Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

448-ე გამოშვება.


წამყვანი: მარიამ ჭიაურელი, პრაღა 448-ე გამოშვება.

წამყვანი:
ძვირფასო რადიომსმენელებო, ახლა ”მეათე სტუდიაში” გეპატიჟებით. ყოველკვირეულ რადიოჟურნალში დღეს ვრცელ მასალას შემოგთავაზებთ ევროპის ზოგიერთ ქალაქში, მათ შორის პრაღაში, ამჟამინდელი, კატასტროფული მასშტაბის წყალდიდობის შესახებ. მაგრამ ვიდრე სტიქიაზე საუბარს დავიწყებდეთ, თქვენს ყურადღებას მივაპყრობთ საქართველოში აქტუალურ რამდენიმე თემას, რომელსაც დღევანდელი გადაცემის პირველ ნაწილში არ შევხებივართ. კერძოდ, გიამბობთ საერთო გამოცდებზე, აგრეთვე მზადებაზე, რომელიც წინ უსწრებს მსოფლიო მოგზაურის, ჯუმბერ ლეჟავას სამშობლოში დახვედრას. შემოგთავაზებთ აგრეთვე ბორის აკუნინის პორტრეტს. დაბოლოს, გამოვეხმაურებით ”როკენროლის მეფის” - ელვის პრესლის გარდაცვალების 25-ე წლისთავს. პრაღაში მიკროფონთან მარიამ ჭიაურელია.

[მუსიკა]
საერთო გამოცდები - ახლო მომავალი თუ შორეული პერსპექტივა?

წამყვანი:
ამ კვირის დასაწყისში გესაუბრებოდით საერთო გამოცდების რაობაზე. დღეს ამ თემას გავაღრმავებთ და მოგითხრობთ დაბრკოლებებზე, რომლებიც საერთო გამოცდების შემოღებას ეღობება, აგრეთვე იმ უპირატესობათა შესახებ, რაც საერთო გამოცდებს გააჩნია გამოსაშვები და მისაღები გამოცდების არსებულ სისტემასთან შედარებით. დავით პაიჭაძესთან ერთად ამ საკითხებზე თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხოური ენებისა და კულტურების უნივერსიტეტის სოციოლოგიის კათედრის გამგე, პროფესორი გიგი თევზაძე იმსჯელებს.

დავით პაიჭაძე:
საერთო გამოცდების იდეას ახლავე რომ გამოუცხადოს საზოგადოებამ ერთსულოვანი მხარდაჭერა, მის ხორცშესხმას უწინარესად მაინც სახელმწიფო უწყებების ძალისხმევა დასჭირდება. მხოლოდ განათლების სამინისტრო, სურვილის შემთხვევაშიც კი, ვერაფრის გაკეთებას ვერ შეძლებს. პროფესორი გიგი თევზაძე, რომელიც კანონიერების კულტურის პროგრამასაც უძღვება საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, ასეთი ვითარების მიზეზს ასე აღწერს [თევზაძის ხმა]: “საერთო გამოცდები პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხია. განათლების სამინისტროს არც ადრე და არც ახლა არ სურს, რომ საერთო გამოცდები მალე შემოიღონ. სამინისტროს უნდა, რომ ეს მოხდეს 10-12 წელიწადში. პრობლემაა რექტორებთან დაპირისპირება, რადგამ მათ არ უნდათ ამ გამოცდების გაუქმება. სახელმწიფო სისტემაც საქართველოში ისეთია, რომ ყველა მაქსიმალურად ცდილობს, რაც შეიძლება, მეტი ძალაუფლება ჩაიგდოს ხელში. სამინისტრო თავის ძალაუფლებას სასკოლო განათლების ცენტრალიზებული სისტემით ინარჩუნებს. შესაბამისად, რაკი ამას ცდილობს, როგორც სახელმწიფო სუბიექტი, ვერავის ვერ ეტყვის: მოახდინე დეცენტრალიზაცია, შენს ხელში არ იყოს გამოცდები, უშუალოდ არ მართო ფაკულტეტები, არამედ იყოს პროფესორებისა და სტუდენტების თვითმმართველობა. ეს არის ცაკეტილი წრე, საიდანაც ძნელია გამოსვლა”.

უმაღლეს სასწავლებელთა ხელმძღვანელობას შეიძლება გაუგო: საერთო გამოცდების შემოღებისას, ყველაზე უარეს შემთხვევაში, ინსტიტუტთა და უნივერსიტეტთა თანამშრომლები კარგავენ თავიანთი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ბერკეტებს, ქრება ქრთამის აღებისა და აბიტურიენტის უსამართლოდ ჩაჭრის შანსი. ამავე დროს, შემოსავალი (უკვე სავსებით ლეგალური) მოაკლდებათ მოსამზადებელ კურსებს. ასე რომ, აქ საზოგადოებისა და, თუ გნებავთ, მთელი ხელისუფლების ნებაა საჭირო.

