Accessibility links

logo-print

აფხაზეთის ახალგაზრდა თაობა აფხაზეთის ომის თაობაზე


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 14 აგვისტოს სოხუმში აღინიშნა აფხაზეთში ომის დაწყების ათი წლისთავი. თვითაღიარებული რესპუბლიკის დეპუტატები, საზოგადო მოღვაწეები, შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეები იხსენებდნენ ამ თარიღს,

რომელსაც, მათი შეფასებით, განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება აფხაზეთის უახლეს ისტორიაში. პარალელურად ირკვევა, რომ აფხაზეთის ახალგაზრდობას ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს, თუ რა მოხდა ათი წლის წინათ. გაგაცნობთ აფხაზი ჟურნალისტების სტატიებს ამ თემაზე.

აფხაზეთის ომის დაწყებიდან ათი წლისთავზე საინტერესო ტენდენცია იკვეთება – აფხაზმა ბავშვებმა თითქმის არაფერი იციან ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის შესახებ. სოხუმელი ჟურნალისტის ინდირა ბარტსიტის თქმით, დღეს სოხუმელი ბავშვები ომობანას თამაშობენ, სადაც ერთნი აფხაზები არიან, მეორენი კი – ქართველები. ბავშვებმა, ვინც ომის შემდეგ გაჩნდნენ, მხოლოდ ის იციან, რომ ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, 413 დღე გაგრძელდა და ორივე მხარეს ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 7 წლის ანრის ომის შესახებ ბებია და ბაბუა უამბობენ ხოლმე. "ომი ქართველებს და აფხაზებს შორის იყო, რადგან ქართველები თავს დაგვესხნენ. ბებია მეუბნება, რომ აფხაზებს ქალაქში გასვლის ეშინოდათ, რადგან შეიძლება მოეკლათ. ბაბუამ მიამბო, რომ მაშინ ფეხში დაიჭრა", – ყვება ანრი, რომელიც მცირე პაუზის შემდეგ ამატებს, როცა გავიზრდები, ქართველებს ვეამხანაგებიო.
13 წლის სერგეის ომის შესახებ არაფერი ახსოვს, მიუხედავად იმისა, რომ ომის დღეები დედასთან ერთად სოხუმში გადაიტანა. კარინა სერგეიზე სამი წლით უმცროსია. მასაც არაფერი ახსოვს ომის შესახებ, რადგან მისი თქმით, როცა ომი დაიწყო, სხვებთან ერთად სოხუმი დატოვა და მხოლოდ აფხაზების გამარჯვების შემდეგ დაბრუნდა ქალაქში.
სხვადასხვა გამოკითხვით ირკვევა, რომ მხოლოდ იმ ბავშვებს სმენიათ რაიმე ომის თაობაზე, ვის ოჯახსაც უშუალო შეხება ჰქონდა ომთან. ბევრისთვის ჯერაც ბუნდოვანია, ვისთან იბრძოდნენ და რატომ. ზოგიერთებს საერთოდ არაფერი სმენიათ 1992-93 წლების მოვლენების შესახებ. მათი მშობლები მათ არაფერს უყვებიან და არა პაციფისტური განწყობილების გამო, – უბრალოდ, ეშინიათ, ბავშვები ახლავე არ აღმოჩნდნენ პოლიტიკაში ჩართულნი.
რა უნდა იცოდნენ ან არ იცოდნენ ომის შესახებ ახალგაზრდებმა – ეს საკითხი განიხილა ომის დაწყების ათი წლისთავზე ოპოზიციური ორგანიზაციის, "აღორძინების" ინიციატივით ჩატარებულმა კონფერენციამ. კონფერენციაში მონაწილეობდნენ ისტორიკოსები, დეპუტატები, მწერლები და აფხაზეთის ომის ვეტერანები. "აღორძინების" ლიდერის ლეონიდ ლაკერბაიას განცხადებით, მოსწავლეთა უდიდეს რაოდენობას წარმოდგენა არა აქვს 14 აგვისტოს მნიშვნელობაზე. "ვშიშობ, რამდენიმე წლის შემდეგ ეს თარიღი მხოლოდ მათ ემახსოვრებათ, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა 1992-93 წლების მოვლენებში", – თქვა ლაკერბაიამ.
კონფერენციის დელეგატებმა იმსჯელეს ბევრ საკითხზე, მაგალითად – კავკასიის ხალხის კონფედერაციისა და მოხალისეების როლზე აფხაზების გამარჯვებაში. გამოითქვა წუხილი, რომ დღემდე არ შექმნილა ომის ისტორია. არადა, ბევრი მათგანი, ვისაც ეს ხელეწიფებოდა, დღეს ცოცხალი აღარ არის.
მთავარი პრობლემა კი ის გახლავთ, რომ კონფლიქტი არ დასრულებულა. და ის ბავშვები, ვინც დღეს ქუჩაში ომობანას თამაშობენ, თავისდაუნებურად იმ რეალობას ასახავენ, რაც ქართველებსა და აფხაზებს შორის არსებობს.

კიდევ ერთი აფხაზი ჟურნალისტის, ინალ ხაშიგის თქმით, აფხაზეთში დიდ პრობლემად რჩება ომის ვეტერანების ფსიქო-სოციალური ადაპტაციის საკითხი. მხოლოდ ბოლო ორი თვის განმავლობაში ადგილი ჰქონდა ამ კატეგორიის ადამიანთა შორის თვითმკვლელობის ხუთ ფაქტს. ისეთ პატარა რესპუბლიკაში, რომელმაც სისხლისმღვრელი ომი გადაიტანა და რომლის მოსახლეობაც 320 ათასს არ აღემატება, ყოველი ასეთი შემთხვევა საზოგადოების მღელვარებას იწვევს. სოხუმის ხელისუფლების დამოკიდებულებაზე ომის ვეტერანებისა და რეზერვისტების მიმართ მეტყველებს ორი შვილის მამის, ადგურის ნათქვამი, – არ მომწონს, როცა ხელისუფლება ჩემი არსებობის შესახებ მხოლოდ საშიშროებისას იხსენებსო.
XS
SM
MD
LG