ე დაბადების დღე იზეიმა ორი დღით ადრე.

[მუსიკა]

”როცა გავიზრდები, ბენი კარტერივით მინდა ვიყოო”, ინატრა ერთხელ მაშინ უკვე გამოჩენილმა მუსიკოსმა დიზი გილესპიმ. ”იგი ყველაფერი არის, რაც კი შეიძლება იყოს მუსიკოსიო”, ამბობდა ელა ფიცჯერალდი ბენი კარტერზე – საქსოფონისტზე, მესაყვირესა და კომპოზიტორზე. ლეგენდარული დიუკ ელინგტონის თქმით, კარტერმა უზარმაზარი გავლენა მოახდინა პოპმუსიკის განვითარებაზე. ლუი არმსტრონგისთვის კი ბენი კარტერი უკვე მაშინ იყო ”მეფე”, როცა ჯერ ნაკლებად იყო ცნობილი.

ერთი რამ ნამდვილად არ იწვევს ეჭვს: ბენი კარტერი ჯაზის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მრავალმხრივი და დროში გამძლე ფიგურაა. სვინგის ეპოქაში ერთ-ერთ საუკეთესო ალტ-საქსოფონისტად ითვლებოდა. საყვირზე არაჩვეულებრივად უკრავდა. ზოგიერთ ცნობილ ჩანაწერში კი კლარნეტის, ფორტეპიანოს ან ტენორ-საქსოფონის ოსტატად გვევლინება. ბენი კარტერი-კომპოზიტორი მუსიკას წერდა ჯაზის ყველა მიმართულებისთვის, სვინგიდან ჯაზ-როკამდე. 20-იანი წლების ბოლოს და 30-იან წლებში ჩარლი ჯონსონის, ფლეჩერ ჰეონდერსონისა თუ მაკკინსის ”კოტონ პიკერისთვის” წერდა. მოგვიანებით კი საკუთარი ორკესტრისთვის ქმნიდა მუსიკას. მის კალამს ეკუთვნის, მაგალითად, ქაუნთ ბეისის ცნობილი Kansas City Suite და მუსიკა სარა ვონის გვიანდელი ალბომებისთვის.

1907 წელს ნიუ იორკაში დაბადებულ ბენი კარტერი მეორე მსოფლიო ომის ბოლომდე აქტიურად გამოდიოდა ჯაზბენდებში. 1946 წელს კი ჰოლივუდმა მიიზიდა და სტუდიის კომპოზიტორად დაიწყო მუშაობა. იგი დაჯილდოებულია გრემებით, კენედისა და ლინკოლნის ცენტრის საპატიო ჯილდოებით. 2000 წელს შეერთებული შტატების მაშინდელმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა თეთრი სახლიდან წასვლის წინ შეერთებული შტატების ხელოვნების მედალი მიანიჭა მას. ნახევარი წლის შემდეგ კი კარტერს საფრანგეთის ”ხელოვნების ორდენი” ერგო.

[მუსიკა]

სრულიად განსხვავებულ სამყაროს განეკუთვნება კონტრაბასისტი ჰარლი ჰეიდენი. იგი ე.წ. ”თავისუფალი ჯაზის” ერთ-ერთი დამაარსებელია ავანგარდისტ საქსოფონისტ, ორნეტ კოლმანთან ერთად. ჰეიდენი არასოდეს მოქცეულა რომელიმე სტილისტური მიმართულების მარწუხებში. 60-70-იან წლებში კოლმანთან და კით ჯარეტთან ერთად, შემდეგ კი საკუთარ ანსამბლ Liberation Music Orchestra-ში იგი დისონანსურ მუსიკას უკრავდა, თუმცა მუსიკალური კარიერის უდიდესი ნაწილი მაინც ლირიულ და ჰარმონიულად მარტივ ესთეტიკას დაუთმო. ამის საუკეთესო მაგალითებია მისი ჩანაწერები საქსოფონისტ იან გარბარეკთან, გიტარისტებთან ეგბერტო გისმონტისთან ან პატ მეთინისთან ერთად.

[მუსიკა]

ჰეიდენი არასოდეს უკრავს ორ ნოტს, სადაც კმარა ერთი ან, საერთოდ, არცერთი. მას არასოდეს ახასიათებდა თვალშისაცემი სტილი. სამაგიეროდ მისი ბგერა და გამომსახველობის ინტენსივობა მას მრავალ სხვა მუსიკოსს შორის გამოარჩევს. დაკვრის ტემპი და ტექნიკა არასოდეს ყოფილა მისი სამარკო ნიშანი. ჰეიდენი უფრო თავისი ინსტრუმენტის ტემბრულ შესაძლებლობებს იკვლევს.

