Accessibility links

logo-print

წყალდიდობა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში


ანდრო ეული, პრაღა სულ უფრო კატასტროფულ ხასიათს იღებს წყალდიდობა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. წყალდიდობამ, რომელიც ერთი კვირის მანძილზე მოსულმა კოკისპირულმა წვიმებმა გამოიწვია,

რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ჩეხეთის რესპუბლიკაში, გერმანიაში, ავსტრიასა და ცენტრალური ევროპის სხვა ნაწილებში.

ჩეხეთში კალაპოტიდან გადმოვიდა ბოჰემიის უდიდესი მდინარე ვლტავა და დატბორა შუა საუკუნეებში აშენებული ქალაქები: ჩესკი კრუმლოვი და ჩესკე ბუდეიოვიცე. პრაღის 500-მდე ქუჩიდან, რომლებსაც ვლტავა დატბორვით ემუქრება,
ხელისუფლებამ 40 000-მდე მკვიდრის ევაკუაცია ბრძანა.

მოელიან, რომ ვლტავაში წყლის ნაკადი წამში 4000 კუბურ მეტრს მიაღწევს, რაც უკანასკნელად 1890 წელს მოხდა, როცა წყალმა მე-14 საუკუნეში აგებული კარლოსის ცნობილი ხიდის რამდენიმე მონაკვეთი წაიღო. ჩეხეთში წყალდიდობამ ჯერჯერობით 8 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო კიდევ ორი ადამიანი უგზო-უკვლოდ არის დაკარგული. სულ, ბოლო კვირის მანძილზე დაღუპულთა რიცხვმა ევროპის ქვეყნებში 87-ს მიაღწია (რუსეთში დაღუპული 58 ადამიანის ჩათვლით).

ორშაბათს, ღამით, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ შპიდლამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა პრაღასა და ბოჰემიის სხვა რეგიონებში.

გერმანიაში, წყალდიდობის გამო, სრულ იზოლაციაში აღმოჩნდა რამდენიმე დასახლებული პუნქტი ერცგებირგეს მთიანი მასივის აღმოსავლეთ ნაწილში, რომელსაც ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. გაწყვეტილია სატელეფონო კავშირიც. კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარე ელბამ მიმდებარე ქუჩები დატბორა ქალაქებში: დრეზდენსა და მაისენში. წყალდიდობის გამო დრეზდენში შეწყვეტილია სარკინიგზო მიმოსვლა. ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. დრეზდენის ცენტრალური საავადმყოფოდან ხალხი გაიყვანეს. სამი მდინარის, დუნაის, ილცისა და ინის ერთობლივმა ნაკადმა უძველესი ქალაქის, პასაუს მნიშვნელოვანი ნაწილი დატბორა.

მეზობელ ავსტრიაში, ორშაბათს ღამით, მაშველებმა ავტომანქანებში მყოფი 50-მდე ადამიანი გადაარჩინეს დაღუპვას, როცა ქალაქ ლინცის მახლობლად ავტომაგისტრალი წყალმა დაფარა.

სლოვაკეთში, ნორმალურზე ბევრად უფრო მაღალია და კიდევ უფრო მტულობს წყლის დონე მდინარე დუნაიში. მისი შენაკადი ჰრონი, ცენტრალურ სლოვაკეთში, ქალაქ ბანსკა ბისტრიცასა და მის მეზობელ სოფლებს ემუქრება.
XS
SM
MD
LG