Accessibility links

logo-print

ვინ ერეკება ჩეჩნებს პანკისიდან


დავით პაიჭაძე, თბილისი საქართველოს ხელისუფლებამ აცნობა ჩეჩნეთში პანკისის ხეობიდან გადასულ ჩეჩენ მებრძოლებს, რომ მათთვის გახსნილია გზა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში შესაღწევად.

ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის შეიარაღებულ ძალთა შეზღუდული კონტინგენტის სარდლის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ბორის პოდოპრიგორამ სააგენტო იტარ-ტასს განუცხადა, რომ ეს ინფორმაცია ფედერალურ ძალებს 13 აგვისტოს მიაწოდა დაკავებულმა ჩეჩენმა მებრძოლმა. საერთოდ, ბოლო ორი-სამი დღის მანძილზე რუსულ მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციები საქართველოს, კერძოდ კი პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ცხადყოფს, რომ რუსეთის საინფორმაციო პოლიტიკა ოდნავ შეიცვალა და რუსები მოვლენათა შესაძლო განვითარებისგან მათთვის სასარგებლო შედეგებსაც მოელიან.

რუსეთის დამოუკიდებელი ტელეკომპანიის ვებ-გვერდი შეიცავს იმ ჩეჩენი მებრძოლის ანკეტურ მონაცემებსაც კი, რომელმაც რუსეთის ფედერალურ ძალებს გაუმხილა, რომ საქართველოს ხელისუფლება გზას უხსნის ჩეჩენ მებრძოლებს პანკისის ხეობიდან რუსეთისაკენ. ესაა აჩხოი-მარტანის რაიონში შობილი, 25 წლის ალი დურიევი, რომელმაც 27 ივლისს გადალახა რუსეთის საზღვარი მებრძოლთა 60-კაციანი რაზმის შემადგენლობაში. რაზმს საველე მეთაური ჰასანი ხელმძღვანელობდა.

დურიევმა განაცხადა, რომ ჰასანი არაერთხელ შეხვდა რაზმის განთავსების ადგილზე მისულ ქართველს, რომელსაც სამხედრო ფორმა ეცვა. ეს ქართველი პირადად უტარებდა რაზმს (რუსული ვებ-გვერდის სიტყვით, – ბანდას) ინსტრუქტაჟს. იგივე ქართველი აცილებდა მებრძოლებს ჩეჩნეთის საზღვრამდე. აქ ჩეჩნები დაარწმუნეს, რომ გასასვლელი რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მათთვის გახსნილია. დურიევის ჩვენებათა თანახმად, მებრძოლთა უმეტესი ნაწილი, მათ შორის ჰასანი, საზღვრის გადასვლიდან რამდენიმე დღეში გაანადგურეს.

ფედერალური სამხედრო ძალების შეზღუდული კონტინგენტის სარდლის მოადგილის, ბორის პოდოპრიგორას თქმით, ალი დურიევის ჩვენება ძალიან მნიშვნელოვანია. მებრძოლს მათთვის უცნობებია, რომ ბანდიტურ ფორმირებათა მრავალი წევრი თანახმაა შეწყვიტოს დანაშაულებრივი საქმიანობა, თავისი ნებით დაბრუნდეს სამშობლოში ან ევროპას მიაშუროს ემიგრანტად. ამას ხელს უშლიან საველე მეთაურები, _ ისინი აიძულებენ პანკისის ხეობაში მყოფ ჩეჩნებს, გაერთიანდნენ ჩეჩნეთში გასაგზავნ ბანდიტურ ფორმირებებში.

რუსული საინფორმაციო საშუალება იქვე იტყობინება, რომ მებრძოლთა მომზადება ორ წელიწადს გრძელდება და, მაგალითად, იმავე ალი დურიევს პაკისტანელი ხალილი ამზადებდა. ამასთან, თანდათან იკლებს მუსულმანური ქვეყნების დაქირავებულ მოქალაქეთა რიცხვი, რადგან ჩეჩენი საველე მეთაურები მათ ვეღარაფერს უხდიან.

ამდენად, ოფიციალური რუსეთის პრეტენზია, რომ ოფიციალური თბილისი ეხმარება ჩეჩენ მებრძოლებს რუსეთის საზღვრის გადალახვაში, ძალაში რჩება. ქართული მხარის სრული ანონიმურობის მიუხედავად (სამხედრო ფორმით შემოსილი ვიღაც ქართველი ხვდება, წვრთნის და აცილებს ჩეჩნებს რუსეთის საზღვრამდე) ინფორმაცია დამაჯერებლობას არ არის მოკლებული. ჩანს, საქართველოს ხელისუფლება იმავეს აკეთებს, რაც, მისი მტკიცებით, გააკეთა რუსულმა მხარემ, როცა ათიოდე დღის წინ ქართველმა მესაზღვრეებმა ჩეჩენი მებრძოლების ორი შვიდკაციანი ჯგუფი დააკავეს რუსეთიდან ჩვენს ქვეყანაში შემოღწევის შემდეგ. მაშინ ოფიციალური თბილისი ირწმუნებოდა, რომ რუსებმა თვითონ გამოდევნეს ჩეჩნები საქართველოში, აიძულეს ისინი გადაელახათ რუსეთის საზღვარი და გზა გაუხსნეს საქართველოსკენ. ამგვარი მტკიცებისას ხელისუფალნი, მათივე თქმით, დაკავებული ჩეჩნების ჩვენებებს ეფუძნებოდნენ. რუსეთის პროკურატურამ, სათანადო მტკიცებულებათა ნაკლებობის გამო ვერ მიაღწია ამ ჩეჩნების ექსტრადიციას, თუმცა რუსი სამართალდამცავები აცხადებენ, რომ თბილისში 3 და 5 აგვისტოს დაკავებული პირები გელაევის ბანდის წევრები იყვნენ და მონაწილეობდნენ ივლისის ბოლოს – აგვისტოს დასაწყისში ფედერალური ძალების წინააღმდეგ ჩეჩნეთის იტუმ-ყალის რაიონში გამართულ ბრძოლებში. საქართველოს პროკურატურის უარს, როგორც ვხედავთ, რუსებმა განსხვავებული სვლით უპასუხეს და საქართველოს ხელისუფლებას იგივე ქმედება მიაწერეს, რასაც საქართველოს ხელისუფლება რუსეთს მიაწერს: ჩეჩნებისთვის გზის გახსნა საზღვრის გადასალახად. ეგ არის, რომ საპროტესტო ინტონაცია რუსულ ინფორმაციაში ძალიან სუსტად ისმის: რუსები წინააღმდეგნი არ არიან, თუ საქართველოდან გადასულ ჩეჩნებს ყოველთვის ისე გაანადგურებენ, როგორც ჰასანის რაზმი გაანადგურეს. ამ შემთხვევაში სამხედრო ფორმით შემოსილი ვიღაც ქართველი, ნებსით თუ უნებლიეთ, რუსებსაც დაეხმარა: საქართველოს გაარიდა მებრძოლთა 60-კაციანი რაზმი, რომელიც რუსებმა თითქმის მთლიანად გაჟლიტეს. ხომ არ არის ეს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოსა და რუსეთის თანამშრომლობის ახალი ფორმა?
XS
SM
MD
LG