Accessibility links

რუსეთის პრესა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ


თამარ ჩიქოვანი, პრაღა შეიძლება ითქვას, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოს თემა წამყვანად იქცა რუსეთის მასმედიაში. რუსეთის პრესა პერიოდულად მკითხველს საქართველოსთან ომის დაწყების

შესაძლებლობის თაობაზე აუწყებს, რაც რუსი ჟურნალისტების განმარტებით, ოფიციალური თბილისის პოლიტიკის ლოგიკურ შედეგად აღიქმება.

ინტერნეტული გამოცემის "უტროს" შეფასებით, დღეს ხდება ის, რაც ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც არ დაესიზმრებოდა ადამიანს – რუსეთი და საქართველო ომის ზღურბლზე დგანან. სიტუაციამ პანკისის ხეობაში კიდევ უფრო გააღრმავა ის წინააღმდეგობები, რაც მანამდეც არსებობდა ორი მეზობელი ქვეყნის ურთიერთობებში. რუსეთის გენერლები დღეს დაუფარავად აცხადებენ პანკისში განლაგებული ჩეჩენი მებრძოლების სამხედრო ბანაკების დაბომბვის აუცილებლობაზე. ოფიციალური თბილისი კი ანტირუსულ ისტერიას აღვივებს.
13 აგვისტოს რუსეთის ხელისუფლების მაღლმა წარმომადგენლებმა კვლავ რამდენიმე განცხადება გააკეთეს. გამოცემა "სტრანას" ინფორმაციით, პიატიგორსკში მყოფმა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის არმიის გარეშე ვერ შეძლებს პანკისის ხეობაში მყოფი ბოევიკების განადგურებას. "ჩვენ მზად ვართ საქართველოსთან ერთობლივი ოპერაციით საბოლოოდ გადავწყვიტოთ პანკისის ხეობის პრობლემა", – განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, რომლის შენიშვნითაც, საქართველო 1999 წელს რომ დათანხმებოდა რუსეთის წინადადებას საქართველოს ტერიტორიის გავლით ჩეჩნეთში რუსეთის შეიარაღებული ძალების შეყვანის თაობაზე, პანკისის ხეობის პრობლემა არც გაჩნდებოდა. სერგეი ივანოვის განცხადებით, 3 წლის წინათ პრეზიდენტი შევარდნაძე თავდაპირველად დაეთანხმა პრეზიდენტ ელცინის შეთავაზებას საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით ჩეჩნეთში რუსეთის არმიის დესანტის გადასხმის შესახებ, მაგრამ მეორე დღეს შევარდნაძე კვლავ დაუკავშირდა პრეზიდენტ ელცინს და კატეგორიულად უარყო ეს შეთავაზება.
რუსეთის თავდაცვის მინისტრი არ გამორიცხავს საქართველოს ტერიტორიიდან ჩეჩნეთში ბოევიკების გადასვლის ხელმეორე მცდელობას და შენიშნავს, რომ რუსეთის ფედერალური ძალები შეტევისთვის მზადყოფნაში არიან მოყვანილნი.
13 აგვისტოს "ნეზავისიამაია გაზეტას" თქმით, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების ათი წლისთავს კონფლიქტში მონაწილე მხარეები იარაღის ჟღარუნით ხვდებიან. გაზეთი მკითხველს შეახსენებს ბოლო დღეებში მარუხში განვითარებულ მოვლენებს, როცა ქართველმა მესაზღვრეებმა იქ დაუდგენელი შეიარაღებული პირები შენიშნეს და მოჰყავს სახელმწიფო ტელევიზიით პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბათიაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება კოდორის ხეობაში გახშირებული პროვოკაციებისთვის წერტილის დასმის აუცილეობლობაზე. გაზეთის პროგნოზით, პროვოკაციები ამ ცხელ წერტილში კვლავაც გაგრძელდება.

ინტერნეტული გამოცემა "სტრანასთვის" მიცემულ ინტერვიუში დსთ-ს ქვეყნების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ჟარიხინი ამბობს, რომ რუსეთის გაუაზრებელი პოლიტიკის გამო, საქართველოში პრორუსულად განწყობილი პოლიტიკოსები პრაქტიკულად არ არსებობენ, მაშინ როცა პროამერიკული და პროთურქული პოლიტიკის მომხრეთა სიმცირე არ შეინიშნება. შესაბამისად, რუსი ექსპერტის აზრით, რუსეთის მხარეს მხოლოდ მკითხაობა შეუძლია, ხელისუფლებიდან პრეზიდენტ შევარდნაძის წასვლის შემდეგ როგორ განვითარება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები.
XS
SM
MD
LG