Accessibility links

logo-print

რა შეცვალა და რა ვერ შეცვალა შინაგან საქმეთა სისტემაში კობა ნარჩემაშვილმა


ქვეყნისთვის რთულ პერიოდში შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი პოლიტიკურ პოლემიკაში ჩაერთო და “ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატიული ფრონტი” ცალკე პოლიციის რიგითებსა და

მაღალჩინოსნებს შორის, ცალკე კი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელისუფლებასთან დაპირისპირების მცდელობაში დაადანაშაულა. “შინაგან საქმეთა სამინისტრო ხელისუფლებას არასდროს დაუპირისპირდება“, განმარტა მინისტრმა პრესკონფერენციაზე, რომელიც პოლიტიკურ გამოწვევაზე პასუხის გასაცემად გამართა და ამის შემდეგ საკუთარი უწყების საქმიანობას ჩაუღმავდა. მართლაც, რა შეცვლა და რა ვერ შეცვლა ნარჩემაშვილმა საქართველოს ყველაზე მძიმე და პრობლემატურ სისტემაში?

შინაგან საქმეთა მინისტრმა პოლიტიურ პოლემიკაში ჩართვის მოტივად ის გახმაურებული მოწოდება დაასახელა, რომლითაც ამ ერთი თვის წინ რიგით პოლიციელებს “ნაციონალურმა მოძრაობა – დემოკრატიულმა ფრონტმა” მიმართა.
ეს ედუარდ შევარდნაძის მიერ თემურ ხაჩიშვილის, გიგა გელაშვილისა და გურამ პაპუკაშვილის შეწყალების შემდეგ მოხდა. პრეზიდენტის, თითქოსდა, ჰუმანური აქტი მიხეილ სააკაშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა ქვეყანაში ვითარების კიდევ უფრო კრიმინალიზაციის მომასწავებლად აღიქვეს. მათვე საჭიროდ ჩათვალეს რიგითი პოლიციელებისთვის ზემდგომთა უკანონო მოთხოვნების შეუსრულებლობა მოეწოდებინათ და განემარტათ, რომ ასეთი მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო პრობლემების შექმნის შემთხვევაში “ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატიული ფრონტი” მათ გვერდით იქნებოდა. ეს იყო და ეს. მოგვიანებით გაჩნდა საგაზეთო ვერსია კობა ნარჩემაშვილისა და ჟვანია-სააკაშვილის ერთგვარი ალიანსის თაობაზე და უნდა ვიფიქროთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ზემოხსენებული მოძველებული მოწოდება ნარჩემაშვილმა ამ უცნაური ვერსიის გასაქარწყლებლად გაიხსენა. მინისტრის პოიტიკურ პოლემიკაში ჩართვა ამოიწურა განცხადებით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ხელისუფლებას არასდროს დაუპირისპირდება, მაგრამ, სჯობს იმის შესახებ ვისაუბროთ, თუ რა გააკეთა კახა თარგამაძის შემცვლელმა იმ დაპირისპირების შესამსუბუქებლად, რომლის შესახებაც მინისტრად დამტკიცების წინ საუბრობდა.

[კობა ნარჩემაშვილის ხმა] “მინდა ჩემი გულისტკივილი გამოვთქვა იმის გამო, რომ რომ დღეს პოლიციელის ზნეობა, მისი ღირსება ეჭვქვეშ დგას. აუცილებელია აღსდგეს ნდობა საზოგადოებასა და პოლიციას შორის. თუკი სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობისკენ მივდივართ, აუცილებლად გვმართებს პოლიციის რეფორმირება.”
მინისტრად დამტკიცების წინ ნარჩემაშვილმა ამ რეფორმისთვის წელიწადნახევარი მოითხოვა. ეს ვადა ჯერ არ ამოწურულა, თუმცა, შინაგან საქმეთა სისტემაში მიმდინარე ცვლილებებს რეფორმირების პროცესამდე ბევრი უკლია.
დანაშაულის აღრიცხვიანობის მოწესრიგება და გარკვეული სტრუქტურული ცვლილებები, რაც ნარკომანიის ეროვნული ბიუროს, სისხლის სამართლის სამძებროსა და მატერიალურ-ტექნიკური დეპარტამენტის საქმიანობაზე აიხასა, სისტემის სერიოზული სტრუქტურული რეორგანიზაციის დაწყებას ჯერ კიდევ არ ნიშნავს. ვერც იმას ვიტყვით, რომ ეს ცვლილებები, ვთქვათ, ნარკომანიასთან ბრძოლას დაეტყო. თვალშისაცემი არც პოლიციელთა მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის აღკევთაა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამოქმედებული ცხელი ხაზი ამ მხრივ საკმარისი ვერ აღმოჩნდებოდა.

გარკვეული მიზეზების გამო, ჯერ კიდევ თავისუფალია შტატი, რომლის შევსების შემთხვევაშიც ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ უნდა იმუშავოს. დაპირებები შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის სამხედრო რგოლის ანუ შინაგანი ჯარის ჩამოცილებისა თუ პოლიციისგან სამოქალაქო სამსახურების გამიჯვნის შესახებ საკამათოდ რჩება. ამ და სხვა მოთხოვნების ირგვლივ შინაგან საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით სპეციალური კომისია მუშაობს. მოკლედ, პროცესი ისევ თეორიულია და სანამ ის კონკრეტულ საქმეებამდე მივა, კიდევ ბევრი წყალი ჩაივლის. საქართველოს პოლიცია, მთელი თავისი პრობლემებით, საზოგადოების სერიოზულ პრობლემად რჩება. ნამდვილ რეფორმას ხელისუფლების ნება და ფული სჭირდება.
XS
SM
MD
LG