Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სემინარი, რომელიც სამხრეთ კავკასიაში არსებული კრიზისული ვითარების გაუმჯობესების პრობლემატიკას მიეძღვნა


გიორგი კაკაბაძე, თბილისი სამხრეთ კავკასიაში კრიზისული ვითარების დაძლევის საკითხებს მიეძღვნა საერთაშორისო სემინარი, რომელიც 5-დან 8 აგვისტომდე ავსტრიის ქალაქ შტატშლაინინგში გაიმართა.

შეხვედრას, რომელშიც აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის წარმომადგენლობითი დელეგაციები მონაწილეობდნენ, ორგანიზება გაუკეთა გერმანიის მთავრობამ და აშშ-ის ჯორჯ მარშალის ცენტრმა.

საქართველოს დელეგაციაში იყვნენ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ვახტანგ ყოლბაია, დეპუტატი გივი შუღაროვი, საგარეო საქმეთა სამინისტროს, არსამთავრობო ორგანაზაციებისა და ჟურნალისტური წრეების წარმომადგენლები. ჩვენ ვესაუბრეთ ერთ მათგანს – საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტს ალექსანდრე რონდელს.

ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, რომელიც სემინარზე განიხილეს, ის არის, რომ სამხრეთი კავკასიის რეგიონში არსებული კონფლიქტებისა და რთული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარების გამო, თანამშრომლობა სახელმწიფოთა შორის არასრულფასოვან, ანუ მხოლოდ და მხოლოდ ორმხრივ ხასიათს ატარებს.

[რონდელის ხმა] “ რაც შეეხება ნამდვილ რეგიონულ თანამშრომლობას, ანუ სამმხრივ თანამშრომლობას, აქ, რა თქმა უნდა, მკვდარ წერტილზეა ყველაფერი გაჩერებული და ამის გამო არა მხოლოდ რეგიონის ქვეყნებია შეწუხებული, არამედ შეწუხებულია ევროპა, ამერიკა და ის ინვესტორები და პოლიტიკური ძალები, რომლებიც კავკასიას უყურებენ, როგორც მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ კვანძს”.

ალექსანდრე რონდელის თქმით, სემინარის ორგანიზატორებმა კარგად გაითვალისწინეს არსებული პრობლემა და ყოველმხრივ ცდილობდნენ, რომ რაიმე დადებითი ძვრები მომხდარიყო ამ მიმართულებით. მაგრამ აზერბაიჯანს ჯერჯერობით მეტად მკაცრი პოზიცია უკავია და ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებამდე არ აპირებს სომხეთთან თანამშრომლობას.

“როცა შენი ქვეყნის ტერიტორიის 20%-მდე მეზობელი ქვეყნის მიერაა ოკუპირებილი, ძნელია, განსხვავებული პოზიცია იქონიო”, – ამბობს ექსპერტი.[რონდელის ხმა] ”მაგრამ ქართული დელეგაციის წევრები მაინც ვცდილობდით, რომ პოზიტიური მომენტები დაგვენახა და რაღაც შესაძლებლობები გამოგვეძებნა თანამშრომლობის დაწყებისათვის. ასეთი მიდგომა დაპირისპირებულმა მხაარებმაც გაიზიარეს”.
გამოიძებნა შესაძლო თანამშრომლობის რამდენიმე სფერო. ესენია, ენერგეტიკა და ტრანსპორტი, ეკოლოგიური მონიტორინგი, აგრეთვე მეცნიერების სფერო იმის გათვალისწინებით, თუ მეცნიერების რა დარგებია განვითარებული რეგიონის თითოეულ სახელმწიფოში.

სემინარზე იმსჯელეს რეგიონის ქვეყნების საშუალოვადიანი და გრძელვადიანი ურთიერთობის პერსპექტივებზე. სამივე ქვეყნის წარმომადგენლებს ერთნაირად ესახებათ მომავალი, – სამხრეთი კავკასია მშვიდობიანი და სტაბილური რეგიონი უნდა იყოს.

ასევე ერთგვაროვანი, მაგრამ უარყოფითი შეფასება დაიმსახურა რეგიონის იმიჯმა. ეს შეფასება განაპირობა რეგიონში არსებულმა კონფლიქტებმა, აგრეთვე, რუსეთ-ჩეჩნეთის ომით გამოწვეულმა დაძაბულობამ და რუსეთის მუდმივმა მუქარებმა საქართველოს მისამართით. “რეგიონის უარყოფითი იმიჯი კი ნეგატიურად მოქმედებს საზღვარგარეთთან ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების განვითარებაზე”, – აღნიშნავს ალექსანდრე რონდელი.

რაც შეეხება კონფლიქტებს, შტატშლაინინგის სემინარზე აქცენტი უფრო მეტად რეგიონის ორ სახელმწიფოს შორის არსებულ ყარაბაღის კონფლიქტზე კეთდებოდა.

[რონდელის ხმა] “ჩვენ, რა თქმა უნდა, უფრო მეტად გვაწუხებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტები, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ყარაბაღის კონფლიქტიც, რადგან მისი გადაჭრის გარეშე რეგიონის ნამდვილი მომავალი ძნელი წარმოსადგენია”.

ავსტრიის სემინარის მონაწილეები ეუფლებოდნენ პოლიტიკური დიალოგის კულტურას.”ამან კი დიდი სარგებლობა მოგვიტანა, რადგან საერთო პოლიტიკური კულტურის დონე ჩვენში ძალიან დაბალია”, – ამბობს ჩემი თანამოსაუბრე.

სემინარის მუშაობა შემდეგი სქემით მიმდინარეობდა: აშშ-ის თავდაცვის ინსტიტუტის წარმომადგენლები შეარჩევდნენ თემას და თავის მოსაზრებებს გამოთქვამდნენ მის გარშემო; სამხრეთი კავკასიის სამივე ქვეყნის სამუშაო ჯგუფები ამ საკითხს ამუშავებდნენ და შემდეგ დისკუსიებსა და დებატებას მართავდნენ.
XS
SM
MD
LG