უმაღლესი სასწავლებლები შეიძლება კიდევ ნაკლებად დააზარალოს საერთო გამოცდამ და მეტწილად მან სწორედ სკოლას ავნოს. დღეს სკოლაში, ყველაზე ხშირად მასწავლებელთა იარაღი არის ნიშანი, რომელსაც საერთო გამოცდა აზრს უკარგავს, თუ ის გაიმართება სკოლისა და უნივერსიტეტისაგან დამოუკიდებლად (საერთო გამოცდა კი სწორედ ასე უნდა გაიმართოს). დღესდღეობით სკოლა თვითონ აფასებს მისსავე გაწეულ საქმიანობას, საერთო გამოცდა კი სკოლის მიცემულ განათლებას, უფრო ობიექტურად, ასე ვთქვათ, გარედან შეაფასებს. ამ დროს არავითარი აზრი აღარ ექნება 12 წლის მანძილზე სკოლაში მიღებულ ნიშნებს. ამის შეგნებამ შეიძლება გამოიწვიოს დისციპლინის კიდევ უფრო მოშლა და ნიშნების საბოლოო დევალვირება სკოლაში. გიგი თევზაძე ამ აზრს არ იზიარებს [თევზაძის ხმა]: “სკოლის ნიშნის ღირებულება ისედაც საკმაოდ დევალვირებულია იმიტომ, რომ სკოლები საკმაოდ არიან ჩართულნი უმაღლესი განათლების კორუფციულ სისტემებში: ყველასთვის ცნობილია ე.წ. საუნივერსიტეტო კლასები თუ სკოლები. თვითონ სისტემა ასეთი არ უნდა იყოს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გამოცდების შემოსაღებად სკოლის შეცვლას უნდა დაველოდოთ. ახლა რაც სჭირს, ამაზე უარესი სკოლას არაფერი მოუვა. საერთო გამოცდები მეტ დევალვაციას არ გამოიწვევს, პირიქით: შეიძლება სწავლების ხარისხი უფრო გაზარდოს იმით, რომ სკოლები დაიწყებენ ამ გამოცდებზე არსებული მოთხოვნების მიხედვით სწავლებას. ეს საგამოცდო სისტემა სკოლას მისცემს შანსს, გახდეს ნიშნისგან უფრო თავისუფალი, მეტად იყოს სწავლაზე ორიენტირებული. მე ვარ კანონიერების კულტურის პროგრამის დირექტორი. ეს სპეციფიკური პროგრამაა, მიმართული ანტიკორუფციულ, ანტიდანაშაულებრივ, ნარკომანიისა და ტერორიზმის საწინააღმდეგო სწავლებაზე. მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ გაკვეთილებზე, სადაც ნიშანი არ იწერება, ანუ ნიშანს მნიშვნელობა არა აქვს, ჩამორჩენილი მოსწავლეებიც კი ძალიან აქტიურობენ და ერთვებიან. ფაქტი, რომ ნიშანი არ იწერება – სკოლის პლუსია და არა მინუსი. საერთოდ, სკოლაში ნიშანი არ უნდა იწერებოდეს, თუ იქ სწორად ასწავლიან. სწავლების იდეასთან ნიშანი არაფერ შუაში არ არის. სწავლებას შემდეგ ცხოვრება ამოწმებს, იქ კი ნიშანი ფორმალური რამ არის ”.

საერთო გამოცდების არაერთი ასპექტი დევანდელი სიუჟეტის მიღმა რჩება. დაწვრილებით შეიძლება ლაპარაკი ამ სისტემის სარგებლიანობაზე სახელმწიფოსათვის, განსახილველია ტესტური გამოცდების ავ-კარგი, აგრეთვე ის, თუ რამდენად შეუმსუბუქებს აბიტურიენტს ყოფას ასეთი გამოცდები. სამომავლოდ ამ პრობლემებს ჩვენ დროდადრო დავუბრუნდებით.

დავით პაიჭაძე რადიო ”თავისუფლებისათვის”. თბილისი.

[მუსიკა]
საქართველო – მსოფლიო მოგზაურის ჯუმბერ ლეჟავას დაბრუნების მოლოდინში

წამყვანი:
შარშან გაზაფხულზე გესაუბრეთ მსოფლიო მოგზაურის, ჯუმბერ ლეჟავას შესახებ. მაშინ ის ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში იმყოფებოდა და ჩრდილოეთი აფრიკის სახელმწიფოებში გასამგზავრებლად ემზადებოდა. დღეისათვის ჯუმბერ ლეჟავას მსოფლიოს 226 ქვეყანა აქვს შემოვლილი. ამჟამად ის ყაზახეთშია და კიდევ ექვსი სახელმწიფოს ტერიტორია უნდა გაიაროს.
ჯუმბერ ლეჟავას მოგზაურობა დასასრულს უახლოვდება და საქართველო ლეგენდარული პიროვნების დაბრუნების მოლოდინშია. ამის ვითარების შესახებ გიორგი კაკაბაძე მოგითხრობთ.

გიორგი კაკაბაძე:
13 აგვისტოს მოგზაურობის 9 წელი შესრულდა. ამ ხნის განმავლობაში ჯუმბერ ლეჟავამ დედამიწის ყველა კონტინენტი მოიარა. ოქტომბრის მიწურულს ან ნოემბრის დამდეგს მოგზაური სამშობლოში დაბრუნდება.

