Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა არის საერთო გამოცდები


დავით პაიჭაძე, თბილისი საუნივერსიტეტო მისაღები გამოცდების კრიტიკისას ბოლო დროს ხშირად ახსენებენ საერთო გამოცდებს. საერთო გამოცდები, როგორც წინადადება და მოთხოვნა, გაჩნდა სტუდენტების შედგენილ ტექსტში,

რომელიც მათ გასულ კვირაში გაავრცელეს. ეს ცნება შეიძლება ყველასთვის გასაგები არ იყოს, მით უმეტეს, საერთო გამოცდები ჯერ მხოლოდ იდეაა და ჩამოყალიბებული კონცეფციის სახით ის არავის წარმოუდგენია. რას ნიშნავს საერთო გამოცდები, რა ღირსება და ნაკლი შეიძლება ახლდეს მათ გამართვას ?

საერთოს ამ გამოცდებს იმიტომ უწოდებენ, რომ ის ტარდება როგორც სკოლის, ისე უმაღლესი სასწავლებლისგან დამოუკიდებლად. საერთო გამოცდები ანაცვლებს საშუალო სკოლის გამოსაშვებ და უნივერსიტეტებისა თუ ინსტიტუტების მისაღებ გამოცდებს. საერთო გამოცდების შედეგიდან გამომდინარე, საშუალო სკოლის კურსდამთავრებულს ექნება საშუალება, სახელმწიფომ სხვადასხვა ოდენობით დააფინანსოს უმაღლეს სასწავლებელში მისი სწავლის გაგრძელება.

საერთო გამოცდების არსი ისაა, რომ კურსდამთავრებულთა სახელმწიფო მხარდაჭერა დამოკიდებული იყოს ამ გამოცდაზე მიღებულ ქულებზე. დღეს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ძირითადად შეფასების 5-ბალიანი სისტემა მოქმედებს. საერთო გამოცდებზე შეიძლება ეს სისტემა არ გამოდგეს. საერთო გამოცდა ტესტური უნდა იყოს და, სავარაუდოდ, შეიცავდეს საკითხებს რამდენიმე აუცილებელი და რამდენიმე ისეთი საგნიდან, რომელსაც კურსდამთავრებული თავად აირჩევს – გააჩნია, სად აპირებს სწავლის გაგრძელებას. გამოცდის შედეგების მიხედვით, სტუდენტობის მოსურნეს ეცოდინება, უმაღლეს სასწავლებელში მის სწავლას სახელმწიფო მთლიანად დააფინანსებს, ნაწილობრივ, თუ საერთოდ უარს ეტყვის დაფინანსებაზე. რაც ნაკლები იქნება შეფასება, მით უფრო მოიკლებს დაფინანსებაც.

საერთო გამოცდების ერთი მიზანი ისიცაა, რომ უმაღლესმა სასწავლებლებმა დაკარგონ მისაღები გამოცდების ჩატარების უფლება. სამაგიეროდ, უნივერსიტეტები და ინსტიტუტები უფლებამოსილნი იქნებიან განსაზღვრონ სწავლების გადასახადი, აგრეთვე დააწესონ სწავლის გასაგრძელებლად აუცილებელი, საერთო გამოცდაზე მიღებული ქულების მინიმალური ზღვარი – ნაკლები შეფასების მქონე პირი კონკრეტულ სასწავლებელში სწავლას ვერ შეძლებს. აქ ერთი წინააღმდეგობა ჩნდება: სახელმწიფომ შეიძლება დაადგინოს, რა უჯდება ერთი სტუდენტის განსწავლა ერთი წლის მანძილზე, მაგრამ ეს ღირებულება შესაძლოა ყველა უმაღლესი სასწავლებლისთვის მისაღები არ აღმოჩნდეს და ზოგ მათგანს ერთი სტუდენტი გაცილებით ძვირი უღირდეს, ვიდრე სახელმწიფოს: ასეთ შემთხვევაში ყველაზე წარჩინებულებსაც კი სწავლაში ფული ექნებათ გადასახდელი.

ეს მხოლოდ ორიოდე ასპექტია საერთო გამოცდებისა, რომლის შესახებ ლაპარაკი სულ ახლახანს დაიწყო საქართველოში. საერთო გამოცდების ჩატარების პროცედურა, ტესტების შემადგენლობა, სავალდებულო და ასარჩევი საგნების ნუსხა – უკვე კონკრეტული საკითხებია, რომელთა გარჩევას ამ ეტაპზე აზრი არა აქვს. საინტერესოა, როგორ შეხვდებიან საერთო გამოცდების იდეას უმაღლეს სასწავლებელთა ხელმძღვანელები ან სკოლის მასწავლებლები. ისიც საინტერესოა, ხელისუფლება საბოლოოდ გაიზიარებს თუ არა საერთო გამოცდების იდეას. მანამდე კი ის საზოგადოებას უნდა განემარტოს.
XS
SM
MD
LG