Accessibility links

logo-print

მარუხის ინცინდენტის მოულოდნელი გაგრძელება


სამშაბათს, 12 საათისთვის იწურებოდა ულტიმატუმის ვადა, რომელიც კოდორის ხეობაში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულმა ემზარ კვიციანმა, კოდორის ხეობიდან 30 კილომეტრის დაშორებით,

საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოჭრილ აფხაზურ დაჯგუფებას მისცა. მიუხედავად იმისა, რომ ამ პრობლემის გადასაწყვეტად საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე მის აფხაზ კოლეგასთან, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ მინისტრ ანრი ჯერგენიასთან მოსალაპარაკებლად 13 აგვისტოს გალში ჩავიდა, დახლოებით პირველ საათზე მარუხის უღელტეხილთან შეიარაღებული შეტაკება მაინც მოხდა.

შარშანდელი მაისიდან მოყოლებული ვიდრე აგვისტომდე საქართველოს როგორც ცენტრალური, ისე რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლები აფხაზეთის ტერიტორიაზე პარტიზანული მოძრაობის გაშლაზე საუბრობდნენ, რითაც იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ საქართველო მზად არის სამხედრო ძალით აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა. მაგრამ საკმარისი აღმოჩნდა 70 კაციანი აფხაზური ფორმირების გამოჩენა კოდორის ხეობიდან 40 კილომეტრის დაშორებით მდებარე მარუხის უღელტეხილზე, რომ საქართველოში ყველაფერი თავდაყირა დადგა.

თავდაცვის პირველ ეშელონში მდგარი სტრუქტურა – საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტი მთელი ორი დღე იმის დადგენას უნდებოდა, თუ რამდენმა კაცმა გადმოლახა საზღვარი მარუხის უღელტეხილთან, თავდაცვის სამინისტრომ კი, რომლის წარმოამდგენლებს, ოთხმხრივი შეთანხმების საფუძველზე, ხეობა აპრილში დაატოვებინეს, უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა და პანიკური მოწოდება გაავრცელა, რომელშიც საერთაშორისო საზოგადოებას 100 კაციანი რაზმისგან დახმარებას სთხოვდა.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საქართველოს ხელისუფლებამ 10 წლის განმავლობაში ხეობის გამართული კავშირით უზრუნველყოფაც კი ვერ მოახერხა, რის გამოც მთელი მოვლენების საინფორმაციო უზრუნველყოფა კოდორის ხეობაში პრეზიდენტის რწმუნებულის ემზარ კვიციანის დას, ნორა კვიციანს დაეკისრა. სწორედ მისგან შეიტყო 13 აგვისტოს მთელმა საქართველომ მარუხის უღელტეხილთან მომხდარი შეტაკების შესახებ. რადიო "თავისუფლებასთან" საუბარში ნორა კვიციანმა ასე აღწერა ოთხშაბათს განვითარებული მოვლენები:
დაახლოებით დილის თერთმეტის ნახევარზე ემზარ კვიციანი მოსალაპარაკებლად გადავიდა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოჭრილი აფხაზურ-სომხურ-რუსული ფორმირების ხელმძღვანელობასთან, რომელსაც კიდევ ერთხელ გაუმეორა წინა დღის ულტიმატუმი და მოსთხოვა, 12 საათამდე დაეტოვებინათ ოკუპირებული ბანაკები. თავდაპირველად შეიარაღებული რაზმის მეთაურებმა კვიციანის წინადადება მიიღეს და უკანდახევა დაიწყეს, მაგრამ შემდგომში მათ ამ განზრახვაზე ხელი აირეს და ცეცხლი გახსნეს. თანაც ისროდნენ როგორც ნაღმსატყორცნებიდან, ისე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან. ვიმეორებთ, რომ ეს გახლავთ ნორა კვიციანის ნაამბობი.

სრულიად საპირისპირო განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ანრი ჯერგენიამ, რომელმაც სროლის დაწყება ემზარ კვიციანის მომხრეებს დააბრალა და საერთოდ ისე აღწერა სიტუაცია, თითქოს სწორედ კოდორის დამცველები გადავიდნენ შეტევაზე.

[ანრი ჯერგენიას ხმა] " იცით, რაშია საქმე, აფხაზური მხარე ადგილიდან არ დაძრულა, ხოლო მას კი უახლოვდებიან. ჩვენი ინფორმაციით, იქ 50-60 ადამიანი იმყოფება, სვანები. ისროდნენ ნაღმსატყორცნებიდან. თუ ჩვენ განვმუხტავთ სიტუაციას, მე ვფიქრობ, რომ მაშინ გამოსავალსაც ვიპოვით."

ასეა თუ ისე, სროლები მარუხის ურელტეხილზე დაახლოებით ნახევარ საათს გრძელდებოდა და, საბოლოოდ, აფხაზებმა უკან დაიხიეს. მოკლულებისა და დახოცილების შესახებ არც ერთი მხარე არ საუბრობს, თუმცა ნორა კვიციანი დარწმუნებულია, რომ აფხაზები კიდევ შეეცდებიან შეტევის წამოწყებას.

აღასანიშნავია, რომ ინციდენტი მარუხის უღელტეხილზე სწორედ იმ დროს მოხდა, როდესაც ჭუბურხინჯში ოთხმხრივი მოლაპარაკება დაიწყო. ინფორმაციის მიღების შემდეგ საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ მოლაპარაკება შეწყვიტა და სიტუაციის შესასწავლად კოდორის ხეობაში გაემგზავრა.
XS
SM
MD
LG