ჩარლი ჰეიდენი მუსიკალურ ოჯახში დაიბადა. მისი ოჯახური ბენდი ადგილობრივ დღესასწაულებზე გამოდიოდა. 30-იანი წლების ბოლოს კი ჰეიდენებს საკუთარი შოუც ჰქონდათ პროვინციულ რადიოში. ოჯახურ ბენდში თავად ჩარლის დებიუტი წლისა და ათი თვის ასაკში შედგა მას მერე, რაც შენიშნეს, რომ ბავშვი დედის ნანას აყოლებდა ხმას.

1955 წელს შედგა ჩარლის დებიუტი კონტრაბასზე. ორი წლის შემდეგ კი ლოს ანჯელესში გადავიდა და პიანისტ ელმო ჰოუფთან და საქსოფონისტ არტ პეპერთან ერთად უკრავდა. დაახლოებით იმხანად მოუსმინა ჯაზის რევოლუციონერს, საქსოფონისტ ორნეტ კოლმანს, რომელიც მაშინ ჯერი მალიგანის ბენდთან ერთად გამოდიოდა ლოს ანჯელესში. მალიგანთან კოლმანის თანამშრომლობამ დიდხანს არ გასტანა. სამაგიეროდ მას ახალგაზრდა ჰეიდენი დაუახლოვდა და მასთან ერთად ნიუ იორკში გადავიდა. მალე მათ თანამოაზრეებთან, მესაყვირე დონ ჩერისთან და მედოლე ბილი ჰიგინსთან ერთად ჩამოაყალიბეს ჯგუფი, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ჯაზის განვითარებაზე.

60-იან წლებში ჰეიდენი მთელ რიგ გამოჩენილ მუსიკოსებთან ერთად უკრავდა. მათ შორის საკუთარ ბიგ ბენდში Liberation Music Orchestra, რომელიც მემარცხენე იდეებს ქადაგებდა. უკანაკნელი ორი ათწლეულის მანძილზე ორკესტრი რამდენჯერმე ხელახლა შეიკრიბა. ბოლო ხანებში კი ძირითადად ბოპზე ორიენტირებულ Quartet West-ში უკრავს ტენორ-საქსოფონისტ ერნი უატსთან, პიანის ალან ბროდბენტთან და მედოლე ლარანს მარბლთან ერთად. საშემსრულებლო კარიერის პარალელურად ჰეიდენი აქტიურად იღვწის ახალგაზრდა თაობების ხელშეწყობისთვის. მან დიდი წვლილი შეიტანა საუნივერსიტეტო დონეზე ჯაზის სწავლების საქმეში.

რახან ახალგაზრდა თაობა ვახსენეთ, აქვე მინდა გაგაცნოთ ჩვენი თანამემამულე, გერმანიაში მცხოვრები ქართველი მუსიკოსი გიორგი კიკნაძე, რომელსაც ბედმა ჩარლი ჰეიდენთან ერთად დაკვრა არგუნა შლეზვიგ-ჰოლშტაინში, ზალცაუს ჯაზ-ფესტივალზე.

[გიორგი კიკნაძის ხმა. იხ. აუდიოვერსია]

ეს გახლდათ გიორგი კიკნაძე, რომელსაც ტელეფონით დავუკავშირდით კახეთში, სადაც იგი ამჟამად იმყოფება არდადეგებზე. ჩანაწერის ხარვეზების გამო, რაც უხარისხო სატელეფონო კავშირით არის გამოწვეული, ბოდიშს მოგიხდით.

აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გიორგის სტუდენტობა მივულოცო. სულ ახლახან იგი ჰამბურგის მუსიკისა და თეატრის უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხა ჯაზის კონტრაბასის სპეციალობაზე. ვინ იცის, იქნებ მომავალში მის შესახებაც მოგვიწიოს გადაცემის მოწყობა.

იმედია, ბენი კარტერი და ჩარლი ჰეიდენი არ გვიწყენენ ამ გადახვევას. მით უმეტეს, რომ მათ ხელოვნებაზე მთელი თაობები გაიზარდა და ალბათ მომავალშიც გაიზრდება.

[მუსიკა]

წამყვანი: თქვენ მოისმინეთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგი გამოშვება, რომელიც პრაღაში მოამზადეს დავით კაკაბაძემ და ბიძინა რამიშვილმა. გადაცემას უძღვებოდა ბიძინა რამიშვილი. თბილისის ბიუროში ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე.
მომავალ პარასკევამდე.
XS
SM
MD
LG