Accessibility links

logo-print

ირანმა საუდის არაბეთს “ალ ყაიდის” 16 წევრი გადასცა


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა თეირანმა უხმაუროდ დააკავა და გადასცა საუდის არაბეთს “ალ ყაიდის” 16 მებრძოლი, რომლებმაც შარშან, შემოდგომაზე, ავღანეთში თალიბანის რეჟიმის დამხობის შემდეგ, თავშესაფარი ირანში ჰპოვეს.

ამის შესახებ შაბათს გამოაცხადა საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უფლისწულმა საუდ ფეისალმა.

“ალ ყაიდის”ყველა გაცემული მებრძოლი საუდის არაბეთის მოქალაქეა. ირანის ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ საუდის არაბეთში მათი დაკითხვის შედეგად მიღებული ინფორმაცია, შეერთებულ შტატებს გადაეცემა და გამოყენებული იქნება ტერორიზმის წინააღმდეგ ომში, თქვა უფლისწულმა.

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეს განცხადება გააკეთა ჯიდაში, თავის რეზიდენციაში, სადაც მისი კაბინეტის კედელზე შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის სურათი ჰკიდია.

თეირანსა და ვაშინგტონს შორის რიადის შუამავლობით თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბუშის ადმინისტრაციამ ირანი, ერაყთან და ჩრდილოეთ კორეასთან ერთად, ”ბოროტების ღერძის” ქვეყნებს მიაკუთვნა.

შეერთებული შტატები კარგა ხანს ირწმუნებოდა, რომ ავღანეთიდან გაქცეული “ალ ყაიდის” მებრძოლები ირანის შიიტი მუსლიმანების ლიდერებმა შეიფარეს.

საუდ ფეისალმა თქვა, აგრეთვე, რომ მიუხედავად იმისა, რომ “ალ ყაიდის” ლიდერი ოსამა ბინ ლადენი და მისი ზოგიერთი მიმდევარი საუდის არაბეთიდან არიან, რიადის მთავრობა იზიარებს შეერთებული შტატების მიზანს ბინ ლადენი და მისი ქსელი მართლმსაჯულებას გადასცეს.

“ალ ყაიდის” შესახებ ჩვენს მიერ მიღებული ნებისმიერ ინფორმაციას ჩვენ შეერთებულ შტატებს გავუზიარებთო”, თქვა საუდის არაბეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. მისი სიტყვით, მაისში საუდის არაბეთის ოფიციალურ პირთა ჯგუფი გაემგზავრა თეირანში, 16 ალყაიდელის დასაკითხად. მებრძოლებთან ერთად დაკავებულ იქნა ოთხი ქალი და ექვსი ბავშვი. ივნისში ყველანი საუდის არაბეთში გადააფრინეს.

ირანი დიდი ხნის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ მის ტერიტორიაზე “ალ ყაიდის” წევრები არ იმყოფებიან. თეირანმა ჯერ კიდევ თებერვალში განაცხადა, რომ ავღანეთიდან ირანში გადავიდა 100-მდე არაბი, მაგრამ, მათ შორის არც ერთი არ ეკთვნის “ალ ყაიდასო”. ყველანი ლტოვილები არიანო, ამტკიცებდა თეირანი.

დაკავებული არაბები, მათი დაკითხვის შემდეგ, ირანმა საიდუმლოდ გადასცა არაბულ ქვეყნებს – მათ შორის საუდის არაბეთს, იორდანიას და ეგვიპტეს.

საუდის არაბეთისთვის ივნისში 16 პატიმრის გადაცემა არის თეირანსა და რიადს შორის ურთერთობათა გაუმჯობესბეის კიდევ ერთი ნიშანი. ურთიერთობები დაიძაბა ირანის 1979 წლის რევოლუციი სშემდეგ. მაგრამ საუდ ფეისალის ვარაუდით, “ალ ყაიდასთან” ბრძოლის საქმეში ირანი შეერთებულ შტატებთან უშუალოდაც თანამშრომლობს. მინისტრს არ დაუზუსტებია, რაში გამოიხატება ეს თანამშრომლობა.

საუდ ფეისალის თქმით, შეერთებული შტატები და საუდის არაბეთი უზიარებენ ერთმანეთს ინფორმაციას და ეს არის მხოლოდ ერთი მაგალითი თანამშრომლობისა, რომელიც მიმდინარეობს კონტრტერორიზმის ერთობლივი კომისიის ჩარჩოებში. კომისია ხუთი წლის წინათ იქნა დაარსებული და მისი მუშაობა ბოლო 10 თვის განმავლობაში განსაკუთრებით ინტენსიური გახდა.

კომისიაში მუშაობენ ორივე ქვეყნის სამხედრო, სადაზვერვო და სამართალდამცველი სფეროების წარმომადგენლები, რომლებიც თვეში, ან ორ თვეში ერთხელ იკრიბებიან.

მიუხედავად ამისა, ვაშინგტონში ზოგიერთი საუდის არაბეთს ადანაშაულებს ტერორიზმის წაქეზებაში, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ისლამური სკოლებისა და მეჩეთების სპონსორობის მეშვეობით.

საუდ ფეისალმა კატეგორიულად უარყო ეს ბრალდება თქვა რა, რომ “ალ ყაიდა” საუდის არაბეთის დაუძინებელი მტერია, რომლის მიზანი მონარქიის დამხობა და შეერთებულ შტატებთან მისი ურთიერთობების დაძაბვაა.

მინისტრის სიტყვით, საუდის არაბეთი შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურებს ისლამის სამყაროში უხსნის გზას.

საუდის არაბეთის ოფიციალური პირების თქმით, შარშანდლის შემდეგ მთავრობამ დაკითხა ავღანეთში, ბოსნიასა და ჩეჩნეთში ნამყოფი ორიდან სამი ათასამდე საუდის არაბეთის მოქალაქე, რომელთა მიმართ არსებობდა ეჭვი, რომ ისინი საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ. აქედან 200-მდე პირი დააპატიმრეს. ოფიციალური პირების თანახმად, პატიმრებისგან მიღებული ინფორმაციით “ალ ყაიდაში” განხეთქილებაა იმის თაობაზე, შეიძლება თუ არა დარტყმა ისეთ ობიექტზე, რომლის შედეგადაც მუსლიმანებიც დაიღუპებიან.
XS
SM
MD
LG