Accessibility links

ელექტროკავშირის მართვის უფლებით გადაცემა – სკანდალი საქართველოს ტელეკომუნიკაცების სფეროში


სოზარ სუბელიანი, თბილისი 13 აგვისტოს ქონების მართვის სამინისტროში გაიმართა სპეციალური კომისიის სხდომა, რომელმაც საქართველოს ტელეკომუნიკაციის სფეროს უმსხვილესი ოპერატორის,

ელექტროკავშირის მართვის უფლების გადაცემასთან დაკავშირებული პრობლემები უნდა შეისწავლოს. სკანდალი, რომელიც ელექტროკავშირის მართვის უფლებით გადაცემის მცდელობას მოჰყვა, მას შემდეგ დაიწყო, რაც გაზეთ “24 საათის” ჟურნალისტებმა ამ სფეროში არსებული დარღვევების გამოძიება დაიწყეს. პრობლემის განხილვამ გაზეთის ფურცლებიდან ჯერ სახელმწიფო კანცელარიასა და შესაბამის სამინისტროებში გადაინაცვლა, ხოლო როცა ქონების მართვისა და ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროთა ხელმძღვანელების კამათში მტყუან-მართალი ვერ გამოჩნდა, სახელმწიფო მინისტრმა, ავთანდილ ჯორბენაძემ სპეციალური კომისიის შექმნა გადაწყვიტა, რომელიც ჟურნალისტებთან ერთად შეისწავლის ამ პრობლემას.

“საქართველოს ელექტროკავშირი” საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე უმსხვილესი კომპანიაა: მას ეკუთვნის ადგილობრივი სატელეფონო ხაზების 70 პროცენტზე მეტი, მთლიანად უზრუნველყოფს ნახევარ მილიონზე მეტ აბონენტს და მომსახურებას უწევს 22 ათასზე მეტ კომპანიასა და სახელმწიფო დაწესებულებას. შესაბამისად, ვინც ელექტროკავშირის გაკონტროლებას შეძლებს, ის, ფაქტობრივად, მონოპოლისტურ ადგილს იკავებს საქართველოს სატელეკომუნიკაციო სივრცეში. მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლების ორწლიანი მცდელობა, მომგებიანად გაეყიდა ელექტროკავშირი, მარცხით დამთავრდა. თავდაპირველად ელექტროკავშირი, ტელეკომთან ერთად, 120 მილიონ ლარად იყო შეფასებული, მოგვიანებით კი მისი ღირებულება 30 მილიონამდე ჩამოვიდა.

ამასობაში ელექტროკავშირმა, რომელიც წლების განმავლობაში წამგებიანი კომპანია იყო, მოგების მოტანა დაიწყო და ხელისუფლებამაც გადაწყვიტა, ელექტროკავშირი, გაყიდვის ნაცვლად, მართვის უფლებით გადაეცა რომელიმე გამოცდილი კომპანიისთვის. ამის გაკეთება საქართველოს ხელისუფლებამ გამოცდილ ნორვეგიულ კომპანიას, ტელენორს სთხოვა. გაზეთ “24 საათის” ჟურნალისტი გიორგი კალანდაძე, რომელიც ამ საკითხს იკვლევდა, აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ტელენორთან მჭიდრო თანამშრომლობა ჰქონდა განზრახული: [გიორგი კალანდაძის ხმა] “საქართველოს მთავრობას ჰქონდა სტრატეგიული მოქმედების გეგმა ტელენორთან დაკავშირებით, რომელიც ორი ეტაპისგან შედგებოდა: პირველი ეტაპი იყო ბიზნეს-გეგმის მომზადება, რაშიც ტელენორი ითხოვდა ფინანსური პარტნიორის მოძებნას და მეორე ეტაპი იყო – მომზადებული ბიზნეს-გეგმის საფუძველზე, ტელენორის შემოსვლა მართვაში, საქართველოს ელექტროკავშირის დირექტორატში. საუბარი იყო ერთობლივი დირექტორატის შექმნაზე, სადაც სამი წარმომადგენელი იქნებოდა ტელენორის მხრიდან და სამი წარმომადგენელი – ქართული მხრიდან. გარდა ამისა, ამ პროცესის დროს დარღვეულია კანონის მოთხოვნები. კანონი პირდაპირ მოითხოვს, რომ კომპანიის მართვის უფლებით გასაცემად უნდა გამოცხადდეს ტენდერი, როცა საუბარია ასეთი ტიპის კომპანიაზე, სადაც საკონტროლო პაკეტი ეკუთვნის სახელმწიფოს.” [სტილი დაცულია]

