Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ენერგეტიკა რუსეთისა და დასავლეთის ინტერესების გზაჯვარედინზე


დასავლეთი და კერძოდ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს შეიარაღებული ძალების მშენებლობასთან ერთად, რაც ქვეყნის სამხედრო უსაფრთხოების საფუძველი უნდა გახდეს,

ენერგეტიკული უსაფრთხოების სისტემის მშენებლობაშიც ეხმარება. თუ სამხედრო სფეროში რუსეთის ინტერესები შესუსტდა და მოსკოვმა უკან დაიხია, ენერგეტიკაში პირიქით ხდება, საქართველო სულ უფრო მჭიდროდ ებმება რუსულ ენერგოსისტემას. ამის მაგალითია თბილისში კომპანია „იტერასა“ და საქართველოს მთავრობას შორის 14 აგვისტოს დაწყებული მოლაპარაკებები.

ამირიკის შეერთებული შტატების მთავრობამ 1 მილიონი დოლარი გამოყო საქართველოში გაზსაცავების მშენებლობის პროექტის მოსამზადებლად. მანამდე, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის პროექტის მომზადებისას, ქართული მხარე დაჟინებით მოითხოვდა, რომ ბაქოდან წამოსული ბუნებრივი აირის ნაწილი, გარანტირებული მოცულობა საქართველოში დარჩენილიყო. ამჟამად მიმდინარე პროცესები კი ბაქო-თბილისი-ერზერუმის პროექტის განხორციელებით მოსალოდნელ სარგებელს კითხვის ქვეშ აყენებს.

კერძოდ, „თბილგაზის“ გაყიდვის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ, ზამთარში დედაქალაქის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის შესანარჩუნებლად და ხალხის რისხვის თავიდან ასაცილებლად, „თბილგაზის“ „გაჩუქება“ გადაწყვიტა და ზედ საქართველოს რეგიონების სადისტრიბუციო კომპანიები და რუსთავის ქიმკომბინატიც დაუმატა. 12 გაზგამანაწილებელი ქსელი 16 მილიონ ლარად შეფასდა და რუსული გაზის იმპორტიორ, ამერიკული დირექტორატის მქონე „იტერასთან“ ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო. „იტერამ“, ქართული წილის სანაცვლოდ, ერთობლივ კომპანიაში „საქგაზი“ ჩადო და 51%-იც მიიღო.

ექსპერტები ამ გარიგებას ეკონომიკურად გაუმართლებლად მიიჩნევენ, რადგან „იტერა“ საინვესტიციო ვალდებულებებს თავის თავზე არ იღებს და ყველა კრედიტზე თუ დავალიანებაზე პასუხისმგებელი ერთობლივი კომპანია იქნება. ეკონომიკის ექსპერტის რომან გოცირიძის თქმით,

[გოცირიძის ხმა] „იტერას ამოცანა არის, რომ მან გაყიდოს თავისი გაზი საქართველოში. მოგებას იგი გაზის გაყიდვიდან იღებს და არა გაზის გამანაწილებელი საწარმოების საქმიანობიდან. ასე რომ, იტერა რომ აქედან მოგებას არ ელის, ეს ცალსახაა.“

გოცირიძის აზრით, იტერა, რომელიც საქართველოში გაზის ექსკლუზიური იმპორტიორია და ახლა ექსკლუზიური გამანაწილებელიც ხდება, უარს იტყვის აზერბაიჯანულ გაზზე და საკუთარ ბუნებრივ აირს გაასაღებს. შესაბამისად, გაზსაცავების მშენებლობა და მასში აზერბაიჯანული გაზის შენახვა ნაკლები სარგებლის მომტანი იქნება.

ეკონომიკურთან ერთად, „იტერასთან“ უფასო გარიგება ექსპერტებს არც პოლიტიკურად მიაჩნიათ მიზანშეწონილად. ქართველ პოლიტიკოსებს არაერთხელ დაუდანაშაულებიათ „იტერა“ მოსკოვის ინტერესების შესაბამისად საქართველოზე ზეწოლაში, რაც კრიზისულ სიტუაციებში გაზის შეწყვეტაში გამოიხატებოდა ხოლმე. ახლა საქართველოს მთავრობა თავს სახელმწიფო მინისტრის ავთანდილ ჯორბენაძის განცხადებით იიმედებს:

[ჯორბენაძის ხმა] „არ გახლავთ რუსული კომპანია. მე როგორც ვიცი, შეთანხმება როგორც არსებობს, მენეჯერი, მთავარი, რომელიც თბილისში იმუშავებს, იქნება ამერიკის მოქალაქე, ამერიკელი, რომელიც იტერას ამერიკულ კომპანიას წარმოადგენს.“

რომან გოცირიძე ირწმუნება, რომ მოსკოვს „იტერაზე“ ზეწოლისა და ამ გზით საქართველოზე ზემოქმედების საშუალება ყოველთვის ექნება.

[გოცირიძის ხმა] „ის იქნება ყოველთვის კრემლის დუდუკზე მოცეკვავე იმის გამო, რომ ის ფაქტიურად სხვანაირად რუსეთის ბაზარზე ფეხს ვერ დაიმკვიდრებს. ექსპორტი რუსეთში ყოველთვის არის პოლიტიკურად კონტროლირებადი და საექსპორტო ლიცენზიის წართმევის შემთხვევაში, ფაქტიურად ის შეიძლება გაზის ბაზრიდან განდევნილიც კი აღმოჩნდეს. ამიტომ ის მუდამ იქნება რუსეთის მთავრობის მონა.“

მიუხედავად ამისა „იტერამ“ და საქართველოს ხელისუფლებამ თითქმის ყველა პირობა დაჩქარებული ტემპით 2 დღის მანძილზე შეათანხმეს და უახლოეს მომავალში ხელშეკრულებაც გაფორმდება.
XS
SM
MD
LG