Accessibility links

ბაღდადი წინააღმდეგია ერაყში გაეროს განიარაღების კომისიის დაბრუნებისა


ანდრო ეული, პრაღა ორშაბათს, არაბული ტელეკომპანია ”ალ-ჯაზირასათვის” მიცემულ ინტერვიუში, ერაყის ინფორმაციის მინისტრმა საიდ ალ-საჰაფმა განაცხადა, რომ ზედმეტად მიაჩნია ერაყში გაეროს განიარაღების კომისიის დაბრუნება,

ვინაიდან გაეროს ექსპერტებმა ჯერ კიდევ 4 წლის წინათ დაამთავრეს ერაყის სამხედრო ობიექტების შემოწმება.

ვაშინგტონის მტკიცებას, რომ ერაყი მასობრივი განადგურების იარაღს ფლობს, ალ-საჰაფმა სიცრუე უწოდა. ”ეს ამერიკელების პოზიციაა. გაეროს ექსპერტებმა დაასრულეს თავიანთი საქმიანობა ერაყში” – დაძინა ერაყის ინფორმაციის მინისტრმა.

ერთობ უცნაურად გამოიყურება ერაყელი მინისტრის ამგვარი განცხადება, ვინაიდან ბაღდადმა ამ ბოლო დროს მიანიშნა, რომ წინააღმდეგი არ იქნება, თუ გაეროს განიარაღების კომისიის თავმჯდომარე ჰანს ბლიქსი ბაღდადს ეწვევა და თავის ერაყელ კოლეგებთან ერთად განიხილავს იმის შესაძლებლობას, რომ დაპირისპირება ვაშინგტონსა და ბაღდადს შორის მშვიდობიანად მოგვარდეს.

ერაყში გაეროს განიარაღების კომისიის დაბრუნება გაეროს უშიშროების საბჭოსა და, უწინარესად, შეერთებული შტატების კატეგორიული მოთხოვნაა. პრეზიდენტი ბუში, რომელიც სადამ ჰუსეინის დამხობის მოწოდებით გამოდის, ბაღდადს სამხედრო ძალის გამოყენებით დაემუქრა, თუ გაეროს ექსპერტები ერაყში თავიანთ საქმიანობას არ განაახლებენ.

გაუკეთა რა კომენტარი საიდ ალ-საჰაფის განცხადებას, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ფილიპ რიკერმა თქვა, რომ ერაყის ლიდერებს არ სურთ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულება და ყოველნაირად ცდილობენ თავიანთი მიზნის შესრულებას. ”აქ ლაპარაკი არაა სამხედრო ობიექტების შემოწმებაზე. საქმე ეხება სარწმუნო და დადასტურებულ განიარაღებას... ერაყში მასობრივი განადგურების იარაღის სრული ლიკვიდაცია უნდა მოხდეს” – დასძინა ფილიპ რიკერმა.

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური მდივნის პრესმდივანმა ფრედ ეკჰარდმა თავი შეიკავა კომენტარისაგან ალ-საჰაფის გამონათქვამთან დაკავშირებით. ეკჰარდმა თქვა, რომ გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი ბაღდადისგან პასუხს ელოდება წერილზე, რომელიც 6 აგვისტოს გაუგზავნა ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრს ნაჯი საბრის და აცნობა, რომ განიარაღების ექსპერტები იმ შემთხვევაში დაბრუნდებიან ერაყში, თუ მათ მოქმედების სრული თავისუფლება მიეცემათ.

უშიშროების საბჭოს რეზოლუციების თანახმად, ერაყის წინააღმდეგ მიღებული ეკონომიკური სანქციები არ გაუქმდება, ვიდრე გაეროს განიარაღების კომისია ოფიციალურად არ დაადასტურებს, რომ ქვეყანაში მთლიანად იქნა ლიკვიდირებული ბიოლოგიური, ქიმიური და ბირთვული იარაღი. გაეროს განიარაღების კომისიამ 1998 წელს დატოვა ერაყი; და მას შემდეგ ბაღდადი კატეგორიულ უარზეა, რომ კომისიამ განაახლოს ქვეყანაში სამხედრო ობიექტების შემოწმება.

ამასობაში, საზოგადოებრივი აზრის უკანასკნელი გამოკითხვის თანახმად, ამერიკელთა სამ მეოთხედს მიაჩნია, რომ ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის განსახორციელებლად პრეზიდენტმა ბუშმა კონგრესის თანხმობა უნდა მიიღოს.
XS
SM
MD
LG