Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი თბილისს ასლან მასხადოვთან კავშირში ადანაშაულებს


რუსეთის ხელისუფლება მიზეზს არ უშვებს ხელიდან, რათა საქართველო ტერორისტების მფარველ ბუდედ წარმოაჩინოს. პანკისიდან ჩეჩნეთში ბოევიკების თითქოსდა გადასვლის გამო მოსკოვის

მწვავე რეაქციის ოდნავი მინელების შემდეგ, ახალმა ისტორიამ იჩინა თავი, რომელსაც უმალვე მოჰყვა რუსეთის საგარეო უწყების საპროტესტო ნოტა. პარალელურად მოსკოვი პანკისის ხეობაში სამხედრო ოპერაციის განსახორციელებლად რუსეთის მოსახლეობის აზრის მომზადებას ცდილობს და სოციოლოგიურ გამოკითხვებს ატარებს.

15 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქართულ მხარეს ნოტა გამოუგზავნა, რომელშიც ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ჩეჩნეთის რესპუბლიკა – იჩქერიის ვიცე-პრეზიდენტის ახმედ ზაკაევის განცხადებაზე დაყრდნობით გამოქვეყნებულ ცნობას, რომლის მიხედვითაც საქართველოს ხელისუფლებასა და ჩეჩნეთის პრეზიდენტ ასლან მასხადოვს შორის კონტაქტი ყოველთვის იყო და რომ ეს კავშირები საქართველოში იჩქერიის წარმომადგენლობის წყალობით ხორციელდება.

ნოტის მეშვეობით მოსკოვი თბილისისგან საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნებული ინფორმაციის განმარტებას ითხოვს, იმის გათვალისწინებით, რომ ასლან მასხადოვზე ფედერალური და საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულებათა გამო.

რუსეთის მხარე ასევე მოითხოვს „იჩქერიის წარმომადგენლობის“ უკანონო საქმიანობის აღკვეთას. რუსეთის საგარეო უწყების დასკვნით, ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1373-ე ანტიტერორისტული რეზოლუციის მოთხოვნებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი კახა სიხარულიძე მოსკოვის საპროტესტო ნოტას 16 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა.

[სიხარულიძის ხმა] „რა თქმა უნდა, არანაირი კონტაქტები საქართველოს ხელისუფლებას ბატონ მასხადოვთან არც ჰქონია, არც აქვს, არც ექნება. ამიტომ ეს არის აბსოლიტური აბსურდი ის ბრალდება – ფაქტიურად ბრალდება, – რაც გუშინ ჩვენ ჩვენმა რუსმა კოლეგებმა წამოგვიყენეს.“

კახა სიხარულიძე მოსკოვის ნოტას უპასუხისმგებლოს უწოდებს, რადგან ის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს ეყრდნობა და არა ოფიციალურ ცნობებს. ასევე სიხარულიძე ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საგარეო უწყების მიერ მოსკოვისათვის გაგზავნილ ნოტაზე, რომელიც ჯერჯერობით პასუხგაუცემელია. თბილისი ოფიციალურ განმარტებას მოითხოვს არა პრესის პუბლიკაციებზე, არამედ აფხაზეთში რუსი სახელმწიფო მოხელეების ვიზიტზე, რომელიც ოფიციალური თბილისის გვერდის ავლით მოეწყო.

რაც შეეხება „იჩქერიის წარმომადგენლობას“, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უარს აცხადებს პასუხი აგოს არარსებული ორგანიზაციის საქმიანობაზე და დასძენს, რომ მოსკოვში ფუნქციონირებს ეგრეთ წოდებული აფხაზეთის წარმომადგენლობა, რომელთანაც კრემლი აქტიურად თანამშრომლობსო.

საგარეო უწყება რუსეთში ჩატარებულ სოციოლოგიურ გამოკითხვასაც ეხმაურება. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რუსეთის მოქალაქეთა 37 პროცენტი თვლის, რომ მოსკოვმა პანკისის ხეობაში სამხედრო ოპერაცია არ უნდა განახორციელოს, 25 პროცენტი საქართველოსთან შეთანხმებით, ხოლო 20 კი შეთანხმების გარეშე პანკისში სამხედრო მოქმედებების დაწყების მომხრეა.

[სიხარულიძის ხმა] „ამ გამოკითხვას მე შემიძლია სხვა სახელი დავარქვა, ეს არის მოწოდება ომისაკენ და ძიება რუსეთის ფედერაციაში, რუსულ საზოგადოებაში თუ ვინ არის ომის მომხრე. ნებისმიერ ცალმხრივად გადადგმულ ნაბიჯს ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლება განიხილავს ანექსიად, ანექსიის მცდელობად და თავდასხმად სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ.“

თუ ისევ გამოკითხვის შედეგებს დავუბრუნდებით, ის ქართული მხარისთვის დამაიმედებლად გამოიყურება, რადგან რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი საქართველოს მიმართ საკუთარი ხელისუფლების აგრესიულ პოლიტიკას ნაკლებად იზიარებს.
XS
SM
MD
LG