Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა შედეგები მოჰყვება ერაყის დიქტატორის სადამ ჰუსეინის დამხობას


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა რაც უფრო მეტს ლაპარაკობენ ერაყის წინააღმდეგ შეერთებული შტატების შესაძლო გალაშქრებაზე, მით უფრო გაცხოველებულ ხასიათს იძენს დებატები იმის შესახებ,

თუ რა მოჰყვება სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობას. ხშირად გაისმის შეკითხვა: მოხდება თუ არა ერაყის დანაწევრება? ამ საკითხში ექსპერტები სხვადასხვა აზრისა არიან.

არავინ უწყის რა მოხდება, როცა სადამის ხელისუფლების რეპრესიული სტრუქტურა დაიშლება და ქვეყნის ურთიერთდაპირისპირებულ ჯგუფებს საკუთარი მიზნების განხორციელების საშუალება მიეცემა – პირველად 1968 წლის შემდეგ, როცა სადამის მმართველი ბაასის პარტია ხელისუფლების სათავეში მოექცა.

ვაშინგტონელი ექსპერტი კატოს ინსტიტუტიდან, ტედ გალენ კარპენტერი აღნიშნავს, რომ თანამედროვე ერაყი, რომელიც ბრიტანეთის მანდატით, ოსმალეთის იმპერიის ნანგრევებიდან შეიქმნა, ხელოვნური და არამდგრადი გაერთიანებაა. მოსახლეობის სამი მთავარი კომპონენტი – სუნიტი არაბები, შიიტი არაბები და ქურთები – ერთმანეთთან სუსტად არიან დაკავშირებული. ბაღდადის წინააღმდეგ ქურთების აჯანყებებს ხანგრძლივი ისტორია აქვს; შიიტების უმრავლესობა თავს დაჩაგრულად გრძნობს ბაასის რეჟიმის მიერ, რომელშიც სუნიტები დომინირებენ.

კარპენტერი ამბობს, რომ ქურთების ლიდერთა განცხადებები, რომ მათ ერაყის შემადგენლობაში დარჩენა სურთ, დიდად სარწმუნო არ არის.
[კარპენტერის ხმა] “ქურთები ირწმუნებიან, რომ არ სურთ საკუთარი დამოუკიდებელი სახელწიფოს შექმნა, რომ მათ სავსებით აკმაყოფილებთ ფართო ავტონომია ერთიანი ერაყის ჩარჩოებში. მაგრამ ჩვენ სხვა მოძრაობების მოწმენი ვართ. მაგალითად, ალბანელები კოსოვოში თავდაპირველად ავტონომიაზე ლაპარაკობდნენ, მაგრამ მალე გადავიდნენ დამოუკიდებლობის მოთხოვნაზე.”

კარპენტერი თვლის, აგრეთვე, რომ თუ ქურთები გამოეყოფიან ერაყს, ამას შეიძლება რეგიონული ომი მოჰყვეს. თურქეთსა და ირანს არ მოეწონებათ ქურთების დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა, რომელიც ამ ქვეყნებში მცხოვრებ ქურთებსაც აღუძრავდა სეპარატიზმის მადას. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ თურქეთმა და ირანმა ერაყელი ქურთების სახემლწიფო, შესაძლოა, მისი გამოცხადებისთანავე დაიკავონ.

ყველა ექსპერტი არ იზიარებს აზრს, რომ სადამის დამხობის შემთხვევაში ერაყი დაიშლება. მათი სიტყვით, ერაყელებს აქვთ ძლიერი ეროვნული გრძნობა და, ამავე დროს, მეზობელი ქვეყნების შიში და, რომ ეს ორი ფაქტორი ქვეყანას დაშლისგან დაიცავს.

ერაყის დაშლა-არ-დაშლა დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, როგორ პოზიციას დაიკავებს არმია ერაყის ახალი ხელისუფლების მიმართ – მოინდომებს ამბოხების ჩახშობას, გახდება თუ არა შემაკავებელი ძალა, რომელიც დაუკარგავს მეზობელ ქვეყნებს ინტერვენციის სურვილს?

ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც მოინდომებს სამხრეთ ერაყში თავისი გავლენის გაძლიერებას, ირანია, რომლის ტერიტორიაზე ერაყის შიიტი ოპოზიციის შეიარაღებულმა მოძრაობამ ჰპოვა თავშესაფარი.

საკითხავია, აგრეთვე ბოლომდე უერთგულებს თუ არა სადამს ერაყის არმიის ყველაზე უკეთ აღჭურვილი სამხედრო ნაწილები – “რესპუბლიკური გვარდია” და “საგანგებო რესპუბლიკური გვარდია” – სულ 100 ათასი კაცი.

[ყარადაღის ხმა] “როცა რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული აქციები სერიოზულია, ყველა იცვლის პოზიციას, რადგან ეს გადარჩენა-არგადარჩენის საკითხია. მათ შეიძლება გაიაზრონ, რომ თუ რეჟიმის ერთგული დარჩებიან, შეიძლება ყველაფერი დაკარგონ.”
ეს იყო ჩვენი რადიოს ერაყული სამსახურის დირექტორის მოადგილის ყარმან ალ-ყარადაღის ხმა. ვაშინგტონელი ანალიტიკოსების აზრით, შეერთებულ შტატებს შეიძლება მოუხდეს ერაყის საზღვარზე მრავალრიცხოვანი ჯარის განთავსება, რათა ერაყის არმიის ელიტურ ძალებს სადამისთვის ზურგის შექცევის სურვილი გაუჩნდეს.
XS
SM
MD
LG