Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოციალისტური რეალიზმის დაბადება


ყოველკვირეული პროგრამის “ოქროს საუკუნის” დღევანდელ

გამოშვებაში დავასრულებთ საუბარს 70 წლის წინათ, საბჭოთა, მათ შორის, ქართულ კულტურაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ხელისუფლების მიერ კულტურის სფეროში განხორციელებული რეპრესიები და, პირველ რიგში, ლიტერატურულ-მხატვრული ორგანიზაციების აკრძალვა განაპირობა მაქსიმ გორკისა და სტალინის მიმოწერამ, რომელიც 1932 წელს გორკის გამოგონილი ეგრეთ წოდებული “შემოქმედებითი მეთოდის” – სოციალისტური რეალიზმის შემოღებით დაგვირგვინდა.

1929 წელს მაქსიმ გორკი ციმბირელმა პოეტებმა გააკრიტიკეს. მწერალი, რომელსაც საბჭოთა ხელისუფლება თავიდანვე მოწიწებით ეპყრობოდა, რომლის მკურნალობა იტალიაში იმხანად მთავრობამ დააფინანსა, ნოვოსიბირსკელი პოეტების ამ ერთმა ჯგუფმა ისე გააბრაზა, რომ საგანგებოდ ჩავიდა ნეაპოლიდან მოსკოვში; პირადად შეხვდა სტალინს და პირველად გამოთქვა აზრი ლიტერატურული ორგანიზაციების გაუქმების შესახებ. იმ პერიოდში გორკი თბილისსაც ეწვია. 1931 წელს, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების მეათე წლისთავთან დაკავშირებით მან გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც აღნიშნავდა: “თქვენმა ულამაზესმა ბუნებამ და თქვენმა რომანტიკულმა სიფაქიზემ – სწორედ ამ ორმა ძალამ მომცა ბიძგი, რომ მაწანწალიდან ლიტერატორი გავმხდარიყავიო”.

საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, როცა ლიტერატურის ცენტრალური სახელმწიფო არქივი, რუსულად ЦГАЛИ, უფრო გამჭვირვალე გახდა და საზოგადოება 20-იანი, 30-იანი წლების საიდუმლო დოკუმენტებს გაეცნო, აღმოჩნდა, რომ ამ პერიოდში მაქსიმ გორკი განსაკუთრებით დაუახლოვდა სტალინს, მიმოწერა გააჩაღა მასთან. შეიძლება ითქვას, რომ იგი აღფრთოვანებული იყო არა იმდენად საქართველოს “რომანტიკული სიფაქიზით”, რამდენადაც უფრო სტალინის სამშობლოთი, იმ სტალინისა, რომელმაც გორკი “მწერალი-მაწანწალიდან მწერალ-ლიტერატორად აქცია”.

1930 წლის ოქტომბერში სტალინი გორკის უაღრესად თბილსა და მეგობრულ წერილს უგზავნის იტალიაში: “ახლახან გამოვედი შვებულებიდან. დიდი ხანია, არ მომიწერია თქვენთვის. ცუდად მოვიქეცი, უნდა მაპატიოთ. მითხრეს, რომ წერთ პიესას მავნებლების შესახებ (სტალინს მხედველობაში აქვს გორკის პიესა “სომოვი და სხვები”). მეც შემიძლია მოგაწოდოთ შესაბამისი მასალა. როდის აპირებთ საბჭოთა კავშირში ჩამოსვლას?”. ორი კვირის შემდეგ სტალინს გორკის პასუხი მიუვიდა: “მე ვიცი, რომ თქვენ გაგიმძაფრდათ ჩვენი საერთო მტრის სიძულვილი. ჯერჯერობით შევწყვიტე იმ პიესის წერა, რომელიც “მავნებლებს” ეძღვნება. მასალა ცოტა მაქვს. იმედია, დამეხმარებით”.

ამასობაში სტალინის ბრძანებით კრემლი იღებს სპეციალურ დადგენილებას “მაქსიმ გორკის მოღვაწეობის 40 წლისთავის აღსანიშნავად”. მწერალი მოსკოვში ბრუნდება, მაგრამ სტალინთან მიმოწერა ისევ გრძელდება.