ჯუმბერ ლეჟავას მოგზაურობის პროგრამის ხელმძღვანელები არიან “ჟიული შარტავას ფონდის” პრეზიდენტი რობერტ ღარიბაშვილი და “ჯუმბერ ლეჟავას ხელშემწყობთა კავშირის” ხელმძღვანელი ბიჭიკო სულიაშვილი, რომელთა ინიციატივით განვლილი წლების განმავლობაში არაერთი საინტერესო ღონისძიება გაიმართა. მათ შორისაa, პრესკონფერენციები, ფოტოგამოფენები, რადიოგადაძახილები და სხვ.

საქართველოს ხელისუფლებამ გინესის მრავალგზის რეკორდსმენის, ჯუმბერ ლეჟავას მსოფლიოს ირგვლივ ველოსიპედით მოგზაურობის დასკვნითი ეტაპის წარმატებით უზრუნველყოფისა და მისი ფართოდ აღნიშვნის ღონისძიებათა ნუსხა შეიმუშავა. შექმნილის სპეციალური კომისია, რომლის თავმჯდომარე, სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე გახლავთ. პროგრამა საკმაოდ ვრცელია და, ალბათ, უმჯობესია, მასზე საუბარი იმ დროისათვის გადავდოთ, როცა ის ამოქმედდება.

ზედემეტია იმის თქმა, რომ, საერთოდ, ჩვენი საზოგადოება მოგზაურსადმი დიდ ინტერესს იჩენს. ორმა მოქანდაკემ, თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორებმა გივი მიზანდარმა და რემი კაციტაძემ შექმნეს ჯუმბერ ლეჟავას ორმეტრიანი ქანდაკება, რომელიც ჯერჯერობით თაბაშირშია შესრულებული. მხატვარმა ალექსანდრე ციხელაშვილმა გაამზადა ესკიზი სახელწოდებით, “ჯუმბერ ლეჟავა და მისი თანამოაზრეები”.
როგორც “მოგზაურობის სააგენტოს და კლუბ “გიორგის” ხელმძღვანელი გვანჯი მანია აღნიშნავს:[მანიას ხმა] “და თუ გარკვეული მხარდაჭერა იქნება – მხატვარს, მოგეხსენებათ, გარკვეული ხელშეწყობა უნდა, - ეს ნამუშავერიც ბოლომდე იქნება მიყვანილი. არიან ადამიანები, რომლებმაც ჯუმბერს ლექსები მიუძღვნეს. საინტერესო დასკვნა აქვს გაკეთებული ფსიქოლოგს, პროფესორ გიორგი მჭედლიშვილს, რომელიც ჯუმბერის ფენომენს სწავლობს 9 წლის განმავლობაში”.

13 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე გამომსვლელებმა ჯუმბერ ლეჟავას ფენომენის გარშემო ისაუბრეს. მაგალითად, ავთანდილ გუნიამ მწვრთნელისა და სპორტსმენის პოზიციებიდან, გივი დვალმა კი სპორტსმენისა და ფსიქოლოგის პოზიციებიდან შეაფასა მოგზაურის ფენომენი. საინტერესო გამოსვლა ჰქონდა სპორტის არაოლიმპიურ სახეობათა კომიტეტის პრეზიდენტს მურთაზ მნათობიშვილს.

გვანჯი მანიას თქმით,[მანიას ხმა] “აი, ასე მისხალ-მისხალ გროვდება შთაბეჭდილებები, დასკვნები და ჯუმბერის ფენომენს ყველა აღიარებს და მით უმეტეს, არსებობს უზარმაზარი მასალა და პუბლიკაციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. მას ეწოდებენ, “ადამიანი ლეგენდა”, “ქართველი რაინდი”, “ქართველი ოდისევსი”, და, საერთოდ, ბევრი შთაბეჭდილებაა არსებობს მასზე”.

ჩემი თანამოსაუბრე ამბობს, რომ ჯუმბერ ლეჟავას დაბრუნების შემდეგ დღის წესრიგში დადგება მსოფლიო მოგზაურობის მუზეუმის შექმნა. ასეთი მუზეუმის არსებობით დაინტერესებულია გაერო, იუნესკო და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი.

[მანიას ხმა] ”ერთი კაცის დანახული მსოფლიო, მისი გაჭირვება, მისი თავგადასავალი, რა შეუძლია ექსტრემალურ ვითარებაში ადამიანს, ყველაფერი ეს ასახული იქნება მუზეუმში. გარდა ამისა, წარმოდგენილი იქნება მოგზაურობასთან დაკავშირებული პუბლიკაციები, სუვენირები, რომლებსაც მას ჩუქნიდნენ. და, რა თქმა უნდა, წიგნი “3 300 დღე დედამიწის გარშემო და ამ წიგნის ელექტრონული ვერსია...”

გვანჯი მანია შეგვახსენებს, რომ მოგზაურობის დაწყების მომენტისათვის ჯუმბერ ლეჟავა გინესის თერთმეტგზის რეკორდსმენი გახლდათ ხელებზე აზიდვებში. ამჟამინდელი მოგზაურობის დროს მან კიდევ ოთხი რეკორდი დაამყარა.

[მანიას ხმა] “და ერთ-ერთი რეკორდი დამყრებულია ერთწუთიან აზიდვებში და დაამყარა ეს გემზე, რომელიც დიდი ბრიტანეთიდან ნორვეგიისაკენ მიცურავდა. ერთ წუთში აზუდულა ხელებზე 136-ჯერ და კაპიტნის ხელმძღვანელობით შეიქმნა სპეციალური კომისია და ნორვეგიელი ჟურნალისტები ყოფილან იქ და ეს ფაქტი დაფიქსირებულია. აი, ასეთი ფენომენი გახლავთ ბატონი ჯუმბერი.”

