Accessibility links

აფხაზეთში ომის დაწყების მეათე წლისთავს საქართველო კონფლიქტის განახლების რეალური საშიშროებით შეხვდა


ზუსტად 10 წლის წინ, 14 აგვისტოს, დაიწყო ომი, რომელსაც დაახლოებით 16000 ადამიანი შეეწირა და რომელმაც 300000-ზე მეტი ადამიანი დევნილად აქცია.

აფხაზეთში ომის დაწყებიდან 10 წლისთავზე აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების გზა ისევ ბუნდოვანია. უფრო მეტიც, 2002 წლის 14 აგვისტოს დაპირისპირებული მხარეები შეიარაღებული კონფლიქტის განახლების რეალური საშიშროებით შეხვდნენ. 13 აგვისტოს კოდორის ხეობაში სროლა ისმოდა, 14 აგვისტოს კი მხარეები კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის აღკვეთისთვის მუშაობდნენ.

აფხაზეთში ომის დაწყებიდან 10 წლისთავზე ქართულ-აფხაზური მხარეები შეიარაღებული დაპირისპირების განახლების ზღვარზე აღმოჩნდნენ, თუმცა, მხარეთა შორის მოლაპარაკებით, კოდორის ხეობაში ცეცხლის შეწყვეტა მიღწეულ იქნა. ამის შემდეგ, მარუხის უღელტეხილის მიდამოებში თავმოყრილ აფხაზ ბოევიკებს ტერიტორიის დატოვების ახალი ულტიმატუმი წაეყენათ. აფხაზებს უკანდახევის დაწყების ვადად 14 აგვისტოს დღის 12 საათი განესაზღვრათ. როგორც კოდორის ხეობაში პრეზიდენტის რწმუნებულმა ემზარ კვიციანმა სააგენტო “პრაიმ-ნიუსს” განუცხადა, თუ ამ დროიდან აფხაზი ბოევიკები ადანღის უღელტეხილით ხეობიდან გასვლას არ დაიწყებდნენ, ქართული მხარე შესაბამისი ბრძანების მიხედვით იმოქმედებდა. ოდნავ მოგვიანებით საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ აფხაზთა მხარე ხეობიდან ბოევიკების გაყვანის პირობას დათანხმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადება სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემაც გააკეთა. მანვე დაადასტურა, რომ აფხაზთა მხარემ კოდორის ხეობაში საკუთარი დესანტის გადმოსხმის დროს დანაღმული ტერიტორიის განნაღმვის მოთხოვნაც მიიღო.

მოკლედ, 14 აგვისტოს _ აფხაზეთში ომის დაწყების დღეს _ ურთიერთდაპირისპირებული მხარეები დაძაბულ ვითარებაში, მაგრამ მაინც მშვიდობიანად შეხვდნენ. სახელმწიფო მინისტრს ავთანდილ ჯორბენაძეს ორჯერ ჰქონდა სატელეფონო საუბარი აფხაზეთის ეგერთ წოდებულ პრემიერთან ანრი ჯერგენიასთან. ამ უკანასკნელმა კოდორის ხეობიდან აფხაზთა შეიარაღებული ქვედანაყოფის გაყვანის პროცესის დაწყება დაადასტურა. რაც შეეხება ტერიტორიის განნაღმვის დაწყებას, ჯერგენია და ჯორბენაძე შეთანხმდნენ, რომ ამ პროცესთან დაკავშირებით დეტალებზე სამხედრო პირები ანუ საქართველოს თავდაცვის მინისტრი და მისი აფხაზი “კოლეგა” შეთანხმდებიან. ამ ყველაფერმა, ანუ 13 აგვისტოს 40 წუთიანი სროლების შემდეგ კოდორის კრიზისის განმუხტვის მოლოდინმა, უბიძგა პრეზიდენტს მთავრობის სხდომაზე ქართულ-აფხაზური პირდაპირი დიალოგის მნიშვნელობა აღენიშნა. ედუარდ შევარდნაძემ მხარეთა შორის დიალოგის მაქსიმალურად გააქტიურების სურვილი გამოთვა და დადო პირობა, რომ ამ პროცესს თვადაც შეუერთდება. მან ავთანდილ ჯორბენაძეს ანრი ჯერგენიასთან დამატებითი შეხვედრის გამართვა მიმდინარე კვირის მანძილზე დაავალა.

საქართველოს მხარე კოდორის ხეობის კრიზისის განმუხტვისთვის, აფხაზ შეიარაღებულთა ხეობიდან გაყვანის გარდა, საქართველო-რუსეთის საზღვრის მარუხის უღელტეხილის მონაკვეთზე ქართველ მესაზღვრეთა ყოფნას მოითხოვდა. 14 აგვსტოს საღამოს სააგენტო “პრაიმ-ნიუსმა” გაავრცელა ინფორმაცია კოდორის ხეობიდან აფხაზი ბოევიკების გაყვანის შესახებ. ეს ინფორმაცია “პრაიმ-ნიუსს” აფხაზეთის ეგრეთ წოდებულმა ვიცე-პრეზიდენტმა ვალერი არშბამ დაუდასტურა. ბოლოს, საქართველოს მხრე კოდორის ხეობის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ნაწილში გაეროს სამხედრო დამკვირვებელთა პოსტის გახსნის წინადადებით გამოდის, თუმცა კოდორში რუს ცისფერჩაფხუტიანთა მუდმივი ბლოკ-პოსტის გახსნას გამორიცხავს. ხელისუფლების წარმომადგენლები კოდორის კრიზისის განმუხტვაზე საუბრობენ, თუმცა კოდორი, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონი, დაძაბულობის კერად მანამდე დარჩება, სანამ აფხაზეთის პრობლემა არ მოგვარდება.
XS
SM
MD
LG