Accessibility links

აფხაზეთის კონფლიქტი ათწლიანი გადასახედიდან


სამხედრო გადატრიალების შედეგად საქართველოს ხელისუფლებაში მოსულ სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებას, რაც საგზაო მაგისტრალების დასაცავად აფხაზეთის ტერიტორიაზე შეიარაღებული

ძალის გაგზავნას ითვალისწინებდა, 10 წლის წინ საბრძოლო მოქმედებების დაწყება მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ორივე მხრიდან ათასობით ადამიანი დაიღუპა, 300 ათასი კი ლტოლვილად იქცა, განვლილი ათწლეული საკმაოდ მცირე დრო აღმოჩნდა შეცდომების გამოსასწორებლად და საკმაოდ ბევრი _ ახალი საშიში შეცდომის დასაშვებად.

აფხაზეთის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების მეათე წლისთავს მოსახლეობა, ხელისუფლება და პრესა სხვადასხვანაირად ეხმაურება. პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ორშაბათის ტრადიციულ რადიოინტერვიუში ამ თარიღს ყველაზე ტრაგიკული უწოდა ორი ხალხის ისტორიაში, თუმცა ქვეყნის პირველმა პირმა ჩვეულებას უღალატა და ამჯერად შეგნებულად აარიდა თავი იმაზე მსჯელობას, თუ ვისი მიზეზით დატრიალდა ეს ტრაგედია. შევარდნაძე დარწმუნებულია, რომ ისედაც ყველამ ყველაფერი იცის და ზედმეტი წიაღსვლები მხოლოდ ავნებს საქმეს. ის კი არა და, მარუხის უღელტეხილზე აფხაზური დესანტის გადმოსხმასთან დაკავშირებული ვნებათაღელვის სწრაფი დასასრულით ედუარდ შევარდნაძე იმდენად კეთილად განეწყო სეპარატისტული აფხაზეთის ხელისუფლების მიმართ, რომ ოთხშაბათს გამართულ სამთავრობო სხდომაზე წუხილი გამოთქა ვლადისლავ არძინბას ავადმყოფობის გამო და, გამოჯანმრთელების შემდეგ, მასთან შეხვედრის სურვილიც გამოთქვა.

რაც შეეხება აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას, კონფლიქტის მეათე წლისთავზე მათი მდგომარეობა ოდნავადაც არ გაუმჯობესებულა. თუმცა, ღირსეული დაბრუნების შესახებ საქართველოს ხელისუფლების ყალბი დაპირებების მოსმენას მათმა მნიშვნელოვანმა ნაწილმა გალის რაიონში დაბრუნება და სეპარატისტების ხელმძღვანელობის ქვეშ ცხოვრება არჩია.
ქართულ-აფხაზური ინსტიტუტის ხელმძღვანელის, ზურაბ შენგელიას ცნობით, 2002 წლის იანვრის მონაცემებით, აფხაზეთის ტერიტორიაზე, მეტწილად გალის რაიონში, 60 ათასი ქართველი ცხოვრობს. ეს მაშინ, როდესაც იქ აფხაზების რაოდენობა 50 ათას კაცს შეადგენს.

მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეკონომიკური პროგრამები შეექმნა გალის აღორძინებისათვის და გაეძლიერებინა იქ მცხოვრები ქართული თემი, 4 წლის წინ თბილისმა ისეთი შეცდომა დაუშვა, რომელსაც შედეგად გამძვინვარებული სეპარატისტების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მასიური მკვლელობა და გალის რაიონის ბევრი სოფლის გადაწვა მოჰყვა. აფხაზეთის კონფლიქტის მეათე წლისთავზე გალის ტრაგედიის ავტორებზე, სისხლიან მარულაზე და პარტიზანული მოძრაობისთვის გამოყოფილ 14 მილიონ ლარზე საქართველოს ხელისუფლება ასევე არ საუბრობს.

ასევე ტაბუ აქვს დადებული 2001 წლის კოდორის მოვლენების თემას, რუსლან გელაევის რაზმის რეიდს პანკისიდან კოდორისკენ და ამ ავანტიურის უკან მდგარ ძალებს.

"როცა პრობლემის მოგვარება არ ხერხდება, იგი უნდა გადავიტანოთ", _ ეს სტალინური თეზისი ის ხავსია, რომელსაც აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლება მეათე წელია ებღაუჭება.

და მაინც, შეიძლება თუ არა საუბარი რაიმე პოზიტიურზე ქართულ-აფხაზურ ურთიერთობაში. ალბათ შეიძლება, მაგრამ ეს უფრო საერთაშორისო ინსტიტუტების და არასამათავრობო ორგანიზაციების დამსახურებაა, ვიდრე ოფიციალური თბილისის ან სოხუმის. და თანაც ეს სია გაეროს მიერ დაფინასებული რამდენიმე ერთობლივი პროექტითა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მხარეთა დელეგაციებისთვის ჩატარებული რამდენიმე სემინარით ამოიწურება.

მაგრამ ბოლო წლების ყველაზე მთავარ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს ორი მოვლენა: საზღვარგარეთ მცხოვრები აფხაზური დიასპორის სამშვიდობო ინიციატივა ერთობლივი ქართულ-აფხაზური სახელმწიფოს შექმნის შესახებ, რომელიც სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერის, ვლადისლავ არძინბას ყოფილ პირად წარმომადგენელს, პროფესორ ინალ კაზანს ეკუთვნის და გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მომზადებული დოკუმენტი თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ.

მაგრამ ეს ყველაფერი ქაღალდზე დარჩა, რადგან სამშვიდობო ინიციატივებისთვის თბილისმა და სოხუმმა პირველ ათწლეულში ვერ მოიცალეს. მოკონფლიქტე მხარეებმა, როგორც ტალეირანი იტყოდა, განვლილი ათი წლის განმავლობაში ვერც ვერაფერი ისწავლეს და ვერც ვერაფერი დაივიწყეს.
XS
SM
MD
LG