გიორგი კაკაბაძე, რადიო “თავისუფლებისათვის”, თბილისი

[მუსიკა]
ვინ არის ბორის აკუნინი?

წამყვანი:
მწერალთა დიდი ნაწილი დეტექტივის ჟანრს მაინცდამაინც სერიოზულ ლიტერატურად არ აღიქვამს. არადა, დეტექტივი განსაკუთარებული პოპულარულობით სარგებლობს მკითხველთა წრეში. ყოველ შემთხვევაში, ალბათ, ძნელად მოიძებნება წერა-კითხვის მცოდნე ადამიანი, შერლოკ ჰოლმსის, კომისარ მეგრეს, ერკიულ პუაროს ან მის მარპლის სახელი რომ არ სმენოდეს. გამორიცხული არ არის, ამ ლეგენდარულ გამომძიებელთა ჩამონათვალს კიდევ ერთი შეემატოს – სახელმწიფო მრჩევლის ერასტ ფანდორინის თაყვანისმცემელთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება. არანაკლებ ინტერესს იწვევს ფანდორინის თავბრუდამხვევი ისტორიების შემქმნელის ვინაობაც. ბორის აკუნინის შესახებ თამარ ჩიქოვანი გესაუბრებათ.

თამარ ჩიქოვანი:
მას შემდეგ, რაც 1999 წელს წიგნების დახლზე ბორის აკუნინის პირველი წიგნი "აზაზელი" გამოჩნდა, მკითხველი თავად მოთხრობილი დეტექტიური ისტორიის გარდა, მწერლის ვინაობითაც დაინტრიგდა. სახელი და გვარი – ბორის აკუნინი მკითხველს არაფერს ეუბნებოდა. არადა, წიგნის წაკითხვის შემდეგ ეჭვი არ ჩნდებოდა, რომ ეს ახალბედა მწერლის ნამუშევარი არ იყო. "აზაზელს" ფანდორინის ახალი ისტორიები მოყვა – "თურქული გამბიტი", "ლევიათანის სიკვდილი", "განსაკუთრებული დავალებები", "კორონაცია" – შეიძლება ითქვას, რომ რუსულენოვანი მკითხველი თავისებური "აკუნინიზმით" დაავადდა. ამასობაში, გაირკვა ისიც, თუ ვინ "იმალებოდა" ბორის აკუნინის ფსევდონიმის უკან - გრიგორი ჩხარტიშვილი, ჟურნალ "ინოსტრანნაია ლიდერატურას" მთავარი რედაქტორის მოადგილე, პუბლიცისტი და კულტუროლოგი, მონოგრაფიის "მწერალი და თვითმკლელობის" ავტორი, იუკიო მისიმას, კენძი მარუიამას, კორაგესან ბოილის, მალკოლმ ბრედბერისა და პიტერ უსტინოვის ნაწარმოებების მთარგმნელი.

გრიგორი ჩხარტიშვილი 1956 წელს დაიბადა საქართველოში. 1958 წლიდან მოსკოვში ცხოვრობს. დაამთავრა აზიისა და აფრიკის ქვეყნების ინსტიტუტის ისტორიულ-ფილოლოგიური განყოფილება იაპონიის ისტორიის განხრით. ერთერთ ინტერვიუში ჩხარტიშვილი ამბობს, რომ მის არჩევანზე ბავშვობაში მიღებულმა შთაბეჭდილებამ მოახდინა გადამწყვეტი გავლენა – კერძოდ, წიგნმა სამურაების შესახებ. "ეს სრულიად განსხვავებული, უაღრესად ეგზოტიკური სამყარო იყო, რომელმაც განსაკუთარებული ინტერესი გამიჩინა იაპონიის მიმართ" –იხსენებს მწერალი. ამ ინტერესის საბოლოო შედეგი საკმაოდ შთამბეჭდავი აღმოჩნდა – ჩხარტიშვილმა პირველმა თარგმა რუსულ ენაზე ერთერთი ყველაზე საინტერესო იაპონელი მწერალი იუკიო მისიმა. პარალელურად იგი ტოკიოს უნივერსიტეტში კულტუროლოგიაში ლექციებს კითხულობს. მაგალითად, ასეთ თემაზე – იაპონელის სახე რუსულ ლიტერატურაში. თუმცა, მისივე განმარტებით, იაპონიაში ისევე ცუდად იცნობენ რუსეთს, როგორც რუსეთში – იაპონიას.

დეტექტიური ჟანრით გატაცებას კი ჩხარტიშვილი შემთხვევითობას მიაწერს. მისი აღიარებით, დეპრესიულ მდგომარეოაბში აღმოჩნდა, როცა მუშაობდა წიგნზე "მწერალი და თვითკვლელობა" – სხვათაშორის, ეს წიგნი რუსული ბუკერის ნომინაციაზე იყო წარდგენილი. მწერლის შენიშვნით, თვითმკვლელობის ფენომენის შესწავლისას თავისდაუნებურად გაჩნდა რაიმე მსუბუქი ნაწარმოების შექმნის სურვილი. ასე დაიბადა მწერალი აკუნინი და მისი გმირი – ერასტ ფანდორინი.

