Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი რუსეთის შემადგენლობაში შესვლას სთავაზობს ბელორუსიას


ანდრო ეული, პრაღა ოთხშაბათს, მოლაპარაკება გაიმართა კრემლში რუსეთისა და ბელორუსიის პრეზიდენტებს: ვლადიმირ პუტინსა და ალექსანდრ ლუკაშენკას შორის.

შეხვედრის შედეგი მოულოდნელი აღმოჩნდა ლუკაშენკასთვის. ერთობლივ პრესკონფერენციაზე, პუტინმა, რუსეთისა და ბელორუსიის ერთ სახელმწიფოში გაერთიანების რადიკალური წინადადება წამოაყენა: [ვლადიმირ პუტინის ხმა] ”მომავალი წლის მაისში, ჩვენ შეგვიძლია მოვაწყოთ რეფერენდუმი საბოლოო გაერთიანების თაობაზე, 2003 წლის დეკემბერში შეიძლება საერთო პარლამენტი ავირჩიოთ, ხოლო გაზაფხულზე, ვთქვათ, 2004 წლის მარტში,
უკვე სახელმწიფოს მეთაურიც ავირჩიოთ”.

ამგვარი სახელმწიფო რუსეთის კონსტიტუციაზე იქნება დაფუძნებული, ვინაიდან ბელორუსია ერთგვაროვანი ქვეყანაა, რუსეთი კი - ფედერაცია-დასძინა პუტინმა. რუსეთის პრეზიდენტმა წამოაყენა მეორე ვარიანტიც - პარტნიორობა ევროკავშირის ყაიდაზე, რომელსაც ერთიანი პარლამენტი ეყოლება. პუტინმა იმთავითვე უარყო რუსეთ-ბელორუსიის კავშირის ის ვარიანტი, რომელიც 1996 წლის ხელშეკრულებას დაედო საფუძვლად. მას, ლუკაშენკასთან ერთად რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა ბორის იელცინმა მოაწერა ხელი. ოთხშაბათს, აშკარად გაოგნებულმა პუტინის რადიკალური წინადადებით, ლუკაშენკამ, მოსკოვში, თავი შეიკავა ყოველგვარი კომენტარისაგან. მაგრამ, მინსკში დაბრუნებისთანავე, მან განრისხებით უარყო რუსეთის წინადადება.

ლუკაშენკამ თქვა, რომ პუტინის მიერ ნაგულისხმევი რეფერენდუმი ბელორუსებს დააყენებს არჩევანის წინაშე: ”ხართ თანახმა, რომ ბელორუსია გაიყოს 7 ნაწილად, რომლებიც რუსეთს შეუერთდება და ექნება იგივე უფლებები, რითაც რუსეთის ფედერაციის სუბიექტები სარგებლობენ? და როგორი იქნება ბელორუსი მოქალაქის რეაქცია? კატეგორიული უარყოფა, ცივი უარი”-დასძინა ალექსანდრ ლუკაშენკამ. მისივე თქმით, ევროკავშირის პრინციპზე აგებული კავშირი ორ სლავ სახელმწიფოს შორის მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ორივე ქვეყნის სუვერენიტეტი იქნება შენარჩუნებული.

რუსეთის პრესა მიესალმა იმ ფაქტს, რომ ვლადიმირ პუტინმა, წამოყენებული წინადადებით, აიძულა ლუკაშენკა უარი ეთქვა გაერთიანების ახალ ვარიანტზე. როგორც ”ნეზავისიმაია გაზეტა” წერს, ”ბელორუსია რუსეთის 90-ე სუბიექტი გახდება, ხოლო ამ ქვეყნის ელიტას, რუსეთთან კავშირი, დამოუკიდებლობის ფასად დაუჯდება”. ხოლო გაზეთი ”კომერსანტი” გამოთქვამს ვარაუდს, რომ ერთ სახელმწიფოში გაერთიანების წინადადებას ორივე ქვეყნის ელექტორატი უარყოფს.

მიმომხილველები ერთი აზრისანი არიან იმაში, რომ პუტინმა კედელთან მიაყენა ლუკაშენკა, როცა გაერთიანების მიუღებელი ვარიანტი შესთავაზა. როგორც ცნობილი რუსი პოლიტოლოგი ანდრეი პიანკოვსკი შენიშნავს, ბელორუსიის პრეზიდენტი არასოდეს დათანხმდება პუტინის მიერ ოთხშაბათს შეთავაზებულ ვარიანტს.
XS
SM
MD
LG