ტელენორმა ელექტროკავშირის ბიზნეს-გეგმის გაკეთებაში 200 ათასი დოლარი მოითხოვა, რის შემდეგაც მოლაპარაკებებში ახალი კომპანია – “სელფორდი” გამოჩნდა. ხელშეკრულებაში, რომელსაც 10 ივნისს მოეწერა ხელი, საქართველოს ელექტროკავშირის გენერალური დირექტორი თემურ ბუცხრიკიძე წერს: “ჩვენ არ შეგვიძლია დროულად გადავუხადოთ “ტელენორს” დავალების ღირებულების პირველი და მეორე ნახევარი, სულ 200 ათასი დოლარი, ამიტომ ჩვენ ვაცხადებთ თანხმობას, ეს თანხა დეპოზიტზე “სელფორდმა” დაუსვას “ტელენორს” და შემდეგ ჩვენ დავუბრუნებთ “სელფორდს” 200 ათას დოლარს და მასზე დარიცხულ პროცენტებს იმ საბანკო ანგარიშზე, რომელიც მითითებული იქნება “სელფორდის” მიერ.” [სტილი დაცულია]

ერთი შეხედვით, ამ შეთანხმებაში თითქოს არაფერია საეჭვო, თუმცა, რამდენიმე კითხვა მაინც ჩნდება: ჯერ ერთი, მიმდინარე წელს მხოლოდ რამდენიმე თვეში ელექტროკავშირის მოგებამ 2 მილიონ დოლარს გადააჭარბა, ამდენად, მისთვის 200 ათასი დოლარის გადახდა შეუძლებელი არ უნდა ყოფილიყო.

მეორეც, ხელშეკრულებაში ნათქვამია, რომ სანამ ელექტროკავშირი სრულად და საბოლოოდ არ გადაუხდის სელფორდს მთელ დავალიანებას, მანამ ნებისმიერი უფლება ბიზნეს-გეგმაზე ექნება სელფორდს.

ხოლო მესამე და ყველაზე მთავარი, რაც ეჭვს იწვევს, თავად სელფორდის წარმომავლობაა. როგორც ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის მოადგილე გიორგი კარბელაშვილი ამბობს, თვით ხელისუფლებაშიც კი არავინ იცის, რას წარმოადგენს ფირმა, რომელიც საქართველოს სტრატეგიულ ბაზარზე შემოდის და ვინ დგას ამ ფირმის უკან: [გიორგი კარბელაშვილის ხმა] “ვკითხულობ, დღესაც ვიკითხე – ვინ არის სელფორდი? კავშირგაბმულობა არ არის რაღაც საკონსერვო ქარხანა, აქ უნდა იყოს გამჭვირვალედ, ვინ დგას ამის უკან. დღეს საქართველო საომარ სიტუაციაშია, ხომ? ვინ არის შუამავალი? დღეს საინფორმაციო ომია მსოფლიოში…" [სტილი დაცულია]

მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ სცენარი, რომლითაც ელექტროკავშირის მართვის უფლებით გადაცემა ხორციელდება, ძალიან ჰგავს ინფოკომის გაყიდვის სცენარს: [გიორგი კარბელაშვილის ხმა] “დღეს ინფოკომის მეპატრონე აკონტროლებს საფინანსო გადარიცხვებს საქართველოში. ინფოკომი ერთადერთი სტრუქტურა იყო და არის, რომელიც მთლიანად საბანკო სისტემას ემსახურება – მთელი გადარიცხვები ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ… 350 ათას დოლარად გაიყიდა ისიც, ეს არის სასაცილო… ინფოკომი არის გაქსუებული, მე ვაცხადებ. ის დაბრუნდება, მე დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას. დღეს იგივე პროცესია, ეს უნდა შევაჩეროთ. ვიღაცეებს ჰგონიათ, რომ ჩვენ ვართ მკვდარი სულები და ისინი საპენსიო ფონდს განაგებენ. ჩვენ დღეს ქვეყანას უნდა ვუშველოთ ერთად.” [სტილი დაცულია]

გიორგი კარბელაშვილის კითხვაზე – რას წარმოადგენს სელფორდი და ვინ დგას ოფშორულ ზონაში, ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული ამ კომპანიის უკან, ჟურნალისტები უფრო გაბედულად გამოთქვამენ თავიანთ ეჭვებსა თუ ვარაუდებს. მაგალითად, რა იცის ჟურნალისტმა გიორგი კალანდაძემ სელფორდის შესახებ მას შემდეგ, რაც რამდენიმე კვირა მოანდომა ამ საკითხის კვლევას: [გიორგი კალანდაძის ხმა] “ჩვენ ვიცით, რომ სელფორდი დაფუძნდა ოფშორულ ზონაში, ვირჯინიის კუნძულებზე, ოფისი აქვს ლონდოში, უფრო სწორად, ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ ეს არის ფაქსის აპარატი თავისი მდივნით, რადგან სხვა ვერაფერს ხელსაჭიდს ლონდონის ოფისთან დაკავშირებით ვერ მივაკვლიეთ. დირექტორი გახლავთ გიორგი ბედინეიშვილი, რომელიც, ბოლო 4 თვის განმავლობაში თბილისში იმყოფება და ეს გახლავთ ბადრი პატარკაციშვილის პირადი კონსულტანტი ბიზნეს საკითხებში. ბადრი პატარკაციშვილი არის მისი ერთადერთი კლიენტი, თუმცა, მან აღნიშნა, რომ კონკრეტულად ელექტროკავშირთან დაკავშირებით მას არ მიუღია შეკვეთა პატარკაციშვილისგან, თუმცა გარკვეული ეჭვები, რომ სელფორდი სწორედ ბადრი პატარკაციშვილის ინტერესებიდან გამომდინარე ჩაჯდა ამ სქემაში, არსებობს. [სტილი დაცულია]

ხსენებულ ხელშეკრულებაში სელფორდის ერთ-ერთ მხარედ შემოსვლა, ოფიციალურად, ტელენორის დაჟინებული მოთხოვნით მოხდა. არადა, სანამ სელფორდი გამოჩნდებოდა, მანამ ტელენორის პარტნიორები გაცილებით სოლიდური და დიდი გამოცდილების მქონე დასავლური კომპანიები იყვნენ, რომელთაც საქართველოს ხელისუფლებამ თანამშრომლობაზე უარი უთხრა. ლაპარაკი იყო ისეთ სოლიდურ კომპანიებზე, როგორიცაა ევრობანკი, გერმანიის საინვესტიციო სააგენტო, ისრაელის საკმაოდ ცნობილი კომპანია “ისრაელკორპი”, შუამავალი კი ამ საქმეებში გერმანული “კომერცბანკი” იყო, რომელსაც საქართველოს ქონების მართვის სამინისტრომ ოფიცილურად უთხრა უარი მოლაპარაკების გაგრძელებაზე.

და ბოლოს, ელექტროკავშირის მართვით გადაცემის ხელშეკრულების მომზადების დროს დაირღვა საქართველოს კანონმდებლობა, რადგან არ მოხდა ტენდერის გამოცხადება, თავად ხელშეკრულება და მისი მომზადების პროცესი კი მკაცრად იყო გასაიდუმლოებული, რაც კიდევ ერთხელ იძლევა სერიოზული ეჭვების გაჩენის საბაბს.
XS
SM
MD
LG