კრიტიკოსების აზრით, აკუნინის წარმატება შემთხვევითი არ იყო. მანამდე რუსეთის წიგნის ბაზარი გაჯერებული იყო ახალი რუსული დეტექტივით, სადაც მოქმედება თანამედროვე რუსეთში მიმდინარეობს და სადაც გმირები ქურდული სამყაროს ავტორიტეტები არიან შესაბამისი მენტალიტეტითა და არანორმირებული ლექსიკონით. უცებ კი აღმოჩნდა, რომ კარგ ლიტერატურულ ენაზე დაწერილი დეტექტივი, სადაც მოქმედება მეცხრამეტე საუკუნის რუსეთში ვითარდება, უფრო საინტერესო და თავბრუდამხვევი შეიძლება აღმოჩნდეს დღევანდელ ქურდული სამყაროს გარჩევებთან შედარებით.

თავად გრიგორი ჩხარტიშვილი ერთერთ ინტერვიუში ამბობს, რომ ინტერესით ადევნებს თვალს მწერალს ბორის აკუნინს. მისივე შენიშვნით, მწერალი აკუნინი ბევრ ისეთ წიგნს არ დაწერს, როგორსაც მწერალი ჩხარტიშვილი დაწერდა. სხვათაშორის, სულ ცოტა ხნის წინათ აკუნინმა ლიტერატურული "ხულიგნობა" ჩაიდინა, როცა ჯერ ჩეხოვის "თოლიის" ბოლო აქტი დაწერა და დრამა დეტექტივად აქცია, შემდეგ კი შექსპირსად "შეეშველა" დანიის პრინცის სევდიანი ისტორიის კიდევ უფრო დასევდიანებაში...თუმცა, აკუნინის პირმშოთაგან ყველაზე დიდი სიყვარულით მაინც ერასტ ფანდორინი სარგებლობს, რომელსაც ვერ შეედრება აკუნინის კიდევ ერთი გმირი-დეტექტივი მონაზონი პელაგეა. ფანდორინის პოპულარობას ისიც მოწმობს, რომ მეორე თვეა რადიო "მაიაკით" გრძელდება "დიდი აკუნინური თამაში" – ყოველ კვირას თამაშში მონაწილემ პასუხი უნდა გასცეს კითხვას აკუნინის რომანიდან. გამარჯვებული ინგლისის - ფანდორინის საყვარელი ქვეყნის – ერთკვირიან საგზურს მოიგებს.

წამყვანი:
ბორის აკუნინისა და მისი ნაწარმოებების შესახებ თამარ ჩიქოვანი მოგითხრობდათ. ახლა კი გადავინაცვლებთ ქვეყანაში, რომლის საგზურის მოგებას ამ დღეებში არავის ვუსურვებ.

[მუსიკა]

წყალდიდობა ცენტრალურ ევროპაში

წამყვანი:
მელოდია, რომელსაც ახლა ისმენთ, არის ნაწყვეტი ჩეხი კომპოზიტორის, ბედჟიხ სმეტანას სიმფონიური ნაწარმოებიდან ”ჩემი მამული”, უფრო ზუსტად, მისი II ნაწილიდან სახელწოდებით ”ვლტავა” და მუსიკალურად აღწერს მდინარე ვლტავის დინებას. ბედჟიხ სმეტანა ჩვენს თვალწინ გადაშლის მშვენიერ ლანდშაფტს, წყაროს, რომელიც ბოჰემიის ტყეში მორაკრაკებს, თანდათან ძალას იკრებს და დიდებული პრაღის მშვენებად იქცევა. საუკუნეზე მეტია, რაც ჩეხებს ეს მელოდია თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ხანგრძლივ ნატვრას ახსენებს, მათ სიხარულითა და სიამაყით აღავსებს. ყოველ შემთხვევაში, ასე იყო ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ – ბოლო დღეებში კი სმეტანას სახელგანთქმული კომპოზიცია ნამდვილად არ იწვევს რომანტიკულ ასოციაციას.

ვლტავის ნაპირებზე გადაშლილი დასახლებების, მათ შორის პრაღის მკვიდრნი, შეშფოთებული შესცქერიან აბობოქრებულ მდინარეს, რომელშიც წყლის დონემ ზოგ ადგილას 8 მეტრით მოიმატა: როგორც უკვე ვიუწყებოდით, ჩეხეთის დედაქალაქში ვლტავა კალაპოტიდან გადმოვიდა და მრავალი საცხოვრებელი რაიონი დატბორა. დაზარალდა პრაღის ისტორიული ცენტრი, რომელიც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს იზიდავს. ასე რომ არ გაუმართლა იმას, ვისაც პრაღაში სტუმრობა წყალდიდობის დროს მოუხდა: მაგალითად, ირლანდიელი ადამ გრინი მეუღლესთან ერთად გაასახლეს პრაღის ცენტრში მდებარე სასტუმროდან. ირლანდიელ ტურისტებს ჩვენი რადიოს კორესპონდენტი, ჯოლიონ ნეგელე გამოელაპარაკა 14 აგვისტოს (როცა პრაღაში წყალდიდობამ თავის პიკს მიაღწია) და ადამ გრინისაგან აი, ეს შეიტყო: [ადამ გრინის ხმა] ”გუშინ გაირკვა, რომ წყალდიდობის გამო საჭირო იყო ჩვენი ევაკუაცია. გადაგვიყვანეს ადგილობრივი სკოლის შენობაში. გუშინ ევაკუაცია ჯერ კიდევ იშვიათად ხდებოდა, მაგრამ დღეს, როგორც ვხედავ ბევრს უხდება ადგილსამყოფელის მიტოვება, ხალხი გადაღლილია. ვისაც ბავშვი ჰყავს, ალბათ განსაკუთრებით უჭირს. მაგრამ, რას ვიზამთ- აქაურებს პრაღაში სახლები აქვთ და მათი მდგომარეობა ჩვენზე გაცილებით უარესია”.

