Accessibility links

logo-print

მუდმივმოქმედი საერთაშორისო ტრიბუნალის დაარსებამ უთანხმოება გამოიწვია ვაშინგტონსა და ევროკავშირს შორის


ანდრო ეული, პრაღა ვაშინგტონის დაჟინებულმა მოთხოვნამ, რომ ამერიკელი მშვიდობისდამცველები იმუნიტეტით იყონ დაცული ახლახან შექმნილი მუდმივმოქმედი საერთაშორისო ტრიბუნალისაგან,

მორიგი დაპირისპირება გამოიწვია შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის. შეერთებული შტატები აცხადებს, რომ მუდმივმოქმედი ტრიბუნალი შესაძლოა პოლიტიკურ ბერკეტად იქნეს გამოყენებული საზღვარგარეთ, სამშვიდობო მისიით მივლინებული ამერიკელი ჯარისკაცების წინააღმდეგ.


ვაშინგტონი ცდილობს შეთანხმებები დადოს იმ ქვეყნებთან, რომლებმაც მუდმივმოქმედი საერთაშორისო ტრიბუნალის დამფუძნებელ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ამგვარი შეთანხმების ხელმომწერი სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას, მის ტერიტორიაზე სამშვიდობო მისიით მივლინებული ამერიკელი ჯარისკაცები არ გადასცეს მუდმივმოქმედ საერთაშორისო ტრიბუნალს.

ამჯერად ვაშინგტონმა ახალი ანტიტერორისტული კანონი მოიშველია და სამხედრო დახმარების შეწყვეტით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც იმუნიტეტის თაობაზე ხსენებულ შეთანხმებას არ მოაწერენ ხელს. ჯერჯერობით ამ შეთანხმებას მხოლოდ ისრაელმა და ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატმა - რუმინეთმა მოაწერეს ხელი. ბუქარესტის ამგვარმა გადაწყვეტილებამ უკმაყოფილება გამოიწვია ბრიუსელში.

ევროკავშირმა, რომელიც იმთავითვე უჭერდა მხარს მუდმივმოქმედი საერთაშორისო ტრიბუნალის დაარსებას, მოუწოდა სხვა დანარჩენ კანდიდატ-ქვეყნებს - თავი შეიკავონ ამერიკელი მშვიდობისდამცველებისთვის იმუნიტეტის მინიჭების თაობაზე შეთავაზებული შეთანხმების ხელმოწერისაგან, ვიდრე ევროკავშირი არ მიიღებს ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას.

სამშაბათს, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი არავის არ აძალებს ხსენებული შეთანხმების ხელმოწერას. ხოლო სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ფილიპ რიკერმა ”უადგილო” უწოდა ევროკავშირის მცდელობას – აუკრძალოს კანდიდატ-ქვეყნებს ხელი მოაწერონ შეთანხმებას ”მუხლი 98”, რომლის ძალითაც ამერიკელი მშვიდობისდამცველები არ უნდა წარსდგნენ მუდმივმოქმედი საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე.

ოფიციალური რეაქცია ვაშინგტონის თხოვნაზე, ევროპაში ერთობ თავშეკავებული იყო. ხოლო ორგანიზაცია ”ჰიუმენ რაიტს უოჩის” აღმასრულებელმა დირექტორმა კენეთ როთმა, შეერთებული შტატების მუქარას სამხედრო დახმარების შეწყვეტის თაობაზე ”შანტაჟი” უწოდა და კანდიდატ-ქვეყნებს მოუწოდა – არ მოაწერონ ხელი გარიგებას იმუნიტეტის შესახებ.
XS
SM
MD
LG