Accessibility links

logo-print

პანკისისა და კოდორის ხეობები – რუსეთის პოლიტიკური ზემოქმედების ბერკეტები


ეკა წამალაშვილი, გიორგი კაკაბაძე, თბილისი პანკისისა და კოდორის ხეობების საკითხები ისევ რჩება რუსეთისათვის საქართველოზე ზემოქმედების ბერკეტებად. წინა კვირის რუსეთის პრესაში გამოქვეყნებული წერილებიც მეტყველებს ამას.


რუსეთის მინისტრები, ივანოვები განაგრძობენ შეტევას საქართველოს წინააღმდეგ. 8 აგვისტოს გაზეთი “კომერსანტი” წერს, რომ
“საგარეო უწყების მეთაურმა იგორ ივანოვმა დაადასტურა მოსკოვის
მზადყოფნა, აუცილებელი ხელშეწყობა აღმოუჩინოს საქართველოს
პანკისის ხეობაში ტერორიზმის ბუდის აღმოსაფხვრელად. ამასთან
ერთად, მინისტრმა კვლავ გამოთქვა უკმაყოფილება საქართველოს ხელისუფლების მიმართ საზღვარზე დაკავებული ტერორისტების
რუსეთის მხარისათვის გადაცემაზე უარის გამო “.

რაც შეეხება მეორე ივანოვს, თავდაცვის მინისტრს, მან 10 აგვისტოს,
ქალაქ კასპიისკში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ
“პანკისის ხეობაში მყოფ ჩეჩენ ბოევიკთა და დაქირავებულ უცხოელთა
პრობლემა მხოლოდ ძალის გამოყენებით შეიძლება გადაიჭრას”.

10 აგვისტოს ინტერნეტგამოცემა “გაზეტა” აგრეთვე წერს, რომ
“სერგეი ივანოვმა უკუაგდო ოფიციალური თბილისისა და
საქართველოში ეუთოს მისიის დამკვირვებელთა განცხადებები რუსეთის თვითმფრინავების მიერ საქართველოს საჰარეო სივრცის დარღვევის
შესახებ”.

9 აგვისტოს გაზეთი “კომერსანტი” წერს, რომ “რუსეთის სამხედროები კატეგორიულად უარყოფენ საქართველოს ტერიტორიის დაბომბვას
რუსეთის მიერ. ამასთან ერთად ისინი ამბობენ, რომ რუსეთის ავიაცია
მზად არის საქართველოს პანკისის ხეობაში არსებული
ბანდფორმირებების განადგურებისათვის ერთობლივ ოპერაციაში
მონაწილეობის მისაღებად”.

“ამასობაში კი, ეუთოს განცხადებით დაიმედებული საქართველოს
ხელისუფალნი მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერებას აპირებენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში “კომერსანტის”
კორესპონდენტს განუცხადეს, რომ საქართველო თხოვნით მიმართავს
ეუთოს შტაბ-ბინას, რათა ქვეყნის ტერიტორიის დაბომბვა გამოიძიონ”.

გაზეთი “იზვესტია” ეძებს ქართველ მწყემსს ლევან თელიძეს, რომელმაც
ჩეჩენი მეომრების რუსეთში შესაძლო გადასვლის შესახებ იქაური
მესაზღვრეები გააფრთხილა. მას შემდეგ, რაც ეს ამბავი გახმაურდა და პრეზიდენტმა პუტინმა მწყემსი ორდენით დააჯილდოვა, ეს
უკანასკნელი, ფაქტობრივად, გაუჩინარდა. “იზვესტიას” ინფორმაციით,
ჩეჩნეთში მოკლეს ორი “ბოევიკი”, რომლებიც თელიძის ლიკვიდაციას აპირებდნენ.

გაზეთის 9 აგვისტოს ნომერში ნათქვამია, რომ “საიდუმლოებით
მოსილმა ვითარებამ დიდად ავნო თელიძის რეპუტაციას. რუსეთის
ძალოვანი სტრუქტურების ზოგიერთი წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ პუტინს არ უნდა გამოეცა განკარგულება თელიძის ორდენით დაჯილდოების შესახებ”. რუსეთის სპეცსამსახურების ერთ-ერთმა
ოფიცერმა “იზვესტიას” განუცხადა, რომ მისი ინფორმაციით, თელიძე
მანამდე ბოევიკებთან მუშაობდა გამყოლად.

“შემდეგ რაღაც გაურკვევლობა მოხდა, შეასაძლოა, ფული ცოტა
გადაუხადეს და მანაც უარი თქვა ასეთ სამუშაოზე”, ამბობს ინკოგნიტო ოფიცერი.

7 აგვისტოს “პარლამენტსკაია გაზეტა” წერს, რომ “მთელ რიგ
საკითხებში, გაეროს მისიის შუამავლობით, საქართველოსა და აფხაზეთს
შორის კომპრომისული გადაწყვეტილებებია მიღწეული. და მხოლოდ
კოდორი რჩება კვლავინდებურად დენთის კასრად, რომელიც შეიძლება
აფეთქდეს და ნებისმიერ მომენტში ახალი ომის ცეცხლი დაანთოს”.

გაზეთის თქმით, კოდორის ხეობას როგორც აფხაზეთისათვის, ისე საქართველოსათვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული დანიშნულება აქვს.

წერილში აღნიშნულია, რომ “კონფლიქტში მონაწილე მხარეები
რამდენადმე განსხვავებულად აფასებენ ხეობაში არსებულ ვითარებას,
მაგრამ მიიჩნევენ, რომ კოდორის ხეობა საერთო თავის ტკივილს
წარმოადგენს და სანამ გვიან არ არის, ეს ამოცანა ერთობლივად უნდა გადაიჭრას”.

”სხვა შემთხვევაში რუსეთის ფედრაციისა და აფხაზეთის საზღვრის
მონაკვეთი, სადაც ჯერ კიდევ მშვიდობა სუფევს, ისეთივე დაძაბული
შეიძლება გახდეს, როგორც ჩეჩნეთის მონაკვეთი”, – წერს
“პარლამანტსკაია გაზეტა”.
XS
SM
MD
LG