Accessibility links

პირველი ანტიტერორისტიული მანევრები პანკისის ხეობაში


ამ დღეებში, გეგმიური სწავლების ჩასატარებლად, კახეთის რეგიონში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ქვედანაყოფების კონცენტრაცია დაიწყო. საგენტო "კავკას პრესის" ინფორმაციით,

საქართველოს თავადცვის სამინისტროს ქვედანაყოფებმა უკვე დაიკავეს პანკისის ხეობის ერთი ნაწილი. მიუხედავად ამ უპრეცედენტო სწავლების მიმართ საზოგადოების დიდი დაინტერესებისა, სამხედრო უწყების ხელმძღვანელები ოფიციალური კომენტარისგან ჯერეჯერობით თავს იკავებენ. მეტიც, ბოლო მომენტამდე, წვრთნის გეგმა მიღებული არ ჰქონდა ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატს. თუმცა, ცნობილი ხდება, რომ მანევრების ერთ-ერთ მთავარ დანიშნულებას ანტიტერორისტული ბრძოლის მეთოდების დამუშავება წარმოადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას მთავარი საშიშროება საქართველო-რუსეთის ჩეჩნეთის მონაკვეთიდან ემუქრება, წლები დასჭირდა, სანამ საქართველოს სამხედრო ძალები პანკისის ხეობაში ფეხს მოიკიდებდნენ. საქართველოს მთიან რაიონში ყველაზე ადრე ქართველი მესაზღვრეები გამოჩნდნენ, შარშანდელი წლის დასაწყისში კი ეთნიკური ჩეჩნებით დასახლებული პანკისის ხეობის სოფლებთან ბლოკ-საგუშაგოები საქართველოს შინაგანის ჯარის ქვედანაყოფებმა შექმნეს.

პანკისის ხეობაში არსებული უმძიმესი კრიმინოგენული სიტუაციის მიუხედავად, არ გამართლდა იმათი პროგნოზი, ვინც ფიქრობდა, რომ შეიარაღებული ძალის გამოჩენა უკიდურესად გაამწვავებდა დამოკიდებულებას ადგილობრივ მცხოვრებლებთან და პანკისი მეორე აფხაზეთად გადაიქცეოდა. ხეობის მკვიდრმა მოსახლეობამ და ჩეჩნეთიდან ლტოლვილებმა რაიონულ ცენტრ დუისის მისადგომებთან შინაგანი ჯარის ნაწილების გამოჩენა ნორმალურ მოვლენად აღიქვეს. ერთი წლის შემდეგ კი, რუსული აგრესიისგან თავდასაცავად, დუისის მცხოვრებლები პანკისის ხეობაში საქართველოს სამხედრო შენაერთების შეყვანას ითხოვენ.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი უხუცესების მიერ ანალოგიური შინაარსის წერილის შედგენა, რომელიც ახმეტის რაიონულ ადმინისტრაციას სოფელ დუისის გამგებელმა ჯაფარ ხანგოშვილმა ხუთშაბათს გადასცა, აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე თავდაცვის სამინისტროს გეგმიური სწავლების დაწყებას დაემთხვა.
თუ გავიხსენებთ, რომ 2002 წლის დასაწყისში შინაგანი ჯარის გადაადგილებასაც პანკისის ხეობის სიღრმეში ასევე სწავლება ერქვა, არ არის გამორიცხული, რომ ახმეტის რაიონში გეგმიური მანევრების დასრულების შემდეგ, სპეციალური დავალებით, ხეობაში თავდაცვის სამინისტროს ასეულებმაც დაიდონ ბინა.

თუმცა, ეს ყველაფერი ჯერჯერობით მაინც ვარაუდებია, რადგან ამ მანევრების სცენარისა და საბოლოო ჩანაფიქრის შესახებ სამხედრო უწყების ხელმძღვანელები კომენტარებს არ აკეთებენ. მეტიც, როგორც ეროვნული უშიშროების მდივნის მოადგილემ, პოლკოვნიკმა გივი იუკურიძემ რადიო "თავისუფლებას" განუცხადა, სწავლების დეტალური გეგმა თავადაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას მათი აპარატისთვის არ მიუწოდებია.

მაგრამ ის მწირი ინფორმაციაც კი, რაც წერილობითი სახით ამ სწავლების შესახებ გაავრცელა სამხედრო უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა, ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ მანევრებს გამოკვეთილად ანტიტერორისტული დანიშნულება ექნება და მასში მონაწილე 1000 სამხედრო მოსამსახურეს შორის იქნება ის 70 ოფიცერიც, რომლებმაც ამერიკელი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით, "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამის ფარგლებში, სპეციალური სამეთაურო-საშტაბო სწავლება გაიარეს.
XS
SM
MD
LG