Accessibility links

logo-print

ამერიკული დახმარება საქართველოს ტრანსპორტისა და აგრარული სექტორისათვის


ცნობილი ანტიტერორისტული სამხედრო დახმარების გარდა, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა სხვა სფეროებშიც განაგრძობს საქართველოსთვის მხარდაჭერის აღმოჩენას.

2000 წლის ივნისში პრეზიდენტ ბილ კლინტონის მიერ ხელმოწერილი სპეციალური კანონპროექტის თანახმად, საქართველოს აგრარული სექტორის, ტრანსპორტისა და წყლის რესურსების გასაუმჯობესებლად, ამ სფეროებში დასაქმებული ადგილობრივი ხელმძღვანელების სპეციალური პროგრამით მოსამზადებლად ამერიკის მთავრობამ 5 მილიონი დოლარი გამოჰყო. თუმცა, როგორც წესი, უშუალოდ პროგრამის შედგენას წინ უძღვის შეფასებითი სამუშაოს ჩატარება, რასაც ამერიკელ მეცნიერთა ორი ჯგუფი, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მოწვევით, ორი კვირაა აწარმოებს საქართველოში.

ახალი დემოკრატიის ქვეყნებისთვის ამერიკული დახმარების პროგრამის მთავარი ნიშანი მისი აბსოლუტური გამჭვირვალეობაა, ძირითადი პრინციპი კი – ახლებურად მოაზროვნე ლიდერების მომზადება, რომლებმაც თავიანთი სფეროს გაძღოლა ახალ რეალობაში უნდა შეძლონ. სწორედ ამ პრინციპით მოქმედებს ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია – "უცხოეთის ქვეყნების დახმარება განათლების საშუალებით", რომლის ხელმძღვანელმა ელაინ სარომ ორწლიანი ძალისხმევისა და უამრავი მიმოწერის შემდეგ, შეძლო დაერწმუნებინა კონგრესის ორივე პალატა, რათა საქართველოსთვის 5 მილიონი დოლარის დახმარება გამოეყო.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ დახმარების მსურველი მსოფლიოს სამოცი ქვეყნიდან ამერიკის მთავრობის არჩევანი სამზე – გვატემალაზე, განაზე და საქართველოზე შეჩერდა. ელიან საროს განცხადებით, ამ თანხით დაფინანსდება სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოს აგარარული სექტორის, ტრანსპორტისა და წყლის მომარაგების სფეროში მომუშავე მუნიციპალური სტრუქტურების წარმომადგენლებისთვის, რაც შემდგომში მათშესაძლებლობას მისცემს, მიღებული ცოდნა დარგების განვითარებისთვის გამოიყენონ. თუმცა მანამდე, სიტუაციის შესასწავლად საქართველოში ჯორჯიას შტატის ფორტ ველიუს და ნიუ-იორკის უნივერსიტის შეფასების ჯგუფი ჩამოვიდა.

[ელაინ საროს ხმა] "მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ დახმარების ძირითადი ინტერსი მიმართული იქნება მუნიციპალური და რეგიონულ დონეების განვითარებისთვის და მე მჯერა, რომ ეს პრიორიტეტები აისახება ამ შეფასების საბოლოო შედეგებში. ხოლო კონგრესის მიერ გამოყოფილი ფინანსები იმ პრობლემების გადაჭრას მოხმარდება, რომელსაც შეფასების ჯგუფი ადგილზე მუშაობის დროს აღმოაჩენს."

შეფასების ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენლის, პორტ ველიუს უნივერსიტეტის პროფესორის, ედუარდ დემენჩონოკის დაკვირვებით, საქართველოში არსებული ეს პრობლემები ტიპიურია და იგი დამახასიათებელია ყველა იმ პოსტსაბჭოთა საზოგადოებისთვის, სადაც ადამიანი მიჩვეულია ბრძანების შესრულებას, მაშინ, როცა საბაზრო ეკონომიკა მთელ მსოფლიოში სხვა პრინციპით, თავისუფალი ბაზრისა და პირადი პასუხისმგებლობის პრინციპებით მოქმედებს.

მეორე პრობლემა კი მაკროეკონომიკულ დონეზე აგრარული სექტორის მართავას ეხება. როგორც ნიუ იორკის უნივერსიტეტის წარმომადგენელი ჯაჰად იასინი მიიჩნევს, საქართველო აგრარული ქვეყანაა და სახელმწიფომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს ამ დარგის განვითარებისთვის მიმზიდველი ეკონომიკური პროგრამების დაფინანსებას.

[ჯაჰად იასინის ხმა] "მაგრამ სოფლის მეურნეობას ბევრი სიძნელის გადატანა უხდება. ბევრი მანქანა-დანადგარი, რომელიც საბჭოთა წარმოებისაა, მწყობრიდან გამოვიდა, ხოლო მათი შეცვლის საშუალება პრაქტიკულად არ არსებობს. ხელისუფლებამ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს დარგის რესტრუქტურიზაციას და განახორციელოს ცვლილებები სოფლის მეურნეობის სამინისტროში. გარდა ამისა, მცირე ფერმერულ მეურნეობებს მეტი ფინანსური ხელშეწყობა ესაჭიროებათ. საქართველოში ფერმერებს თითქმის არ მიუწვდებათ ხელი კომერციულ ბანკებზე კრედიტების გამოსატანად."

მაგრამ ამ პრობლემის მოგვარების ყველაზე საუკეთესო საშუალებად ამერიკელ მეცნიერებს საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე აღზრდილი მენეჯერების თაობის მომზადება მიაჩნიათ. ამ მიზნით, შეფასებითი სამუშაოს დამთავრების შემდეგ, საქართველოს ტრანსპორტისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან ორი 25 კაციანი ჯგუფი ჩამოყალიბდება, რომლებიც მომზადების 14 კვირიან კურსებს უკვე ხსენებულ ამერიკულ უნივერსიტეტებში გაივლიან.
XS
SM
MD
LG