Accessibility links

logo-print

რამდენით გაიზრდება ელექტროენერგიის ტარიფი


თბილისში ელექტროენერგიის ტარიფი კვლავ გაიზრდება. საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიისათვის დენის საფასურის მომატების მოთხოვნის საფუძველს

„AES თელასს“ საქართველოს მთავრობასთან დადებული ხელშეკრულება აძლევს. ხელშეკრულების მიხედვით, თელასს უფლება აქვს წელიწადში ორჯერ მისი ყველა ხარჯის ტარიფში ასახვა მოითხოვოს. ახლა ამ მუხლის გაუქმებას საქართველოს პარლამენტის ენერგეტიკული კრიზისის მიზეზთა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია მოითხოვს და პრეზიდენტს მიმართავს წინადადებით, კორპორაცია AES-თან დადებული ხელშეკრულების რევიზია მოახდინოს. საქართველოს მთავრობასა და კორპორაცია AES-ს შორის არსებული ხელშეკრულების რევიზია საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოთი და AES-ის საქართველოდან წასვლით ემუქრება, ხოლო ელექტროენერგიის ტარიფის გამუდმებით ზრდა სოციალური დესტაბილიზაციის საფრთხეს შეიცავს. დენის საფასურის ამჟამინდელი მომატება ისეთ პერიოდს დაემთხვა, როდესაც თბილისელთა დიდი ნაწილი დედაქალაქის გარეთ ისვენებს და ნაკლებად სავარაუდოა, დენის გაძვირების გამო საპროტესტო აქციებისთვის ვინმემ მოიცალოს.

მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, ენერგეტიკოსთა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ მაინც მოაწყო საპროტესტო აქცია, ოღონდ პრესკონფერენციის სახით და მოსახლეობასაც პროტესტისკენ მოუწოდა. ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის, ყოფილი პოლიტპატიმრის ავთანდილ იმნაძის აზრით, ტარიფის გამუდმებულ მატებას საფუძვლად უფრო პოლიტიკური მიზეზები აქვს, ვიდრე კომერციული.

[იმნაძის ხმა] „აქ კომერციული მიზანი არ დევს, ჩემის აზრით, და მე მგონი, არა მარტო ჩემი აზრით. აქ დევს მიზანი ის, რომ ეს დაბეჩავებული ხალხი, ისედაც დაბეჩავებული ხალხი, დათრგუნული ხალხი, კიდევ უფრო დააბეჩავონ და დათრგუნონ.“

ამ მიზნისა რა მოგახსენოთ, მაგრამ AES-სსა და საქართველოს მთავრობას შორის არსებული ხელშეკრულება ქართულ მხარეს კაბალურ პირობებში ამყოფებს და ეს AES-სის ბრალი სულაც არაა. მას ის პირობები, რომელიც ახლა ტარიფის ზრდის საშუალებას იძლევა, საქართველოს ხელისუფლებამ შესთავაზა. ეს იმ კეთილშობილური მიზნებიდან გამომდინარე გაკეთდა, რასაც საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას ეძახიან, თუმცა ამერიკელმა ინვესტორმა სასწაულის მოხდენა მაინც ვერ შეძლო. იგი ვერც 24 საათიანი უწყვეტი ელექტრომომარაგების გარანტიას იძლევა და ვერც თბილისის ელექტროქსელის სრული რეაბილიტაცია მოახერხა.

თბილისის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ მრიცხველების გარეშე იღებს ელექტროენერგიას და დიდია დენის დანაკარგებიც. ცხადია, ასეთ პირობებში დენის სადისტრიბუტორო კომპანიის ზარალი და ხარჯები იზრდება, რაც ტარიფის მატებას განაპირობებს.

ამჯერად თელასმა დენის საფასურის 2,8 თეთრით გაზრდა მოითხოვა, მარეგულირებელმა კომისიამ კი 1,5 თეთრზე განაცხადა თანხმობა, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ტარიფის ზრდის მინიმუმადე შემცირებას ცდილობდა. თბილისის მერიის ენერგეტიკული სამსახურის უფროსის თემურ ჭინჭარაულის განცხადებით, [ჭინჭარაულის ხმა] „ვინ შეიძლება იყოს თანახმა იმისი, რომ ტარიფი გაიზარდოს, იმიტომ რომ ყველა სფეროს აწვება ეს, არამარტო სოციალურ სფეროს. ეს ძალიან რთული იქნება საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვისაც, რადგან ბიუჯეტი უკვე დაგეგმილია. სუყველა თანახმაა იმაზე, მათ შორის თელასიც, რომ ეს მატება არ ხდებოდეს.“

ტარიფის გამო დაწყებულ ჭიდილში სიცხადე ვერც 12 აგვისტოს გამართულმა მარეგულირებელი კომისიის სხდომამ შეიტანა. „AES თელასის“ კომერციული მენეჯერის ქეთი მსხილაძის განცხადებით,[მსხილაძის ხმა] „თავიდან იყო 2,8, შემდეგ მოლაპარაკებები და მუშა პროცესი მიმდინარეობდა, ჩაერთო შემდეგ საუდიტორო ფირმა და, მოკლედ, ამ მოლაპარაკებების შემდეგ ჩვენ 1,6-ზე ჩამოვედით.
-
სმკ რას გთავაზობთ?
-
სმკ გვთავაზობს 0,976.“

მარეგულირებელმა კომისიამ ტარიფის ზრდის საკითხის საბოლოო გადაწყვეტა 13 აგვისტოსთვის გადადო. რით დამთავრდება ეს ვაჭრობა, უახლოეს მომავალში გახდება ნათელი, თუმცა ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან ხელშეკრულების მიხედვით, თელასს ტარიფის ზრდის მოთხოვნა ყოველწლიურად შეუძლია და ის, რაც მარეგულირებელი კომისიის ძალისხმევით ახლა დააკლდება „AES თელასს“, მომავალ წელს დენის საფასურის ზრდით იქნება ანაზღაურებული.
XS
SM
MD
LG