მართლაც, როგორც პრაღის ერთ-ერთ საევაკუაციო ცენტრში დასაქმებული მოხალისე, იან ფალტუსი ამბობს, ევაკუირებულთა უმრავლესობას ადგილობრივი მოსახლეობა შეადგენს: [იან ფალტუსის ხმა]”ისინი პრაღელები არიან, უმეტესწილად ხანდაზმული, 60 გადაბიჯებული ადამიანები, რომლებიც უზარმაზარ ოთახში მოვათავსეთ. მთელი ოთახი გადაჭედილია”.

აი, რას ამბობს ქალბატონი ჰრნჩირიკოვა, რომელიც საევაკუაციო ცენტრში 14 აგვისტოს მოათავსეს: [ჰრნჩირიკოვას ხმა] ”აქ დილიდანა ვარ. 6 საათზე გამოგვიცხადეს, რომ შინიდან უნდა წავსულიყავით. მე ცენტრში, რევოლუჩნიზე ვცხოვრობ და არ ვიცი, რა მოგველის. აქ გვივლიან, წვნიანს, ჩაის გვირიგებენ. ასე რომ, ყველაფერი რიგზეა, უბრალოდ არ ვიცით, კიდევ რა მოხდება.”

სულ, პრაღაში ევაკუირებულთა რიცხვი 50 000 აღწევს და მათგან ბევრი შიშობს, რომ უპატრონოდ დატოვებული ბინები ბოროტმოქმედებს მიიზიდავს. ამიტომ არის, რომ ყოველ მიტოვებულ შენობას პოლიციელები ან სამხედრო მოსამსახურეები იცავენ – როგორც ჩანს, წარმატებით, ვინაიდან ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ შპიდლას მიერ ოთხშაბათს გაკეთებული განცხადებით: [ვლადიმირ შპიდლას ხმა] ”დღეს იუსტიციის მინისტრმა გამოაცხადა, რომ როგორც გენერალური პროკურორი ადასტურებს, კრიმინოგენული მდგომარეობა არ შეცვლილა. არ აღრიცხულა წყალდიდობასთან დაკავშირებული ბოროტმოქმედების არც ერთი შემთხვევა”.

პრაღის მოსახლეობას და სტუმრებს მაინც ბევრი თავსატეხი დაგვიგროვდა: წყალი მეტროს 8 სადგურშია შეჭრილი, რამდენიმე რაიონში შეწყვეტილია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, ხიდების უმრავლესობა გადაკეტილია. ასე რომ, იმათთვის, ვინც ვლტავის ერთ ნაპირზე ცხოვრობს და მეორეზე მუშაობს, სამსახურში გამოცხადება, ლამის, გმირობის ტოლფასია. თუმცა, ტრანსპორტზე წუწუნი ნამდვილად არ გვამრთებს, როცა ვიცით, რომ 200 000-ზე მეტი ადამიანი გახდა იძულებული, მიეტოვებინა თავისი სახლი და რომ სტიქიამ სულ ცოტა 9 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ეს ჩეხეთში – ამ დღეების მართლაც კატასტროფული წყალდიდობა კი, მოგეხსენებათ, მხოლოდ ჩეხეთით არ შემოიფარგლება. ის კი არა ევროპის ზოგ რეგიონში მდგომარეობა დღითიდღე უარესდება: თუ პრაღაში წყლის დონე უკვე ორი დღეა, საბედნიეროდ, განუწყვეტლივ კლებულობს, დრეზდენში მდინარე ელბის ადიდებით გამოწვეული კრიზისი სულ უფრო მწვავდება. პარასკევს დილით წყლის დონე ამ ქალაქში თითქმის 9 მეტრით იყო მომატებული და საათში დაახლოებით 4 სანტიმეტრით იწევდა. დატბორილია ქალაქის ისტორიული ცენტრი, დიდებული სასახლე ”ცვინგერი”, სადაც დრეზდენის სახელგანთქმული გალერეაა განთავსებული, ხოლო თბილისის დროით, დაახლოებით 10 საათზე დაიწყო ქალაქის დამატებით 4 საცხოვრებელი რაიონის ევაკუაცია. როგორც დრეზდენიდან გერმანიის ტელევიზიის კორესპონდენტი ტორსტენ შვანკე იუწყება: [ჩანაწერი გერმანიის ტელევიზიიდან] ”გუშინ ნაშუადღევს მანქანით მოვდიოდი დრეზდენში და ავტოტრასაზე ჟრუანტელისმომგვრელი სცენების მოწმე გავხდი: გერმანიის სხვადასხვა კუთხიდან წამოსული სასწრაფო დახმარების მანქანების უზარმაზარი კოლონები დრეზდენისკენ მიემართებოდნენ, ხოლო საწინააღმდეგო მიმართულებით ასე 10-20-მანქანიან კოლონებს საავადმყოფოებიდან და ხანდაზმულთა სახლებიდან ევაკუირებულები მიჰყავდათ გერმანიის სხვა ქალაქებში. ამასობაში წყლის დონე სულ უფრო მატულობს, ძალიან კრიტიკული მდგომარეობაა.”

