Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მორიგი დარბევა რელიგიური ნიშნით


დავით პაიჭაძე, თბილისი ზუსტად ერთი კვირის წინ ჩვენს გადაცემაში პარალელი გავავლეთ საქართველოში რელიგიურ უმცირესობათა დარბევებსა და ცარისტულ რუსეთში ებრაელთა “პოგრომებს” შორის.

ხუთშაბათსა და პარასკევს, კასპის რაიონში, იეჰოვას მოწმეთა რელიგიური ჯგუფის წევრები კიდევ ერთხელ გახდნენ დარბევისა და ძალადობის მსხვერპლი. მოძალადენიც, ტრადიციულად, საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი პერსონაჟები იყვნენ. უსაქმოდ არ დარჩენილა პოლიციაც – მას, ასევე წესისამებრ, დამკვირვებლისა და მოძალადეთა თანამგრძნობის როლი ერგო.

საქართველოს მოქალაქენი თანდათან ეჩვევიან იმას, რაც ჩვენი ქვეყნის სირცხვილი გახდა, – საჯარო და დაუსჯელ ძალადობას რელიგიური ნიშნით. ჩვენს თვალწინ უკვე ჩამოყალიბდა სამი ძირითადი პესრონაჟი: მსხვერპლი, ჯალათი და მსაჯული, რომელიც ყოველთვის ჯალათის მხარესაა. ასე იყო გორსა და კასპში ხუთშაბათსა და პარასკევს: პოლიციამ არაფერი იღონა მოქალაქეთა დასაცავად, არადა, ჯერ იცოდა, რომ ძალადობა იყო მოსალოდნელი, მერე კი ხედავდა ამას. მეტიც, უშანგი ბუნტურის ეზოში გადამწვარ სკამებსა და სცენას, ანუ მიყენებულ ზარალს პოლიცილებმა თავისი დაუმატეს. ჯერ იყო და, როცა გაიგეს, რომ გადაწვის მიუხედავად, იეჰოვას მოწმეები შეკრების ჩატარებას მაინც აპირებდნენ[თვითმხილველ მანუჩარ ციმინტიას ხმა], “პოლიცია მოვიდა და უთხრა, რომ ვერ დაგიცავთო. მათ შორის იყო სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე, რაიონის პოლიციის უფროსი რამაზ გოგიაშვილი. ბუნტურს ძალით აწერინებდნენ ხელს ოქმზე – მე მაქვს ეს ოქმი, – სადაც სამართალდამცავი სტრუქტურა იხსნის პასუხისმგებლობასა და უფლებამოსილებას ადამიანის დაცვაზე და უშანგი ბუნტურსა და მის თანამორწმუნეებს აკისრებენ პასუხს შესაძლო ინციდენტის გამო. იქ იყო რაიონის პროკურორი ხაბაშვილი, რომელიც ყველას თვალწინ ყვიროდა, არავის არ შემოვუშვებთ, არავითარი კონგრესი არ ჩატარდება და გზებს გადავკეტავთო. ეს რომ გააკეთეს, ბუნტურს ძალით მოაწერინეს ხელი ოქმზე, მაგრამ მან გააკეთა შენიშვნა, რომ გაეცნო ამ ოქმს და არ ეთანხმება”. ეს განმიცხადა იურისტმა მანუჩარ ციმინტიამ, რომელიც მთელი გუშინდელი დღე შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.

მოძალადეთა პარპაში კარგა ხანია გასცდა იმ კალაპოტს, რომელშიც მკალავიშვილის ჯგუფი და რუსთავის “ჯვარი” მხოლოდ რელიგიურ უმცირესობებს ერჩის. უშანგი ბუნტურის ეზო-კარის დარბევის გარდა, რელიგიურმა ექსტრემისტებმა საავტომობილო ტრასასაც მიაშურეს. მანუჩარ ციმინტიამ ასე აღწერა მათი ქმედებები [ციმინტიას ხმა]: “სანამ მოვიდოდნენ 10 საათამდე და მას მერეც (იგულისხმება დარბევა ბუნტურის ეზოში – დ.პ.) ბასილისტები ორგანიზაცია “ჯვრის” წევრებთან ერთად იდგნენ იგოეთთან, აკონტროლებდნენ და აჩერებდნენ მანქანებს, საბარგულებს ხსნიდნენ, ამოწმებდნენ, ვინც პირჯვარს არ გადაიწერდა, შეურაცხყოფდნენ; დანარჩენებს ატარებდნენ. დღეს (ანუ პარასკევს – დ.პ.) დილიდან იგივე გააგრძელეს: 7 საათიდან გადაკეტეს იგოეთი, პოლიცია ეხმარებოდა, პოლიცია ფეხით მოსიარულეებსაც კი არ უშვებდა და დელეგატები როგორღა მოვიდოდნენ. ბევრი დააკავეს”.

საზოგადოების გულგრილობას მისი წევრების წინააღმდეგ მიმართული აგრესიისადმი ლოგიკურად მოსდევს აგრესორთა გაძლიერება: როგორც ხედავთ, ისინი ცდილობენ რაღაც რელიგიური ცენზურის მსგავსი ნორმები დააწესონ. მოძალადეთა გვერდით დგას ხელისუფლება, მისი მთავარი დასაყრდენის, პოლიციის სახით. მოძალადეთა პოტენციური მსხვერპლი კი ხვალ არა მხოლოდ იეჰოვას მოწმეები, არამედ ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება გახდეს.
XS
SM
MD
LG