Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მორიგი სამხედრო ინციდენტი კოდორის ხეობაში


რუსული წყაროებით გავრცელებული პროგნოზი გამართლდა: დაძაბულობა საქართველოში პანკისის ხეობიდან კოდორის მიმართულებით გავრცელდა.

კოდორის ხეობის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ნაწილში მოზრდილი შეიარაღებული ჯგუფის გამოჩენის გამო, საქართველოს მხარეს სასაზღვრო ჯარებისა და თავდაცვის ადგილობრივი ძალების მობილიზება მოუხდა. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოჭრილი ჯგუფი რუსი სამხედროებისგან და აფხაზი ბოევიკებისგან შედგებოდა, თუმცა, თავდაცვის სამინისტრომ დააზუსტა, რომ ჯგუფი აფხაზთა მხარეს ეკუთვნოდა. მარუხის უღელტეხილის მიდამოებში ეს ჯგუფი ორი დღე-ღამის მანძილზე მოძრაობდა.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე და აფხაზთა ეგერთ წოდებული პრემიერი ანრი ჯერეგნია კოდორის ხეობაში შექმნილ ვითარებაზე სამშაბათს, გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში იმსჯელებენ. მანამდე, როგორც ავთანდილ ჯორბენაძემ ორშაბათს განმარტა, კოდორის ხეობაში მხარეები სტატუს კვოს შეინარჩუნებენ და არავითარ ზომებს არ მიიღებენ. ანრი ჯერგენიამ, სწორედ ავთანდილ ჯორბენაძესთან სატელეფონო საუბრისას აღიარა, რომ მარუხის უღელტეხილის მიდამოებში გამოჩენილი შეიარაღებული ასეული აფხაზთა მხარეს ეკუთვნოდა. ამავეს ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის სამინიტროც და მაინც, კოდორის ხეობის ზედა ზოლში ანუ აფხაზეთის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ნაწილში განხორციელებულ სამხედრო მანევრში რუსების მონაწილეობის სრული გამორიცხვა დამაეჭვებელი დარჩა.

კოდორის ხეობაში კონფლიქტის პროვოცირებაში და 1994 წლის შეთანხმების იგნორირებაში (ეს შეთანხმება მხარეებს შეიარაღებული დაპირისპირების თავიდან აცილებას ავალდებულებს), რუსეთის საგარეო საქმეთა სამინსიტრომ საქართველოს ამ რამდენიმე დღის წინ დასდო ბრალი და კოდორის ხეობაში საქართველოს კუთვნილი ამერიკული სამხედრო ვერტმფრენების გამოჩენის შესახებ ინფორმაციაც გაავრცელა. სანაცვლოდ, მარუხის უღელტეხილის მიდამოებში მოზრდილი შეიარაღებული ჯგუფი გამოჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მიერ კონტროლირებად ნაწილში ის კვირას შემოიჭრა და პოზიციის გამაგრებას შეეცადა. ამავე ჯგუფმა ცეცხლი გაუხსნა სატრანსპორტო ვერტმფრენეს, რომელშიც კოდორის ხეობაში პრეზიდენტის რწმუნებული ემზარ კვიციანი იმყოფებოდა. ეს ფაქტი, რომლის შესახებაც ინფორმაცია ემზარ კვიციანმა გაავრცელა, თავდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა. სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებისთვის მიცემულ ინტერვიუებში კვიციანი კოდორის ხეობაში რუსი და აფხაზი შეიარაღებულების გამოჩენაზე საუბრობდა. სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ კი, ანრი ჯერგენიასთან საუბრის შემდეგ, კატეგორიული ტონით განაცხადა, რომ კოდორში რუსეთის დესანტი არ არის და არც ყოფილა.

ორშაბათს საღამოს კოდორის ხეობაში არსებულ ვითარებაზე მკვეთრი წარმოდგენის შექმნა შეუძლებელი იყო, რადგან ოფიციალური სტრუქტურები იქ არსებული ვითარების შესახებ ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებდნენ. საზღვრის დაცვის დეპარტამენტის პრესსამსახური კოდორის ხეობიდან აფხაზთა შეიარაღებული ჯგუფის განდევნის შესახებ იუწყებოდა, განსხვავებით თავდაცვის სამინისტროსგან, რომლის მიერ გავრცელებული განცხადებაც, ხეობაში ვითარებას უმართავად და ფეთქებადსაშიშად წარმოადგენდა. განცხადებით, რომელშიც აფხაზი სეპარატისტებისა და მათ უკან მდგომი ძალების მიერ შეიარაღებული კონფლიქტის განახლების მცდელობაზეა საუბარი, თავდაცვის სამინისტრომ საქართველოში აკრედიტირებულ მისიათა სამხედრო ატაშეებს მიმართა თხოვნით, რათა საქართველოს მეგობარმა ქვეყნებმა ყველა ღონეს მიმართონ კონფლიქტის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. საქართველოს თავდაცვის უწყება კოდორის ხეობაში მომხდარს ახმეტის რაიონში ანტიტერორტიული სამხედრო სწავლების ჩატარების გეგმას უკავშირებს. ვერსია წარსულის გამოცილებას ეყრდნობა. ეს სწავლება აპრილში უნდა გამართულიყო, მაგრამ კოდორის ხეობაში რუსეთის სამხედრო დესანტის გადმოსხმის გამო ჩაიშალა. აპრილის ცნობილი ინიციდენტი, მშვიდობიანად, საქმეში პრეზიდენტის ჩარევის შემდეგ დასრულდა. ედუარდ შევარდანძე მაშინ კოდორის ხეობაში ჩავიდა და რუს სამხედროებს შეხვდა. კოდორის ხეობის მორიგ სამხედრო მანვერთან დაკავშირებით, ორშაბათის ტრადიციულ რადიოინტერვიუში მან მშვიდი ტონით ისაუბრა. ვნახოთ, როგორ და რამდენად განმუხტავს სიტუაციას ავთანდილ ჯორბენაძის და ანრი ჯერგენიას შეხვედრა.
XS
SM
MD
LG