სულ რამდენიმე დღის წინ გერმანიის სხვადასხვა კუთხიდან ჩასული მაშველები ქალაქ პასაუშიც მუშაობდნენ, და5 როგორც გერმანიის ტელევიზიიდან შემთხვევით შევიტყვეთ, მაშველებს შორის ქართველებიც იყვნენ. ჩვენ, რასაკვირველია, დავინტერესდით ამ ინფორმაციით და ბერლინში საქართველოს საელჩოს, კერძოდ თავდაცვის ატაშე ხვიჩა გუჯეჯიანს დავუკავშირდით. მისი მეშვეობით კი შევიტყვეთ, რომ გერმანიის არმიის - ”ბუნდესვერის”- იმ სამხედრო მოსამსახურეებს შორის, ვინც პასაუში საგანგებო ოპერაციაში მონაწილეობდა, იმყოფებოდა ორი ქართველი - თევდორე პაპავა და კახაბერ სოხაძე. ხუთშაბათს უმცროსმა სერჟანტმა კახაბერ სოხაძემ, რომელიც მერვე თვეა, გერმანიაში სამხედრო განათლებას იღებს, ტელეფონით გაგვიზიარა თავისი შთაბეჭდილებები:

[იხ. აუდიო ვერსია]

ეს იყო საუბარი კახაბერ სოხაძესთან, რომელსაც პრაღიდან გერმანიაში ტელეფონით დავუკავშირდით. რაც შეეხება ისევ პრაღას, აქ უკვე გადავიდნენ საუკუნის უდიდესი წყალდიდობთ გამოწვეული ზარალის შეფასებაზე, ქუჩებისა და შენობების დასუფთავების თუ რემონტის დაგეგმვაზე: მოკლედ, ნორმალიზაციის გზას ვადგავართ. ისღა დაგვრჩენია, მომხდარს შევეგუოთ და იმედი ვიქონიოთ, რომ ვლტავა კალაპოტს დაუბრუნდება, რათა ისევ ჩაეწეროს ბედჟიხ სმეტანას მიერ აღწერილ რომანტიკულ ლანდშაფტში: ისევ იქცეს ოქროს პრაღის მშვენებად.

[მუსიკა]

ახლა ევროპიდან ამერიკაში გადავინაცვლებთ და რომანტიკული ჰანგების მაგივრად – როკენროლს მოვუსმენთ.

[მუსიკა- სიმღერას “Tutti Frutti” ელვის პრესლი ასრულებს]

ელვის პრესლის გარდაცვალების 25 წლისთავი

წამყვანი:
16 აგვისტო ამერიკელთა მთელი თაობების მეხსიერებაში არის აღბეჭდილი, როგორც ცოცხალი მითის დასასრულის დღე. ამ დღეს გარდაიცვალა ”როკენროლის მეფედ” შერაცხული ელვის პრესლი, რომელიც ზუსტად 25 წლის წინ იპოვეს მკვდარი საკუთარ ვილაში. თუმცა სიკვდილზე, ყოველ შემთხვევაში, დასასრულზე ლაპარაკი ალბათ მთლად სწორი არ იქნებოდა ადამაინზე, რომელიც დღემდე რჩება მილიონობით თაყვანისმცემელთა კერპი. ახლახან ტელეკომპანია ABC-ს მიერ მოწყობილ წარმომადგენლობით გამოკითხვაში გამოჩნდა, რომ ყოველი ათი ამერიკელიდან 4 ელვისს მიიჩნევს როკენროლის უდიდეს შემსრულებლად. ათიდან ცხრა კი ფიქრობს, რომ მან განუმეორებელი როლი შეასრულა ამერიკული კულტურის განვითარებაში. ელვის პრესლის ბიძინა რამიშვილი გაიხსენებს.

ბიძინა რამიშვილი:
ამდენი ხალხი ”გრეისლენდს”, ელვის პრესლის სახლს მემფისში, არასოდეს უნახავს. რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი შეიკრიბა თავიანთი კერპისთვის პატივის მისაგებად და იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ განეცადა ამ მომაჯადოებელ, მითად ქცეულ ადამიანთან სიახლოვე.
ძლიერი წვიმის მიუხედავად სანთლებით ხელში იდგნენ, ლოცულობდნენ, ტკივილისა და სიხარულის ცრემლს ღვრიდნენ. ხუთშაბათს ხალხში ხმა დაირხა, ელვისი იზრუნებს იმაზე, რომ არ იწვიმოსო. მაგრამ პარასკევს მაინც გაწვიმდა და ვიღაცამ თქვა, ეს ელვისი ტირის ჩვენთვისო.