1932 წლის იანვარი. გორკი სტალინს. “რაპი” პრიმიტიული ორგანიზაციაა. ისინი ამარტივებენ ლიტერატურის არსს. “მავნებელთა” ამ ჯგუფების მოღვაწეობის გამო ჩვენმა ახალგაზრდა მწერლებმა არ იციან, სად წავიდნენ და როგორ იარონ.”

იმავე წლის მარტი. გორკი სტალინს. “გამომცემლობა “აკადემიის” ხელმძღვანელი ილია იონოვი, ფაქტობრივად, გაუწონასწორებელი პიროვნებაა, ვერ იტანს მასზე ჭკვიან, განათლებულ ადამიანებს, ინდივიდუალისტია, ამ სიტყვის ყველაზე უარესი გაგებით.”

ასე რომ, “დონოსების” სტილი, რომელიც ცოტა ხანში მთელი საბჭოთა კულტურისთვის გახდება დამახასიათებელი, ნელ-ნელა მკვიდრდებოდა გორკისა და სტალინის მიმოწერაში. ბელადი მწერალს მავნებლების შესახებ “მასალას” აწვდიდა. მწერალი კი ქმნიდა ე.წ. “მხატვრულ ნაწარმოებებს”, რომელსაც “რეალიზმის” პრეტენზია აღარ ჰქონდა. ეს იყო არა “რეალიზმი”, არამედ “სოციალისტური რეალიზმი”. მაგრამ ამ კონტრაქტს არა მარტო ხელისუფლების, არამედ “პროლეტარი მწერლის”, მაქსიმ გორკის ამბიციებიც უნდა დაეკმაყოფილებინა. გორკის საშუალება ჰქონდა შური ეძია იმაზე, ვინც ოდესღაც მის შემოქმედებაზე ქილიკობდა – ციმბირელ პოეტებზე, გამომცემლობა “აკადემიაზე”, რაპზე... მართლაც რომ მასზე ჭკვიან, ნიჭიერ და განათლებულ ადამიანებზე, ინდივიდუალისტებზე. ისინი მას, როგორც მაწანწალა ლიტერატორს, როგორც პლებეის, განუწყვეტლივ ჩაგრავდნენ, დასცინოდნენ, თავიანთ ლიტერატურულ გაერთიანებებში არ იღებდნენ. დახმარებისთვის იტალიიდან დაბრუნებულმა მწერალმა მიმართა “რომანტიკულად ფაქიზ” ადამიანს, რომელსაც მასავით სძულდა ინდივიდუალისტი-ინტელექტუალები. და გაიმარჯვა კიდეც – 1932 წელს შემოქმდებითი გაერთიანებები აიკრძალა. გორკის მიერ მოგონილი “სოციალისტური რეალიზმი” საბჭოთა ხელოვანთა შემოქმედებით მეთოდად გამოცხადდა.

რუსეთის კომპარტიის დადგენილება, რომელიც ლიტერატურ-მხატვრული ორგანიზაციების ეგრეთ წოდებულ “გარდაქმნას”, სინამდვილეში კი სრულ ლიკვიდაციას მიეძღვნა, ხელოვნების ყველა დარგს შეეხო. მაგრამ განსაკუთრებული აქცენტი მუსიკაზე გაკეთდა. იმის გათვალისწინებით, რომ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ძალდატანებით შესული რესპუბლიკების მოსახლეობა, განსაკუთრებით შუა აზიაში, რუსულ ენას ცუდად ფლობდა (ამიტომ სოცრეალიზმის პროპაგანდა ლიტერატურაში პირველ ეტაპზე ეფექტიანი ვერ იქნებოდა), მაქსიმ გორკიმ “სოცრეალისტური მუსიკის” აგიტაცია გადაწყვიტა. კრემლში გაიხსენეს ჯერ კიდევ 1928 წელს დაარსებული “საბჭოთა არმიის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი”, დადგენილების გამოქვეყნებამდე სტალინი პირადად შეხვდა მის ორგანიზატორს, ალექსანდრე ალექსანდროვს და “ახალი მუსიკა” დაუკვეთა.

[მუსიკა]

მაქსიმ გორკის ინიციატივით დადგენილებაში შევიდა შემდეგი მუხლი: “მასობრივად შესრულდეს ის რევოლუციურ-ხალხური სიმღერები, რომელიც, ამ სიმღერების საწინააღმდეგოდ წარმართული კამპანიის გამო, ჩვენი ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში უსამართლოდ დაივიწყეს. საბჭოთა კომპოზიტორები დაუყონებლივ შეუდგნენ მასობრივ სიმღერებსა და სამხედრო მარშებზე მუშაობას.”

