Accessibility links

ერაყის წინააღმდეგ გალაშქრების საკითხში ამერიკელ კონგრესმენებს შორის განხეთქილებაა


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციაში ჯერაც არ გადაუწყვეტიათ, საჭიროა თუ არა ერაყის დიქტატორის სადამ ჰუსეინის ჩამოსადგებად სამხედრო ნაბიჯების გადადგმა.

ამ საკითხში ერთსულოვნება არც კონგრესში შეინიშნება. კვირას კონგრესმენები გაცხარებით კამათობდენ იმის თაობაზე, მართებს თუ არა შეერთებულ შტატებს ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყება.

შეერთებული შტატების სენატის შეიარაღებულ ძალთა კომიტეტის თავმჯდომარემ დემოკრატმა კარლ ლევინმა განაცხადა, რომ ერაყთან ომი მას გარადაუვლად არ მიაჩნია. არ შეიძლება სამხედრო აქციების დაწყება საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშეო, თქვა მან და დასძინა, რომ შეერთებულ შტატებს ჯერჯერობით მხოლოდ ბრიტანეთი უჭერს მხარს.

გასულ კვირაში თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა განაცხადა, რომ გაეროს სანქციები და ფრენებისთვის აკრძალული ზონის შემოღება საკმარისი არ გამოდგა სადამის აგრესიის შესაჩერებლად. სენატორი ლევინი ამ მოსაზრებას არ იზიარებს. მისი თქმით, სანქციებიც და ფრენისთვის აკრძალული ზონის შექმნაც თავის დანიშნულებას ასრულებს. ერაყზე თავდასხმა სწორი არ იქნებოდაო, ამბობს სენატორი.

მაგრამ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, გავლენიანმა რესპუბლიკელმა რიჩარდ ლუგარმა თქვა, რომ პრეზიდენტ ბუშის განზრახვა, ომი დაიწყოს, გამართლებულია: “თუ ის გადადებს თავდასხმას და პროვოკაციას დაელოდება, შეიძლება დიდი, ძალიან დიდი კატასტროფა მოხდესო.”

მაგრამ დემოკრატები აძლიერებენ ზეწოლას ბუშზე და მის გუნდზე და ითხოვენ დასაბუთებას, რატომ არის ასე აუცილებელი ერაყზე იერიში. დემოკრატთა აზრით, სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე ბუშმა კონგრესის თანხმობა უნდა მიიღოს.

გასულ კვირაში დემოკრატებს სრულიად მოულოდნელად დაუჭირა მხარი წარმომადგენელთა პალატის რანგით მეორე რესპუბლიკელმა წევრმა დიკ არმიმ, რომელმაც ადმინისტრაციას მოუწოდა, თავი შეიკავოს ერაყის წინააღმდეგ გალაშქრებისგან.

ამასობაში, შაბათს, ერაყის ოპოზიციური ჯგუფების ლიდერები შეხვდნენ რამსფელდს, ხოლო ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინისთან ვიდეოკონფერენცია მოაწყვეს, რის შემდეგაც გამოთქვეს რწმენა, რომ შეერთებული შტატები სადამ ჰუსეინს ჩამოაგდებს. “ერაყელმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მათი განთავისუფლების დღე, ღვთის წყალობით, ახლოვდება”, თქვა ერთ-ერთმა მათგანმა.

მაგრამ თვით ბუში, როგორც ჩანს, არ ჩქარობს. პარასკევს მან განაცხადა, აუცილებელი არ არის, საომარი მოქმედებები წლეულსვე დაიწყოსო. სენატორ ლევინს კი ეჭვი ეპარება, სადამმა მასობრივი განადგურების იარაღს მიმართოს, ვინაიდან იცის, რომ ამას ნამდვილად მოჰყვება მისი განადგურება. მაგრამ თუ სადამ ჰუსეინს თავს დაესხმებიან, ის ამ იარაღს უეჭველად გამოიყენებსო, ამბობს სენატორი.
XS
SM
MD
LG