Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკის ლიდერები საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ 11 სექტემბრის ტრაგედიას


თამარ ჩიქოვანი, პრაღა აშშ-ის მთავრობის გადაწყვეტილება ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში ერაყის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების დაწყების შესახებ, საერთაშორისო თანამეგობრობიაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს.

არაბული სამყაროს ქვეყნებმა უკვე განაცხადეს, რომ მხარს არ დაუჭერენ სადამ ჰუსეინის რეჟიმის წინააღმდეგ მიმართულ ოპერაციას. ასეთივე მოსაზრება გამოთქვა ირანის პრეზიდენტმა მოჰამად ხათამიმ, რომელიც 13 აგვისტოს ერთდღიანი ვიზიტით ავღანეთში იმყოფებოდა.

ირანის პრეზიდენტის ერთღიანი ვიზიტი ავღანეთში მრავალმხრივ იყო საინტერესო. პირველ რიგში, ბოლო 40 წლის მანძილზე ეს ირანის ლიდერის პირველი ოფიციალური ვიზიტია მეზობელ სახელმწიფოში. 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ, როცა ირანის მეზობელ ავღანეთში ამერიკელთა სამხედრო დასწრება რეალობად იქცა, ირანის ინტერესი მიმდინარე მოვლენების მიმართ ერთიორად გაიზარდა. სხვათა შორის, ამერიკის გავლენა ავღანეთის ხელისუფლებაზე "თვალსაჩინო" გახლდათ – ირანის ისლამური რესპუბლიკის ლიდერს ავღანეთის პრეზიდენტთან ჰამიდ კარზაიასთან შეხვედრა ამერიკული დაცვის სამსახურის გარემოცვაში მოუხდა, რაც, აშშ-ისადმი ირანის დამოკიდებულების ფონზე (ირანში ხომ ამერიკას კვლავინდებურად ნომერ პირველ მტრად თვლიან) მოლაპარაკებებს უცხოელი ჟურნალისტების თვალში ერთიორად მატებდა ინტრიგას.

13 აგვისტოს ქაბულში გამართულ პრესკონფერენციაზე ირანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამერიკის პრეზიდენტი 11 სექტემბრის ტრაგედიას საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს "ძალადობისა და ომის ატმოსფეროს" შესაქმნელად, რაც საბოლოოდ, შესაძლოა, მეტი განადგურებისა და ნგრევის მიზეზად იქცეს. "11 სექტემბრის მოვლენები შემაძრწუნებელი იყო, მაგრამ ახლა ამერიკის ლიდერებს ტრაგედიის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენება სურთ. თავდამსხმელებს ძალადობისა და ომის ატმოსფეროს შექმნა სურდათ, მაგრამ ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ დღევანდელ მსოფლიოში ჩვენი ბედი ერთმანეთთან არის დაკავშირებულიო" – განუცხადა ჟურნალისტებს პრეზიდენტმა ხათამიმ პრეზიდენტ კარზაისთან შეხვედრის შემდეგ. მისივე თქმით, 11 სექტემბრის ტერაქტის ორგანიზატორებს ეგონათ, რომ ომი მხოლოდ ამერიკას მოედებოდა, მაგრამ ხალხის ძალადობით დამორჩილების სურვილს მხოლოდ მრისხანება და ნგრევა მოაქვს თან.

ამავე დროს, პრეზიდენტი ხათამი მხარს არ უჭერს ამერიკის გადაწყვეტილებას სადამ ჰუსეინის რეჟიმის ძალადობით დამხობასთან დაკავშირებით, მიუხედავად 1980-იან წლებში ირან-ერაყის 8-წლიანი ომისა, რომელსაც ორივე მხარეს მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

რამდენიმე წლის წინათ ამერიკის ხელისუფლების დამოკიდებულება ირანის მიმართ ოდნავ დათბა, რაც პრეზიდენტ ხათამისადმი გარკვეული იმედებით იყო გამოწვეული. ვაშინგტონი იმედოვნებდა, რომ ხათამი შეძლებდა კონსერვატორების მორჯულებას. მაგრამ პრეზიდენტმა ბუშმა ამერიკელი ერისადმი იანვრის მიმართვაში ირანი ”ბოროტების ღერძის” ქვეყნებს შორის მოიხსენია.

ბუშის ადმინისტრაცია ფიქრობს, რომ ირანი, შესაძლოა, კარზაის ხელისუფლების შესუსტებას ცდილობდეს: საყოველთაოდ ცნობილია ირანის ხელისუფლების კარგი დამოკიდებულება კარზაის შეურიგებელ მოწინააღმდეგესთან, ჰერათის პროვინციის გუბერნატორთან ისმაილ ხანთან. გარდა ამისა, ვაშინგტონი ირანს ბრალს სდებს ”ალ-ყაიდის” წევრების მფარველობაში. ბოლო ბრალდების საპასუხოდ, რამდენიმე დღის წინათ, ირანის ხელისუფლებამ საუდის არაბეთს გადასცა”ალ-ყაიდის” 16 წევრი, რომლებიც ავღანეთიდან გაქცევის შემდეგ ირანს აფარებდნენ თავს. ვაშინგტონის დამოკიდებულება ირანის ამ ჟესტისადმი 13 აგვისტოს ამერიკის თავდაცვის მინისტრმა დონალ რამსფელდმა გამოხატა. მისი განცხადებით, "ისინი დღეს არ ეწინააღმდეგებიან ”ალ-ყაიდის” ყოფნას ქვეყნის ტერიტორიაზე, თუმცა რამდენიმე ადამიანი სხვადასხვა ქვეყანას გადასცეს, ოღონდ არა ჩვენ."

ირანელ ექსპერტთა აზრით, ადრე თუ გვიან ამერიკა დაინტერესდება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებში ირანის მონაწილეობით. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ერაყის ყველაზე გავლენიანი ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფები აიათოლა მუჰამედ ბაქრომ ალ-ჰაკირის ხელმძღვანელობით სწორედ ირანს აფარებს თავს. და როცა ვაშინგტონს სადამ ჰუსეინის პოლიტიკური ალტერნატივის მოძიება მოუწევს, ირანის შუამავლობა, შესაძლოა, დიდად დაფასდეს.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს თეირანი ჰგმობს ტერაქტებს და ტერორისტებთან ერთობლივი ბრძოლისკენ მოწოდებებს გამოთქვამს, ირანის ხელისუფლება ათწლეულების განმავლობაში მფარველობდა არაბულ ექსტრემისტულ ჯგუფებს. ”ჰამასისა” და ”ჰეზბოლას” წევრებს ირანში დამოუკიდებლობისთვის მებრძოლებს უწოდებენ და ფინანსურადაც ეხმარებიან, მაშინ, როცა ამერიკაში ეს ორგანიზაციები ტერორისტული ჯგუფების სიაშია შეტანილი. ასე რომ, თეირანის განცხადება ტერორიზმთან ბრძოლის თაობაზე დამაჯერებლად არ გამოიყურება, რადგან ამ ქვეყანაში განსხვავებული წარმოდგენა აქვთ იმაზე, რა არის ტერორიზმი და ვინ არიან ტერორისტები.
XS
SM
MD
LG