რა თქმა უნდა, ასეთი მუსიკის აგიტაციაც შურისძიების თავისებური ფორმა იყო. იოლად დასამახსოვრებელ, მაგრამ, როგორც წესი, აგრესიულ მელოდიებს მშიერი, გორკის სიტყვებს თუ გავიხსენებთ, “მაწანწალა მოსახლეობა” ადვილად აიტაცებდა და რისხვას ე.წ. “მავნებლებისკენ” მიმართავდა. საბჭოთა პროპაგანდა იმ მხატვრებს, კომპოზიტორებს, მწერლებს, რომლებიც თავად ხელოვნების ენის დახვეწაზე მუშაობდნენ, ნოვატორებს, რომლებიც სხვადასხვა, როგორც წესი, ექსპერიმენტულ ჯგუფებში იყვნენ გაერთიანებულნი, ხალხისგან განდგომილებად გამოაცხადებდა. მოკლედ, ხალხი მხარს დაუჭერდა ლიტერატურულ-მხატვრული ორგანიზაციების გაუქმებას.

1932 წელს ალექსანდროვის ანსამბლმა საბჭოთა კავშირის ქალაქებში იმოგზაურა. რეცენზიებში, რომელიც ამ მუსიკას მიუძღვნეს, უკვე ხმარობდნენ განსაზღვრებას “სოციალისტური რეალიზმი”.

[მუსიკა: ალექსანდროვის ანსამბლი]

ჩვენ შორსა ვართ იმ აზრისგან, რომ რეპრესიების ხანა, რომელიც 1932 წელს საბჭოთა კულტურაში დაიწყო, მხოლოდ მაქსიმ გორკიმ და მისმა არასრულფასოვნების კომპლექსმა განსაზღვრა. გორკი, უბრალოდ, სიმბოლო იყო, რომელიც ხელისუფლებამ ძალიან კარგად გამოიყენა. ისიც ფაქტია, რომ 1934 წელს საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირის ყრილობამ სწორედ მაქსიმ გორკი აირჩია თავის თავმჯდომარედ. მეორე დღეს “ნკვდ”-ეს აგენტები, გრიფით “საიდუმლოდ” კრემლს მწერალ მარიეტა შაგინიანის მიერ ყრილობაზე გამოთქმულ მოსაზრებას გააცნობენ: “გორკი ნაროდნიკია, ოღონდ ნაროდნიკი მეშჩანების წრიდან.”

მეშჩანი-ხალხოსნები, რომლებმაც განათლებაც ვერ მიიღეს ბოლომდე მწერალთა პირველი ყრილობის პრეზიდიუმში მოხვდებიან. ამიერიდან ისინი უმღერიან ადამიანს, რომელიც, თავის მხრივ, ასე შეფასდა მწერალთა პირველ ყრილობაზე გავრცელებულ პროკლამაციაში: “ჩვენ, რუსეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჯგუფების წევრები, მოგმართავთ უცხოელ მწერლებს: ვშიშობთ, რომ რამდენიმე წლის შემდეგ იოსებ ჯუღაშვილი (სტალინი), რომელმაც ქართულ სემინარიაში სწავლაც კი ვერ დაასრულა, აღარ დაკმაყოფილდება “მსოფლიო ფილოსოფოსის” წოდებით და ნაბუქოდონოსორის მსგავსად, მოითხოვს მწერლებისგან, რომ მას თუნდაც “ღვთაებრივი ხარი” უწოდონ.”

ამ მიზნის მისაღწევად სტალინი გორკის მაშინაც კი გამოიყენებს, როცა სოციალისტური რეალიზმის ფუძემდებელი ცოცხალი აღარ იქნება. 20 წლის შემდეგ, 52-ში, სტალინი გორკის საშუალებით, თვით რევოლუციის ბელადს – ლენინს შეუტევს. საბჭოთა კავშირის ისტორიის ამ ნაკლებად ცნობილი ფაქტის შესახებ “ოქროს საუკუნის” შემდეგ გადაცემაში გიამბობთ.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG