Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წარსულის გააზრება დასავლეთსა და ყოფილ კომუნისტურ სამყაროში


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა გასულ კვირაში გესაუბრეთ ავსტრიაზე, რომელსაც კარგა ხანს

მოჰქონდა თავი ნაცისტების ოკუპაციის მსხვერპლად და მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან ორმოციოდე წლის შემდეგ დაიწყო იმის აღიარება, რომ თავადაც არანაკლებ დამნაშავე იყო.
აღმოსავლეთი ევროპისა და ყოფილი საბჭოთა რესპუბულიკების წარსული კიდევ უფრო არეულ-დარეულია. თითქმის 50 წლის განმავლობაში ცენზურა წყვეტდა, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ისტორიული კვლევის საგანი და რა უნდა თქმულიყო მასზე.
ციკლში მეორე მსოფლიო ომის მსვლელობაში ნაცისტების ოკუპაციის ქვეშ მყოფი ქვეყნების საქციელის შესახებ, ჩვენი ყოველკვირეული პროგრამის ჩარჩოებში “ათასწლეულთა მიჯნაზე”, აღმოსავლეთი ევროპის ზოგიერთ ქვეყანას შევეხებით.

იმას, რომ აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებს არ სურდათ უკან მოხედვა, ართულებდა ისიც, რომ ისინი თავს ორმაგი – გერმანელებისა და საბჭოთა – აგრესიის მსხვერპლად, და არა ბოროტმოქმედებათა მონაწილეებად თვლიდნენ; თავს ირწმუნებდნენ, რომ ყველაზე სერიოზული დანაშაული ოკუპანტების მიერ იყო ჩადენილი და რომ მათთან ებრაელებისთვის დახმარება გაცილებით უფრო სახიფათო იყო, ვიდრე დასავლეთში.
ამერიკელი ისტორიკოსი აღმოსავლეთ ევროპაში ჰოლოკოსტის დარგში, კოლუმბიის უნივერსიტეტის თანამშრომელი იშტვან დიკი, ამბობს, რომ ის, ვინც პოლონეთში ან ბალტიისპირეთის ქვეყნებში ებრაელს შეიფარებდა, საკუთარ ოჯახს სასიკვდილო საფრთხეს უქმნიდა.
მაგრამ, აღნიშნავს დიკი, მსხვერპლი შეიძლება, იმავდროულად, ბოროტმოქმედიც ყოფილიყო.

[დიკის ხმა] “პოლონელთაგან ბევრი აქტიურად მონაწილეობდა ებრაელების დევნაში და თავადაც იყო დანაშულის ჩამდენი. ერთია, არ შეუშვა სახლში ისეთი პირი, ვინც შეიძლება მთელი შენი ოჯახის განადგურების მიზეზი გახდეს. მეორეა, წახვიდე ტყეში, სდიო იქ დამალულ ებრაელებს და გადასცე ისინი ოკუპანტებს. ამას ბევრი პოლონელი გლეხი სჩადიოდა.”
ლიტველებიც კარგა ხნის განმავლობაში თვლიდნენ თავს ორმაგი ოკუპაციის მსხვეპლად. მხოლოდ დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ დაიწყო იმის აღიარება, რომ ლიტველები ებრაელების განადგურებაში ნაცისტ დამპყრობლებს ეხმარებოდნენ.
ყოფილ საბჭოთა კავშირში ჰოლოკოსტის შესახებ ღია დისკუსიები შედარებით გვიან დაიწყო. მაგრამ მიუხედავად უამრავი პუბლიკაციისა მეორე მსოფლიო ომის ბოროტებათა შესახებ, ცდილობდნენ ხაზი არ გაესვათ ფაქტისთვის, რომ მთავარი მსხვერპლი ებრაელები იყვნენ.. ინერგებოდა კონცეფცია, რომ გერმანელი ოკუპანტები სიმხეცეს ზოგადად “საბჭოთა ხალხის” წინააღმდეგ სჩადიოდნენ.
დალია კუოდიტე (Dalia Kuodyte) არის ლიტვის გენოციდისა და წინააღმდეგობის ცენტრის დირექტორი, სახელმწიფო ინსტიტუტისა, რომელიც სწავლობს როგორც საბჭოთა, ისე ნაცისტურ ოკუპაციას.

[კუოდიტეს ხმა] “თანამედროვე ლიტვაში ეთნიკური ლიტველები მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ. და ისინი გულწრფელად თვლიან, რომ ყველაფერი, რაც მოხდა მეორე მსოფლიო ომის დროს ოკუპაციის ერთ-ერთი გამოვლინებაა. ვფიქრობ, ეს “მსხვერპლის სინდრომი” საკმაოდ გავრცელებულია, განსაკუთრებით უბრალო ხალხში, რომელიც არ კითხულობს, ბევრი არაფერი იცის და არც სურს მეტი იცოდეს.”

კუოდიტე ამბობს, რომ ბოლო გამოკვლევებმა საშინელი სიმართლე წარმოაჩინა. ათასობით ეთნიკური ლიტველი მონაწილეობდა ებრაელებზე ნადირობაში და შემდგომ მათ განადგურებაში. ომის პერიოდში ლიტვაში 165-დან 225 ათასამდე ებრაელი იქნა მოკლული, 90-თ პროცენტზე მეტი.

ამ ფაქტის აღიარება შეუძლებლად მიაჩნია ბევრ რიგით ლიტველს. მაშინ, როცა ქვეყნის პოლიტიკურმა ელიტამ გადადგა ნაბიჯები ამ საკითხის გამოსამზეურებლად, მოხუცები, განსაკუთრებით ისინი, ვინც განიცდიდნენ დევნას საბჭოთა რეჟიმის დროს, თვლიან, რომ ებრაელების განადგურებაში მხოლოდ გერმანელები არიან დამნაშავე. ლიტვას, ამბობენ ისინი, გერმანელთა ოკუპაციის დროს არ ჰყავდა საკუთარი მთავრობა და, ამგვარად, ვერ შეძლებდა გერმანელების მიერ ჩადენილი ბოროტებებისთვის წინააღმდეგობის გაწევასო.
ლიტვის ებრაული სათვისტომოს თავმჯდომარე სიმნას ალპერავიჩუსი ამბობს, რომ დამოუკიდებლობის 10 წლის განმავლობაში ქვეყანამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა საკუთარი წარსულის შესაფასებლად. 2000 წელს ლიტვის კათოლიკურმა ეკლესიამ საჯაროდ მოიხადა ბოდიში იმისთვის, რომ მისი მრევლი მონაწილეობდა ებრაელების განადგურებაში.

ლიტვის ყოფილმა პრეზიდენტმა ალგირდას ბრაზაუსკასმა 1995 წელს იერუსალიმში ვიზიტით ყოფნისას, პატიება ითხოვა ჰოლოკოსტში ლიტვის როლისთვის.

ალპერავიჩუსი აბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მაღალ დონეზე კეთდება ასეთი შესამჩნევი ჟესტები, მრავლადაა თეორიები, რომლებიც ამართლებს ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობას ებრაელ მოქალაქეთა მკვლელობაში.

[ალპერავიჩუსის ხმა] “ორმაგი გენოციდის”თეორიას ბევრი მხარდამჭერი არა ჰყავს, მაგრამ ის ჯერჯერობით არ გამქრალა. ეს არის ე.წ. “სიმეტრიულობის თეორია”, რომელიც ამტკიცებს, რომ ლიტვაში ორი გენოციდი მოხდა, რომ კომუნისტები, რომლებიც ანადგურებდნენ ლიტველებს პირველი საბჭოთა ოკუპაციის დროს 1940 წელს, უმთავრესად ებრაელები იყვნენ. ეს თეორია ხსნის, რატომ მონაწილეობდენ ლიტველები ასე აქტიურად ებრაელების განადგურებაში. რასაკვირველია, ეს აბსურდია, რადგან საბჭოთა ოკუპაციის დროს ებრაელებსაც სდევნიდნენ.”

ოფიციალურ დონეზე ლიტვა ცდილობს სწორად გაიაზროს გერმანელების ოკუპაციის პერიოდი. 1998 წელს პრეზიდენტმა ვალდას ადამკუსმა დააარსა ნაცისტური და საბჭოთა ბოროტმოქმედებების შემსწავლელი საერთაშორისო კომისია. 2000 წელს შემოღებულ იქნა ჰოლოკოსტის სწავლების სახელმწიფო პროგრამა: ის აცნობს მოსახლეობას 1940 წლამდე ლიტველი ებრაელების ცხოვრებასა და მათ წვლილს ქვეყნის კულტურასა და ბიზნესში.
ეს პროგრამა განათლების სისტემაშიც მოქმედებს. ჰოლოკოსტს საშუალო სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლობენ.

ვიტაუტას რაძივილასი ვილნიუსის საერთაშორისო ურთიერთობათა და პოლიტიკის ინსტიტუტიდან ამბობს, რომ ლიტველების უმრავლესობა გულგრილად არის განწყობილი ქვეყნის წარსულის მიმართ, იქნება ეს ჰოლოკოსტი, კომუნისტური რეჟიმი თუ ლიტვის ისტორიის რომელიმე სხვა ასპექტი.

რაძივილასი აღნიშნავს, რომ ჰოლოკოსტი და საბჭოთა ოკუპაციის ბოროტმოქმედება ერთმანეთშია გადახლართული და შეუძლებელია ებრაელების გენოციდზე ლაპარაკი, თუ თანაბარი ყურადღება არ დაეთმობა საბჭოთა დანაშაულს და ყოველ მათგანში ლიტველთა როლს.
XS
SM
MD
LG