მითი ელვისის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე უფრო სტაბილური და ძლიერი მითი აღმოჩნდა მეოცე საუკუნის 50-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე. მის თაყვანისმცემელთა რიცხვი მილიონობით განიზომება. მისი გავლენა დღემდე ჟღერს მრავალი მუსიკოსის შემოქმედებაში, მის გარეშე, უბრალოდ, წარმოუდგენელია ამერიკული პოპკულტურა, ალბათ, საერთოდ, ამერიკა. და არა მხოლოდ ამერიკა.

როგორც ხუთშაბათს მემფისში გამართული სემინარის დამსწრეთ აღნიშნეს, ელვის პრესლის მიმართ ინტერესი ტალღისებურად მატულობს და კლებულობს. 11 სექტემბრის მოვლენების შემდეგ ამერიკელები უფრო მეტად ეწაფებიან საკუთარ, ამერიკულ ღირებულებებს და ეს ელვისის მიმართ დამოკიდებულებაშიც შეინიშნება. ამას ზემოხსენებული გამოკითხვაც მოწმობს.

ელვის პრესლი არ ყოფილა მებრძოლი, რევოლუციონერი, თუმცა არაერთხელ ცდილან მის ასეთად წარმოდგენას. მაგრამ მისმა მუსიკამ და მისმა პიროვნებამ დიდი დაღი დაასვა ამერიკულ პოპკულტურას, ბევრი რამ შეცვალა როგორც მუსიკაში, ისე თავად საზოგადოებაში.
ელვისის ბიოგრაფია თითქოს ზედგამოჭრილია ზღაპრის პერსონაჟისთვის და, ამდენად, მისი მითად, ამერიკულ მითად ქცევა ძნელი საქმე არ ყოფილა.

იგი 1935 წელს დაიბადა მისისიპის შტატში ერთობ ხელმოკლე ოჯახში. შემდეგ ოჯახი გადავიდა ტენესის შტატში, ქალაქ მემფისში. მისი მუსიკალური სტილი სწორედ მემფისში ჩამოყალიბდა. ელვისი იმდროინდელი პოპიდან, ქანთრიდან, გოსპელიდან და რითმ ენდ ბლიუზიდან ამოიზარდა. მუსიკალური კარიერა ჯერ კიდევ თინეიჯერმა დაიწყო 1954 წელს. ერთი წლის შემდეგ კი უკვე ცნობილ ხმის ჩამწერ ფირმა RCA Victor-თან დადო კონტრაქტი. 1956 წელს ელვისი თითქოს თვალის დახამხამებაში იქცა საერთაშორისო ვარსკვლავად. შემდეგ კი... შემდეგ კი იყო თავბრუდამხვევი წარმატებების ორი ათწლეული, რომლის ექო ჯერაც არ შეწყვეტილა.

ელვის პრესლის ფენომენი სტატისტიკის და რეკორდების მოყვარულთათვისაც მადლიერი სფეროა. როგორც ვარაუდობენ, თავისი საკმაოდ ხანმოკლე მუსიკალური კარიერის მანძილზე მან ერთ მილიარდზე მეტი ფირფიტის გაყიდვა შეძლო. მარტო ამერიკაში 131 სხვადასხვა ალბომს და ცალკე სიმღერას მიენიჭა ოქროს, პლატინის ან მულტიპლატინის დისკის წოდება. მისი სიმღერები ჰითლისტებში სარეკორდო ხნის მანძილზე იყო საუკეთესოთა შორის. ელვისი თოთხმეტჯერ დაჯილდოვდა გრემით. ერთ-ერთი მათგანი ცხოვრების ღვაწლისთვის მიენიჭა 36 წლის ასაკში. გაყიდული ბილეთების რაოდენობით მას ეკუთვნის რეკორდები ამერიკის მთელ რიგ უდიდეს საკონცერტო დარბაზებში. საინტერესოა, რომ ელვის პრესლი ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანია გარდაცვლილთა შორის. მისი კომპაქტ დისკებისა და ლიცენზიების გაყიდვით შემოსული თანხა მარტო განვლილი ერთი წლის მანძილზე 37 მილიონ დოლარს უდრიდა. შედარებისთვის: მეორე ადგილზეა ამერიკელი კომიკსების მხატვარი ჩარლზ შულცი 28 მილიონი დოლარით, მესამე ადგილზე გასულ პოპმუსიკოს ჯონ ლენონის მემკვიდრეებს კი 20 მილიონი დოლარი ერგოთ.

სხვათა შორის, ელვისის მთავარი მემკვიდრე, მისი 34 წლის ქალიშვილი ლაიზა მარი, ამ დღეებში გაჰყვა ცოლად ჰოლივუდის ვარსკვლავს, ნიკოლას კეიჯს. რაც შეეხება ელვის პრესლის მუსიკალურ მემკვიდრეობას, - რაც უნდა გაცვეთილად ჟღერდეს – იგი მართლაც ყველას ეკუთვნის.

[მუსიკა]
წამყვანი:
თქვენ მოისმინეთ ყოველკვირეული რადიოჟურნალი ”მეათე სტუდია”, რომელიც პრაღაში მოამზადეს თამარ ჩიქოვანმა, ბიძინა რამიშვილმა და მარიამ ჭიაურელმა. რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროში ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. გემშვიდობებით ელვის პრესლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჩანაწერით: სიმღერით ”Love me Tender”. მომავალ შეხვედრამდე რადიო თავისუფლების ეთერში!
XS
SM
MD
LG