Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული ეკონომიკა სეზონურ ფაქტორებზე სერიოზულად არის დამოკიდებული


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ზაფხული, ტრადიციულად, დაბალი ეკონომიკური აქტივობით გამოირჩევა და შესაბამისად, ნებისმიერი ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე ეს სეზონური ფაქტორი თავის დაღს ასვამს.

თუმცა ივლისი საქართველოსათვის, პირიქით, შედარებით წარმატებული აღმოჩნდა, რაც საბიუჯეტო პროცესზეც აისახა.

საქართველოს ეკონომიკის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, სეზონური ფაქტორები ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ეროვნული მეურნეობისათვის. ამ მხრივ განსაკუთრებულად კრიტიკული ზამთრის პერიოდია, როდესაც საქართველო თითქმის მთლიანად იმპორტირებულ ენერგოშემცველებზეა დამოკიდებული და, საერთოდ, ენერგოკრიზისის გამო, ადგილობრივი, ისედაც მწირი წარმოება პარალიზებულია, შესაბამისად, ქვეყნის საექსპორტო პოტენციალი მინიმიზებულია, რაც უარყოფითად აისახება საგარეო სავაჭრო ბალანსზე. ეს უკანასკნელი საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში მკვეთრად დეფიციტურია, ხოლო ზამთარში უარყოფითი სავაჭრო სალდო შთამბეჭდავ მასშტაბებს აღწევს.

ამ პერიოდში ქვეყანას საქონელი და ნედლეული დიდი რაოდენობით შემოაქვს და სანაცვლოდ ძალზედ მწირ პროდუქციას აწარმოებს საგარეო ბაზრისათვის. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყნიდან ასეული მილიონობით მყარი ვალუტა გაედინება, ეს კი თავის მხრივ, ზედმეტ ტვირთად აწვება როგორც სამომხმარებლო, ისე სავალუტო ბაზარს.

ზაფხულში სიტუაცია საპირისპიროდ იცვლება. სტაბილური ენრგეტიკული მდგომარეობის, ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის და საექსპორტო პოტენციალის ამუშავების შემდეგ, სამომხმარებლო ბაზარზე ინფლაციურ პროცესებს დეფლაცია ცვლის. ეროვნული ვალუტის კურსი მყარდება და ბაზარიც იაფდება. ზაფხულში საქართველოში წარმოებულ აგროპროდუქციას საერთაშორისო ბაზარზე ექსპორტის საშუალება ეძლევა. სხვათა შორის, ბოლო პერიოდში ქვეყნის საექსპორტო სტრუქტურაში ადგილობრივმა თხილმა მნიშვნელოვანი სეგმენტი დაიკავა და საკმაოდ სერიოზული სავალუტო შემოდინების მასტიმულირებელი გახდა.

საქართველოში პოლიტიკური სტაბილურობის და ტურიზმისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის პირობებში, ზაფხულის სეზონი სერიოზული შემოსავლების მომტანი უნდა იყოს, თუმცა, საერთო სოციალურ-პოლიტიკური ფონის და ტურიზმის სფეროში ინვესტიციების მწვავე დეფიციტის გამო, ამ პოტენციალის მცირედი გამოყენებაც ვერ ხერხდება, შესაბამისად, ქვეყანაც სერიზულ შემოსავლებს კარგავს.

რაც შეეხება სამრეწველო პოტენციალს, ზაფხულის სეზონში, ნებისმიერ ქვეყანაში შედარებითი სიმშვიდე შეინიშნება, მაგრამ თუ ივლისის სახელმწიფო ბიუჯეტის გადაჭარბებით შესრულებას მივიღებთ მხედველობაში, შეიძლება შეგვექმნას შთაბეჭდილება, რომ ამ მხრივ ერთგავრი გარღვევაა მიღწეული, თუმცა ივლისში ბიუჯეტის შესრულების ლომის წილი საგარეო დახმარებების მიღებაზე მოდის, რაც, თავის მხრივ, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან დაფინანსების აღდგენით იყო განპირობებული. დაგეგმილზე მეტი საგარეო დახმარების მიღების გარდა, საგადასახო სამსახურებმა ნავთობპროდუქტების იმპორტის დაბეგვრის შედარებითი გამოსწორება მოახდინეს, რამაც ბიუჯეტს დამატებითი შემოსავლები მოუტანა, შესაბამისად, ივლისის საბიუჯეტო წარმატებაში ადგილობრივი მრეწველობის ”ბუმი” მართლაც არაფერ შუაშია.
XS
SM
MD
LG