Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის საპარლამენტო დეპუტაცია აჭარისა და აფხაზეთის ხელისუფლების შერიგების ინიციატივით გამოდის


აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან 10 წლისთავზე აფხაზეთიდან დევნილ ხელისუფლებასა და პოლიტიკურ ელიტას, სეპარატისტებზე უფრო მეტად, სხვა მოწინააღმდეგეებთან უწევს პაექრობა.

ამ ბოლო დროს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკათა ლიდერებს შორის ისე დაიძაბა ურთიერთობა, რომ ლამის რეგიონების მოსახლეობაც კი დაუპირისპირდა ერთმანეთს.

13 აგვისტოს, როდესაც აფხაზეთის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებები განახლდა, აფხაზეთიდან დევნილი პოლიტიკური ელიტა დევნილი ხელისუფლებისა და აჭარის ლიდერის ურთიერთობის გარკვევით იყო დაკავებული.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურმა, პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა აფხაზეთის კონფლიქტის საკითხებში ასლან აბაშიძემ ირიბად, მაგრამ გასაგებად, აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების გაუქმება მოითხოვა, – ამის გარეშე დავალებულ ამოცანას ვერ შევასრულებო, დაიჩივლა აბაშიძემ. ამ განცხადების შემდეგ, შეურაცხმყოფელი და ურთიერთბრალდებებით აღსავსე კონფლიქტი დაიწყო, რომლიდანაც გამოსავალის მოძებნას ისევ აფხაზეთის წარმომადგენლები შეეცადნენ.

აფხაზეთის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა გივი ლომინაძემ მეორე მხარესთან დიალოგისა და შეხვედრის სურვილი გამოთქვა, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში ომის გაჩაღებაში, თამაზ ნადარეიშვილთან ერთად, თავად ლომინაძეც იქნა დადანაშაულებული.

[ლომინაძის ხმა] „ჩვენ დღეს მზად ვართ იმისთვის, რომ არც ერთ ასეთ აბსურდულ ბრალდებას პასუხი არ გავცეთ, რომ არ დაზარალდეს ძირითადი საქმე. მოვა იმის დრო, როცა პასუხი გაეცემა სუყველაფერს, როცა აღდგება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, როცა ხალხი დაუბრუნდება თავის საცხოვრებელ ადგილებს.“

აფხაზეთიდან დევნილ პარლამენტართა ეს მიმტევებლური პოზიცია ბევრმა უკანდახევად ჩათვალა, თუმცა გივი ლომინაძე შექმნილი დაძაბული ვითარებიდან სხვა გამოსავალს ვერ ხედავს. 13 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე იგი ცდილობდა გვერდი აეარა ორი ავტონომიის ხელმძღვანელებს შორის კონფლიქტის გამომწვევ მიზეზებზე საუბრისაგან, მაგრამ ერთი, უნებლიეთ თუ შეგნებულად, მაინც არ გამოტოვა და აი, რა განაცხადა:

[ლომინაძის ხმა] „არ დავთმობთ იმას, რომ ლეგიტიმური ხელისუფლება და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება უნდა გაუქმდეს. ასე აფხაზეთის პრობლემას დაარეგულირებს ჩემი შვილიშვილიც, აგერ 5 წლის პატარა ბავშვი, თუ ის იქნება უფლებამოსილი, რომ საქართველოს სახელით განაცხადოს, რომ აფხაზეთი არის დამოუკიდებელი, აფხაზეთთან არავითარი პრეტენზია არა გვაქვს, აფხაზეთი არის ჩვენი მეზობელი ქვეყანა, გამარჯობა, გაგიმარჯოს, პირველი კაცი იქნება. ასე ყველაზე ადვილი დასარეგულირებელია. ასე დათმობით და ამ გზით ამას ვერ დავთმობთ. ეს რომ არ დათმო აფხაზეთის ქართველობამ, ამიტომ არის დევნილობაში 300 ათასი.”

თუმცა ლომინაძე იქვე დასძენს, რომ აჭარის საპარლამენტო დეპუტაციის წევრებთან ამ საკითხებზე უთანხმოება არ გააჩნიათ და მათ შეხვედრისა და შერიგებისაკენ მოუწოდებენ. პარლამენტარებმა ეს კიდეც რომ შეძლონ, საკითხავია, მოისურვებენ თუ არა ამას თავად ლიდერები – ასლან აბაშიძე და თამაზ ნადარეიშვილი, და რაც მთავარია, ის ხალხი, ვინც ამ კონფლიქტში აქტიურად, ფიზიკური ძალის გამოყენებითაც კი არის ჩართული. ზუგდიდში, აჭარის ლიდერისათვის აფხაზეთის საკითხებში პრეზიდენტის წარმომადგენლის უფლებამოსილების ჩამორთმევის მოთხოვნით, დევნილთა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, თბილისში კი დევნილთა ერთმა ნაწილმა აჭარის წარმომადგენლობასთან რამდენჯერმე მოაწყო ანალოგიური აქცია და, წარმომადგენლობის თანამშრომელთა ინფორმაციით, პროტესტის ნიშნად ოფისის შესასვლელ კარებს ცეცხლიც კი წაუკიდეს.

მედიატორის როლში გამოსული ფრაქცია “აფხაზეთი” ამ პროცესების დარეგულირების სრულ გარანტიას ვერ იძლევა და მოსახლეობის დაშოშმინებას თუ მორიგებას შესაძლებლად იმ შემთხვევაში მიიჩნევს, თუ ამ პროცესში მონაწილეობას აჭარის პოლიტიკური ელიტაც მიიღებს.
XS
SM
MD
LG