Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ღარიბი, მაგრამ მცირე ვალების მქონე ქვეყანაა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი მსოფლიო ბანკის მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული გამოკვლევის თანახმად, საქართველო უღარიბეს ქვეყნების კატეგორიაში მოხვდა. მსოფლიო ბანკი ქვეყნების კლასიფიკაციას ერთ სულ მოსახლეზე

წლიური შემოსავლების დონის მიხედვით აკეთებს და მსგავს გამოკვლევას ბოლო წლების განმავლობაში სისტემატურად აქვეყნებს.

უღარიბეს, ანუ დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნების სტატუსს მსოფლიო ბანკი ანიჭებს ქვეყნებს, სადაც ერთ სულ მოსახლეზე წლიური შემოსავლების მაჩვენებელი 745 აშშ დოლარს არ აღემატება. თავის დასამშვიდებლად მხოლოდ ის შეგვიძლია შევნიშნოთ, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის გარდა, საშუალო ან მაღალშემოსავლიანი სახელმწიფოების კატეგორიაში არც ერთი ჩვენი ექს-მოძმე რესპუბლიკა არ მოხვედრილა.
დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნების კატეგორიაში საქართველოს გარდა მოხვდა 66 სახელმწიფო. საინტერესოა, რომ მათ შორის არის ზიმბაბვე, ინდოეთი და ავღანეთი. აი, ასეთი ”საპატიო” მეზობლობა ერგო საქართველოსაც.
დსთ-ს სახელმწიფოებიდან აღნიშნულ კატეგორის ”გადაურჩა” რუსეთი, ბელორუსი და თურქმენეთი. ისინი მსოფლიოს 52 ქვეყანასთან ერთად დაბალი საშუალო წლიური შემოსავლების ქვეყნებს განეკუთვნებიან, თუმცა შედარებით პრესტიჟულ კატეგორიაში არიან მოხვედრილი. ამ ქვეყნებში ერთ სულ მოსახლეზე წლიური შემოსავალი 746-დან 2975 აშშ დოლარამდე მერყეობს. ამ კატეგორიაში რუსეთთან, თურქმენეთთან და ბელორუსთან ”მეზობლობენ” კუბა, ეგვიპტე, ერაყი, ბულგარეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.
მაღალი საშუალო წლიური შემოსავლების ქვეყნების პატივი ერგო ბალტიისპირეთის სამივე სახელმწიფოს _ ლიტვას, ლატვიასა და ესტონეთს. ამ ქვეყნებში საშუალო წლიური შემოსავალი 2 975-დან 9 205 აშშ დოლარის ტოლია. ამ კატეგორიაში 38 ქვეყანა მოხვდა.
მსოფლიოს 52 სახელმწიფო კი მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებად ითვლება. ამ ქვეყნებში წლიური შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე 9 206 აშშ დოლარს აღემატება.
მსოფლიო ბანკი ასევე აქვეყნებს ქვეყნების სიას ერთ სულ მოსახლეზე სახელმწიფო ვალის გაანგარიშებით.
მაღალი სახელმწიფო ვალის მქონე 44 ქვეყანას შორის მოხვდა ტაჯიკეთი და ყირგიზეთი.
ზომიერი სახელმწიფო ვალის მქონე ქვეყნების რიცხვში შედის ესტონეთი, მოლდოვა, რუსეთი, თურქმენეთი, _ სულ 43 ქვეყანა.
სასიხარულოა, რომ საქართველომ ადგილი დაიმკვიდრა იმ 60 ქვეყანას შორის, რომელთაც დიდი მოცულობის სახელმწიფო ვალი არ გააჩნიათ. ამ კატეგორიაში საქართველო მეზობლობს აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ლიტვასთან, ლატვიასთან, ჩეხეთთან, უკრაინასთან.
მცირე ვალების მქონე ქვეყნების კატეგორია 61 სახელმწიფოსაგან შედგება. მათ შორისაა აშშ, აზიისა და ევროპის ეკონომიკურად მაღალგანვითარებული ქვეყნები.
ამჟამად საქართველოს საგარეო ვალი დაახლოებით მილიარდ ნახევარ აშშ-ს დოლარს შეადგენს. ჩვენ უკვე დაგვიდგა ნაწილი ვალების ძირითადი თანხების გადახდის პერიოდი, ხოლო ვალების უდიდესი ნაწილი კი, პარიზის კლუბის ეგიდით, რესტრუქტურიზებულ იქნა.
XS
SM
MD
LG